თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავი (გ. 985) — ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე ჩორდვანელთა[1] საგვარეულოდან. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს მისი წარმომავლობა დაუკავშიროს ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე თორნიკის საგვარეულოს, თუმცა უცნობია არსებობს თუ არა თორნიკე ერისთავის კავშირი თორნიკის საგვარეულოსთან[2]. ქართლის სპასპეტი, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ერისკაცობაში კარინის (სამხრეთი ტაო) მხარეს განაგებდა, რა დროსაც მისი ინიციატივით კარინის მონასტერში ქართული სკრიპტორიუმი შეიქმნა.[1]
ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასეს დიდ ლავრაში მოღვაწეობდა. 979 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.
დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომელმაც სძლია სკლიაროსს და ხელთ იგდო დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978) და კირილე I-ის თხზულების — „განძის“ 981 წლის ნუსხა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 695.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ჩორდვანელები// ჩორჩანელები
- ↑ Tornikios family, The Tornikios Family in the Middle Byzantine Period. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 2020-03-10.