გაბრიელ ქართველი
გაბრიელ ქართველი – ქართველი მართლმადიდებელი წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 ივლისი, ახალი სტილით - 25 ივლისი. საქართველოს სამოციქულო ეკლესია მასთან ერთად იხსენებს წმინდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეს იოანე ჩორდვანელს.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა გაბრიელ ქართველი ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა, იყო ჭეშმარიტად კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა.
როგორც ვარაუდობდნენ წმინდა გაბრიელ ქართველი, ერისკაცობიდანვე იცნობდა წმინდა იოანე და იოანე-თორნიკეს, ისიც დიდებულთა გვარიდან იყო, წმინდა გაბრიელმა იმდენად განაგდო მისგან ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენც მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მსოფლიოსთვის ცნობილი სასწაულების შესახებ ვიცით მხოლოდ.
ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმინდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.
მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმინდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმნთებარე ხატიც მიუახლოვდა წმინდა გაბრიელს. მან წმინდა ხატი გულზე მიიქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებს და მლოცველებს.
ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენიმეჯერ. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
დღეს ათონის ივერთა მონასტერში ბრძანდება ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება, მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივერონის დამაარსებელი ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც, როგორც ქტიტორებს, ყოველთვის იხსენიებს მთელი ათონის მთა. იქ ყველას უყვებიან საოცარი ქართველი ბერის - გაბრიელის შესახებ, იქვეა ქართველთა საძვალეც, იოანე-თორნიკყოფილის ჯაჭვის პერანგი და უამრავი ქართული ხელნაწერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.