ბულა (საბეჭდავი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბულა (ლათ. bulla, „მრგვალი ბეჭედი“, სიტყვასიტყვით „ბურთულა“) — შუა საუკუნეებში შეკიდული ბეჭედი, რომლითაც მოწმდებოდა სახელმწიფო და საეკლესიო ხასიათის სიგელები, აქტები და სხვა საბუთები. შემდეგ ეს სახელი გავრცელდა თვით ამ საბუთებზეც. ამავე მნიშვნელობით „ბულა“ გამოიყენება ასევე რომის პაპის განსაკუთრებული მნივნელობის ეპისტოლეების აღსანიშნავად. ბულებს სწავლობს სფრაგისტიკა.

პაპ გრიგოლ IX-ის (1227-1241) ბულა

ბულა წარმოადგენდა პლასტიკური ლითონის (ჩვეულებრივ, ტყვიის) ან სხვა მასალის (მაგალითად, ცვილის) მრგვალ ფირფიტას, რომლის ორივე ზედაპირზე განსაკუთრებული ხელსაწყოთი დაჭდეული იყო გამოსახულებები. რომის პაპის ბულის შუბლზე გამოსახული იყო პეტრე და პავლე მოციქულების თავები, ზურგზე კი — პაპის სახელი და სიტყვები: „უფლის მონათა მონა“ (Servus servorum Dei). განსაკუთრებული მნიშვნელობის საბუთებს ოქროს ბულით ამკობდნენ. ბიზანტიის იმპერიაში მათ „ხრისობულოსი“ (ოქრობეჭდები) ერქვა.

საქართველოში ბულის აღმოჩენის შემთხვევები იშვიათია. აქედან ცნობილია:

  • 1954 წელს ბიჭვინთაში აღმოჩენილი VIII საუკუნის ტყვიის ბულა, რომელიც აბაზგიის მთავარს კონსტანტინეს (კონსტანტინე I ან კონსტანტინე II) ეკუთვნოდა. მის შუბლზე მოთავსებულია ბერძნული ზედწერილი „კონსტანტინოს“, ხოლო ზურგზე — „აბასგიას“.
  • 1960 წელს ბიჭვინთაში აღმოჩენილი ადრინდელი შუა საუკუნეების ბულა, რომლის შუბლზე წმინდა სოფიოს გამოსახულებაა, ხოლო ზურგზე — ბერძნული ზედწერილი „თეოდორუ ეპისკოპუ“ (ე. ი. „თეოდორე ეპისკოპოსისა“).

ფართო მნიშვნელობით არქეოლოგიაში ბულა ეწოდება ნებისმიერი მასალის გუნდას, რომელზედაც შერჩენილია საბეჭდავების ანაბეჭდი. ასეთი ბულა იხმარებოდა სანოვაგიანი ჭურჭლის და სხვა ნივთების დასაბეჭდად. ძვ. წ. IV ათასწლეულის თიხის ბულა აღმოჩენილია არახლოს გორაზე, I საუკუნის და V–VI საუკუნეების თიხის ბულები — დედოფლის გორაზე, ხოლო IV–VII საუკუნეების სასანური საბეჭდავების ანაბეჭდებიანი თიხის ბულები — ურბნისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დუნდუა გ., გაგოშიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.