ურბნისის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ურბნისის ნაქალაქარი — ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში. ნაქალაქარის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი ახლანდელ სოფელ ურბნისს უჭირავს; დასავლეთით მდებარე ტერიტორია საუკუნეების განმავლობაში ხელშეუხებელი იყო და ამიტომ გადარჩა ძველი ზღუდის მონაკვეთი და არქეოლოგიური მასალა.

ურბნისის ნაქალაქარზე პირველად 1893 წელს პ. უვაროვამ ამოიღო სასინჯი თხრილები. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში. იქვე ინახება ორი სხვა ნივთიც (პ. ი. შჩუკინის კოლექცია) ურბნისის ნაქალაქარიიდან.

XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან ნ. ბერძენიშვილის თაოსნობით ურბნისში ტარდებოდა გეგმაზომიერი, სისტემატური არქეოლოგიური კვლევა. გათხრებს აწარმოებდნენ ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა (1956 წლამდე) და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციები. 1952 წელს ჩატარდა სადაზვერვო სამუშაოები, ხოლო 1953, 1954, 1965 წლებში (ხელმძღვანელი: გ. ლომთათიძე, მოადგილე პ. ზაქარაია). 1955, 1957 წლებში (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი, მოადგილე პ. ზაქარაია) და 1963 წელს — გათხრები. სულ მოეწყო 11 ექსპედიცია.

ურბნისის ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები, რომლებიც ქრონოლოგიურად ხიზანაანთ გორის სამარხებს უკავშირდება. გამოირჩევა ძვ. წ. VI-V საუკუნეების მდიდრული სამარხები, სადაც აღმოჩნდა მაღალი ოსტატობით დამზადებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები.

ურბნისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემდეგი ძეგლებია: გალავანი (IV-III-ახ. წ. VII საუკუნეები) აბანო (III საუკუნე), მარანი (IV-VII საუკუნეები), წყალსადენი, სამეურნეო წყლის არხები, ბაზილიკა - ურბნისის სიონი (V-VI საუკუნეების მიჯნა), სამრეკლო (XVIII საუკუნე) და სხვა.

გალავანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ურბნისი მდინარე მტკვრის მხრიდან იყო დაცული. დანარჩენი სამი მხრიდან, გაშლილი ვაკის მხარეს, შემოვლებული ჰქონდა ზღუდე. გათხრებმა გამოავლინა ქალაქის გამაგრების სამი პერიოდის სისტემა: ანტიკური ხანის, ადრინდელი ფეოდალურისა და ქალაქის გადაწვის შემდგომი ხანის. ქალაქს ორი მთავარი შესასვლელი ჰქონდა: ერთი ჩრდილოეთით, ცენტრში, დაბლობიდან, ხოლო მეორე სამხრეთით, მტკვრის მხარეს, პატარა ხევიდან (მდინარეში შემორჩენილია ქვის ხიდის ბურჯები).

ანტიკურ ხანაში ქალაქს უვლიდა რიყის ქვით ნაგები სქელი კედელი. ამ კედლის გარე პირი ვერტიკალურია, ხოლო შიდა — დაქანებული. დამწვარი რიყის ქვები მოწმობს, რომ კედელი ძლიერი ხანძრის შედეგად დანგრეულა.

მეორე პერიოდის (VI საუკუნის შუა წლები ან II ნახევარი) კედელი ალიზისაა (0,52x0,52x0,12 მეტრი) კედლის პერიმეტრია 2 კილომეტრი, შემოზღუდული ტერიტორიის ფართობი 23 ჰექტარი, კედლის სისქე 4,5 მეტრი. მიუხედავად დაზიანებისა, შესაძლებელი გახდა გალავნის გეგმის აღდგენა. მდინარის მხარეს 20-25 მეტრი სიმაღლის ფლატეს მხოლოდ კედელი გასდევს. დანარჩენ სამ მხარეს კედელი, ყოველ 60-65 მეტრზე, ჩართულია კოშკი ნახევარწრიული შვერილით. სავარაუდოა მთელ პერიმეტრზე 18 ასეთი კოშკი იყო. მათგან მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეების კოშკები იყო დიდი (5-5 სათავსი), დანარჩენი კი უფრო მომცროა (ორ-ორი სათავსი) კოშკებს ჰქონდათ რადიალურად განლაგებული სამზერები, ხოლო პარაპეტიანი საბრძოლო ქონგურებით შემოსაზღვრულ გალავანს ზევით საბრძოლო ბილიკი გასდევდა.

მესამე პერიოდის (მურვან ყრუს დალაშქვრის შემდგომ) გამაგრების სისტემა წარმოადგენს მიწაყრილს თხრილით. დიდი ხანძრისა და ალიზის კედლების განადგურების შემდეგ კედლის ირგვლივ ამოუღიათ თხრილი (სიღრმე 8-10 მეტრი, სიგრძე 30-40 მეტრი). აქედან ამოღებული მიწით კი ალიზის ზღუდეა დაფარული. ძეგლი დაკონსერვებულია.

აბანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობდა ანტიკური ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. თარიღდება III საუკუნით. მის ნანგრევებს ფარავს მოგვიანო ხანის (VI-VII საუკუნეების) მარანი. აბანო ძირითადად ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შედგება ანფილადურად განლაგებული სამი სათავსისაგან. გეგმა ირეგულარულია. სათავსეები წაგრძელებულია, ბოლოში მომრგვალებული გადახურვა ყველგან კამაროვანი იყო. პირველი სათავსი გასახდელ-მოსაცდელია ცივი აუზით, მეორე თბილი აბანოა, ხოლო მესამე — ცხელი. საქვაბე ცხელი სათავსის გარეთ იყო, დასავლეთით. მიკვლეული მასალა მოწმობს აბანოს ქვედა სართულში კალორიფერების სისტემის არსებობას. აბანო გვიანდელი ანტიკური ხანის ტიპური ნაგებობაა. ძეგლი დაკონსერვებულია.

წყალსადენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალსადენი და სარწყავი არხებით ნაქალაქარი ურბნისის ტერიტორია მარაგდებოდა სასმელი და სამეურნეო წყლით. კირის მკვრივ დუღაბში ჩადგმული წყალსადენის სხვადასხვა ზომის კერამიკული მილების ფრაგმენტები მიკვლეულია ნაქალაქარის მთელ ტერიტორიაზე. საიდან იყო გამოყვანილი სასმელი წყალი დაუდგენელია.

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ურბნისი და მიმდებარე ტერიტორია სამეურნეო წყლით მარაგდებოდა მდინარე ლიახვიდან გამოყვანილი მაღალი საინჟინრო ხელოვნებით ნაგები არხით (სიგრძე 20 კილომეტრი). ამ საირიგაციო სისტემის დიდი ნაწილი დღესაც მოქმედებს. არქეოლოგიური გათხრებით მიკვლეულია სხვადასხვა ხასიათის სამი არხი-გვირაბის ნაშთი.

გვირაბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი გვირაბი აღმოჩნდა დასავლეთით, დეგოთების წისქვილებისაკენ მიმავალ გზაზე (უბანი II). გაითხარა გალავნის ქვეშ გამავალი, დიდი ზომის კარგად გათლილი და ურთიერთს მორგებული ქვითა და კირის ხსნარით ნაგები გვირაბის დაზიანებული ნაწილები (სიგრძე დაახლოებით 13 მეტრი, კვეთი 0,4x0,5 მეტრი) გვირაბიდან გამოსული წყალი ღია ქვის არხში მიედინებოდა.

მეორე გვირაბი (სიგრძე ძირში 0,2 მეტრი, ზემოთ 0,15 მეტრი, სიმაღლე 0,2 მეტრი.) გათხარა ალიზის გალავნის ქვეშ (უბანი XX) კოშკის ჩრდილოეთით. ნაგებია დიდი ზომის აგურით (0,3x0,3x0,06 მეტრი). გვირაბის ძირზე კირის ხსნარზე დაგებულია აგურის ერთი ფენა. კედლები ამოყვანილია აგურის სამ-სამი რიგით, კედლები სიმაღლით ერთმანეთს უახლოვდება და გადახურულია აგურის ორი რიგით. გვირაბი დაქანებულია ქალაქისაკენ. მისი ბოლოები ორივე მხარეს 0,23-0,3 მეტრით გამოშვერილია ალიზის კედლიდან.

მესამე არხი-გვირაბის ნაშთი გაითხარა ნაქალაქარის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. არხი გრძელი ყოფილა (შემორჩენილია 50-60 მეტრის სიგრძეზე). არხის ძირზე დაგებულია გვერდებაკეცილი კრამიტი (სიგრძე 0,41, განიერი მხარი 0,26, ვიწრო 0,16 მეტრი), ხოლო კედლები და გადახურვა ქვის ფილებისაა, დუღაბი — კირის. გვირაბს დაქანება არა აქვს. ამ ნაგებობების დანიშნულება იყო წყლის გატარება ქალაქის გალავნის ქვეშ. ძეგლი დაკონსერვებულია.

ურბნისის სიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურბნისის სიონი დგას ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში. არქეოლოგიური კვლევის დროს (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია) გაიწმინდა ნაწილობრივ მიწით დაფარული ეკლესიის ინტერიერი, აიყარა გვიანდელი აგურის იატაკი, დადგინდა იატაკის თავდაპირველი დონე, გამოვლინდა ბოძებისა და პილასტრების პირვანდელი ბაზისები: იატაკის აყრის შემდეგ აღმოჩნდა რამდენიმე არქიტექტურული ფრაგმენტი (მ. შ. პირვანდელი ეკლესიის რელიეფების ე. წ. ბოლნური ჯვრების ლავგარდნებისა და სხვა ფრაგმენტები) და სამარხები (აგურის აკლდამები, ქვაყუთები); მოიხსნა XIX საუკუნის გაჯის შელესილობა; ტაძრის გარშემო აღმოჩნდა დამატებითი ნაგებობების ნაშთი და სხვ. 1958-1960 წლებში ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ (ხელმძღვანელი რ. გვერდწითელი).

ურბნისის ტაძარი სტილისტური ნიშნებით, აგრეთვე ჩრდილო ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე, V-VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება. აღნიშნულ წარწერაში, რომელიც ერთ-ერთი შეკეთების დროს ჩრდილო ფასადზე ჩაუდგამთ, მოხსენიებულია ეკლესიის მშენებლები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი. აღმოსავლეთ ფასადის ორ ვრცელ ასომთავრულ წარწერაში ნათქვამია, რომ სანახევროდ დანგრეული ტაძარი აღუდგენია ურბნელ „ებისკოპოსს“ თეოდორე ლუკას ძე ვინმე კონსტანტინე მიქელის ძის თანაშეწევნით და ქავთარისა და მისი ოჯახის წევრების დახმარებით. ეს წარწერები ამოუკვეთია ვინმე აბიათარს. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერები შეიძლება დათარიღდეს IX საუკუნის II ნახევრით ან X საუკუნით. სამხრეთ კარის ტიმპანის მხედრულ წარწერაში ქტიტორი, ვახტანგ V-ის მეუღლე, დადიანის ასული მარიამ დედოფალი გვაუწყებს:

ვიკიციტატა
„აღვაშენეთ ძირითურთ აღმოფხვრული ტაძარი…“

ეს მოხდა 1668 წელს. როგორც ძეგლის შესწავლამ გვაჩვენა, ამ დროს ტაძრის აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩაუტარებიათ. არის კიდევ რამდენიმე ცუდად შემონახული წარწერის ფრაგმენტები.

ურბნისის სიონი სამნავიანი ბაზილიკაა (32,1x22,4 მეტრი), მისი გეგმა, სივრცითი გადაწყვეტა და გარე მასები ბაზილიკისათვის დამახასიათებელ მკაფიო ნიშნებს ატარებს. ეკლესიის ინტერიერში და ფასადებზე ნათლად იკითხება პირვანდელი (VI-VII საუკუნეების მიჯნა) და შემდგომი IX საუკუნის II ნახევარი ან X საუკუნე და 1668 წელი) შეკეთება-აღდგენის სამშენებლო ფენები. ადრინდელი ნაწილები ამოყვანილია კარგად გათლილი და უერთიერთმორგებული ქვიშაქვის კვადრებით, ქვები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ რიგების ჰორიზონტალობა დაცულია. მომდევნო პერიოდებში აღსადგენად სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ რიგების ჰორიზონტალობა დაცულია. მომდევნო პერიოდებში აღსადგენად სხვადასხვა ფორმის ქვაა გამოყენებული, წყობა ირეგულარულია; XVII საუკუნეში ტაძრის ზედა ნაწილები მთლიანად, აგრეთვე ბოძებისა და პილასტრების ნაწილი, აგურით აღუდგენიათ და გვერდის ფასადებზე აგურისავე ორ-ორი კონტრფორსი მიუშენებიათ.

ტაძარში სამი შესასვლელია. პირველი სამშენებლო ფენიდან მხოლოდ სამხრეთის შესასვლელზეა შემორჩენილი არქიტრავის ქვის ჩამონატეხები და ნალისებრი ლუნეტის ნაშთი. XVII საუკუნეში ლუნეტი ამოუვსიათ წარწერიანი ქვებით, ხოლო ღიობი დაუვიწროვებიათ. დასავლეთის ულაზათო, მაღალი შესასვლელი გვიანდელია. იგი ქვემოდან ზემოთ არათანაბრად ვიწროვდება. გვიანდელია აგრეთვე ჩრდილოეთის პატარა არქიტრავული შესასვლელი (ამოშენებულია), რომელიც გაჭრილია ჩრილოეთ კედლის აღმოსავლეთ კუთხესთან, სამკვეთლოს წინ.

ეკლესიის ინტერიერში ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოთხი წყვილი, გეგმით ჯვრისებრი ბოძით. ბოძები და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული აგურის საბჯენი თაღები შუა ნავის სივრცეს ხუთ, თითქმის ტოლ მონაკვეთებად ჰყოფს. ნავი გადახურულია აგურის ნახევარწრიული კამარით. ასევე ხუთ მონაკვეთად არის დაყოფილი გვერდის ნავების გარე გრძივი კედლები. აქ ორსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა მეოთხედი წრის ფორმის აგურის კამარის საბჯენი თაღები, ხოლო პილასტრების ქვედა საფეხურის იმპოსტებზე დეკორატიული თაღები გადადის. შუა ნავი, რომელიც ღრმა აფსიდით მთავრდება და ორჯერ განიერია გვერდით ნავებზე. აფსიდი გადაკეთებულია, სავარაუდოა, ნალისებრი იყო მისი კედლის სამხრეთ მხართან იწყება საფეხური, რომელიც თანდათან ვიწროვდება და კედლის ხაზს უსწორდება. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით იყო ამაღლებული. აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ქვეშ დიდი ზომის ტრაპეციული სატრაპეზო ქვა დგას (ეკლესიის გამენდის დროს იგი აფსიდის ჩრდილოეთ პილასტრის წინ იდგა.) აფსიდის სარკმელი მაღალია, ერთ მთლიან ქვაშია გამოჭრილი, აგურის თაღი აქვს და შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. თითო ასეთივე სარკმელია სამივე ნავში, დასავლეთით (შუა მკლავის სარკმლის ქვედა, აგურით ამოშენებული ნახევარი ქვისაა, ზედა ნახევარი - აგურის). შუა ნავის გრძივ კედლებში, ხუთივე მონაკვეთში შიგნით განიერი, გარეთ ვიწრო თითო თაღოვანი სარკმელია. თითო ოთხკუთხა სარკმელი გვერდის ნავების გრძივი კედლების ყოველ მონაკვეთშია. აფსიდის კონქი ისრული მეოთხედსფერული კამარითაა გადახურული. შეისრული სატრიუმფო თაღი ეყრდნობა იმპოსტებს, რომლებიც იმეორებენ თავდაპირვები ბოძების კაპიტელების პროფილს. აფსიდის გვერდებზე თითო ოთხკუთხა, თითქმის ტოლი, მაღალი, აგურის ცილინდრული კამარით გადახურული სათავსი - სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსის აღმოსავლეთ კედელში თითო სარკმელი მოგვიანებითაა გაჭრილი. სადიაკვნეში სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. სადიაკვნის და სამკვეთლოს აგურის ისრული თაღებით დასრულებულ შესასვლელ ღიობებს გადაკეთების კვალი აჩნია. გვიანდელია სადიაკვნის ზემოთ გაჭრილი კარი და მცირე სათავსი სახურავის ქვეშ, ამ სათავსიდან ან სამხრეთ ნავის სახურავიდან კედელში გაჭრილი მცირე კარით საკურთხევლის კონქის ზემოთ არსებული სათავსში შეიძლება მოხვედრა.

შუა ნავის სამხრეთ ბოძების რიგმა და მათზე გადაყვანილა თაღებმა პირვანდელი სახით მოაღწია. თაღების მარტივპროფილიანი იმპოსტები მთლიანად ოთხკუთხა ქვაშია გამოკვეთილი, ბაზისები კი კუბურია. აღდგენისას უცვლელად დაუტოვებიათ ჩრდილოეთის ბოძების განლაგებაც. საკურთხეველთან მდებარე ორი ბოძი მთლიანად აგურისაა, ხოლო დანარჩენი ქვის, აღუდგენელი ბაზისები ბოძების ჯვრულ გეგმას იმეორებს.

ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, შუა ნავის ზედა შუა ნაწილში, ერთადერთი გვიანდელი დეკორატიული ელემენტია - აგურით გამოყვანილი მარტივი ჯვარი, რომლის მკლავების გადაკვეთაზე ოდნავ ამოწეული კვადრატული მასაა. ასეთივე ჯვარია დასავლეთის ფასადზე. აღმოსავლეთ ფასადის დიდი სარკმლის თავზე პატარა სწორმკლავებიანი ჯვარი, ხოლო მარჯვენა სარკმლის ზემოთ, წრეში ტოლმკლავებიანი ჯვარია ჩასმული. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში, სარკმლის ქვეშ ქვაა ჯვრის გამოსახულებით (გვერდზეა გადაწვენილი), კიდევ ქვემოთ კი ცხენის გამოსახულებაა (ეს ქვები აქ შემთხვევით არის ჩადგმული 1668 წელს შეკეთების დროს). ეკლესიას აგურის კბილანა ლავგარდანი აქვს. სახურავი კრამიტისაა. ტაძარს სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე, მინაშენები ჰქონდა. სამხრეთის მინაშენი, რომელიც აღმოსავლეთით ეგვტერით მთავრდება, პირვანდელი ნაგებობის თანადრულია (მოგვიანებით რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ). მინაშენების დანარჩენი ნაწილები გვიანდელია. მათში ეკლესიის ფრაგმენტებია ჩაშენებული. ტაძარს დასავლეთითაც ჰქონია მინაშენი-გამოვლენილია კედლების ნაშთი ეკლესიიდან 2,5 მეტრზე.

ურბნისის სიონი ადრინდელი ფეოდალური ხანის საქართველოს დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება (ანალოგები-კაწრეთის სამება, ხირსა). სამრეკლო დგას ტაძრის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე. დასავლეთის ფასადის ვრცელის წარწერის თანახმად, აგებულია 1706 წელს ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ბრძანებით. სარქარი ყოფილა მეფის ბებიდასშვილი ურბნელი „ეფისკოპოზი“ ქრისტეფორე ფალავანდიშვილი.

სამრეკლო (9,1x10,2 მეტრი) სამსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. ორი ქვედა სართული ერთიანი კუბური მასაა, ხოლო მესამე - ღია თაღოვანი ფანჩატური. I სართულზე, შუა კამაროვანი გასასვლელის ორივე მხარეს, სხვადასხვა დანიშნულების სათავსებია. სამხრეთ კედელში დატანებული კიბე მეორე სართულზე ადის. ამ სართულს აღმოსავლეთით, მთელ სიგრძეზე, განიერი აივანი გასდევს, ხოლო დასავლეთის მხარეს ოთახები და კიბის უჯრებია. კედლებში სარკმლები, ბუხარი, ნიშნები და სათოფურებია. მესამე სართულზე, ცენტრში რვაგვერდა, ნახევარწრიულთაღებიანი აგურის ფანჩატურია. ღიობებს შემოვლებული აქვს უწყვეტი თაღოვანი ლილვები; დასავლეთით, შუა ღიობის ღერძზე, ზემოთ პატარა ჯვარია გამოყვანილი. ფანჩატური გადახურულია მაღალი კონოსური აგურის გუმბათით. დასავლეთის ფასადს საზეიმო იერი აქვს - შესასვლელის ორი ერთმანეთში ჩამჯდარი ისრული თაღი სწორკუთხედებშია მოქცეული. აღმოსავლეთის ფასადის წამყვანი ელემენტებია მაღალი თაღოვანი ჭიშკარი და მეორე სართულის ღია აივანი. ეს უკანასკნელი ელემენტი განასხვავებს ურბნისის სამრეკლოს ამ ტიპის სხვა თანადროული ნაგებობებისაგან. სამრეკლოს თავდაპირველად ბანური გადახურვა ჰქონდა, ამჟამად გადახურულია თუნუქით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]