არახლოს გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არახლოს გორა, ნახიდური — მრავალფენიანი ნამოსახლარი ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურთან (ყოფ. არახლო[1]), მდინარე ხრამისა და მაშავერის შესართავთან, სოფლის სამხრეთით 1,5 კმ-ზე, წარმოადგენს 100-150 მ დიამეტრისა და 5 მ სიმაღლის ხელოვნურ ბორცვს, რომელიც ერთ ადგილზე ადამიანთა ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად წარმოქმნილა. ძეგლი წოფი-სიონის ტიპის ნამოსახლარებთან ერთად შულავერ-შომუთეფეს კულტურის შემდგომ საფეხურს განეკუთვნება.

არქეოლეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1966–1986 (ხელმძღვანელი ტ. ჩუბინაშვილი, დ. გოგელია). გორაკზე დადასტურებულია შულავერ-შომუთეფეს ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის (ძვ. წ. VI–V ათასწლეულები) 7 ჰორიზონტი. I–VI ჰორიზონტებზე გამოვლენილია წრიული გეგმის, ალიზით ნაგები საცხოვრებელი ნაგებობები, რომელთაგან თითოეული ასეთივე მოყვანილობის 2 ან 3 სამეურნეო ნაგებობასა და სამეურნეო ეზოსთან ერთადერთ საცხოვრებელ კომპლექსს ქმნიდა და სამოსახლოს ცენტრალური მოედნის გარშემო იყო განლაგებული. ზედა ჰორიზონტზე დადასტურებულია ოთხკუთხა ნაგებობაც. VII ჰორიზონტი წარმოდგენილია ნიადაგში ჩაჭრილი ოვალური ნახევარმიწურებითა და თავდაცვითი თხრილით. ძეგლზე აღმოჩნდა ამ პერიოდის 6 სამარხი: 3 ორმოსამარხი ბორცვის კულტურულ ფენებში, 3 ქვაყრილიანი ორმოსამარხი ნამოსახლარის გარეთ. არახლოს გორაზე წარმოდგენილი ახალი წარმოებითი მეურნეობის ფორმები – მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, უკვე ჩამოყალიბებულია და საკმაოდ მაღალ დონეზეა. აქვე დადასტურებული და განსაზღვრულია სხვადასხვა კულტურული მცენარის ნაშთები: რბილი ხორბალი – Triticum aestivum, ასლი ანუ ორმარცვალა ხორბალი – Tricum dicoccum, ქონდარა ხორბალი – Triticum compactum, გვაწა-ზანდური ანუ ცალმარცვლა ხორბალი – Triticum monococcum, მახა – Triticum macha, ძველი კოლხური ასლი – Triticum paleocolchicum, სპელტა – Triticum spelta, ღომი – Setaria italica, სხვადასხვა ქვესახეობის ქერი (ორმწკრივა, მრავალმწკრივა, კილიანი, შიშველთესლიანი) – oreum sativum და სხვ. ოსტეოლოგიური მასალის მიხედვით ირკვევა, რომ მოშინაურებული ჰყოლიათ ძროხა, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი.

არახლოს გორის შვიდივე ჰორიზონტზე აღმოჩნდა კერამიკული ნაწარმი: ხელით ნაძერწი არქაული იერის მქონე ქილისებური და კასრისებური ფორმის თიხის ჭურჭელი, აგრეთვე მცირე ზომის კოჭბები და ჯამები, იშვიათად გვხვდება წითლად შეღებილი ან მოხატული კერამიკული ნაწარმი. ჭურჭლის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა რელიეფური ორნამენტითაა შემკული. მრავალფეროვანია სამეურნეო დანიშნულების რქისა და ძვლის იარაღი, ობსიდიანისა და კაჟის ნაწარმი. ნაპოვნია ქვის მცირე ზომის 2 ქანდაკება, თიხის რამდენიმე ანთროპომორფული ქანდაკების ფრაგმენტები, სპილენძის 2 ნივთი.

არახლოს გორის ზედა ფენებში გვხვდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდ ანტიკური და ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის ნაშთები (ნაგებობები, სამეურნეო დანიშნულების ორმოები, სამარხები). არახლოს გორის სამხრეთ-დასავლეთით აღმოჩენილია არახლოს გორის II–V ჰორიზონტების თანადროული, შედარებით მცირე ზომის 4 ნამოსახლარი.

არახლოს გორის ჩრდილო-აღმოსავლეთით 600 მ-ზე, გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ყორღნის ყრილის ქვეშ აღმოჩნდა გვიანდელი ენეოლითური ხანის (ძვ. წ. IV ათასწლ. შუა წლები) ნამოსახლარი – არახლო VI. კულტურული ფენის სისქეა 1 მ. აქ აღმოჩნდა სამეურნეო თუ საკულტო ნაგებობების ორმოები, მრავალრიცხოვანი თიხის ჭურჭელი. ძირითადად წარმოდგენილია კასრისებური ფორმის ოდნავ პირგადაშლილი შებერილმუცლიანი ჯამისებური ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ტანზე გამჭოლი ნახვრეტები აქვს. გვხვდება მაღალყელიანი, სფერულმუცლიანი, იშვიათად რელიეფური ორნამენტით შემკული და ირიბი ხაზებით პირდაჭდეული ჭურჭელი. მრავალფეროვანი ქვის ნაწარმი – რიყის ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულები და სათლელები, ობსიდიანის სხვადასხვა დანიშნულების იარაღი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგელია დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 189.
  • Чубинишвили Т. Н., К древней истории Южного Кавказа, т. 1, Тб., 1971;
  • Чубинишвили Т. Н., Кушнарева К. Х., Новые материалы по энеолиту Южного Кавказа, «მაცნე», 1967, № 6

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]