ბრინჯაოს მხედარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბრინჯაოს მხედარი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბრინჯაოს მხედარი

ბრინჯაოს მხედარი (რუს.: Медный всадник) — ცხენზე ამხედრებული პეტრე დიდის ქანდაკება სანქტ-პეტერბურგში, შექმნილი ეტიენ მორის ფალკონეს მიერ 1768-70 წლებში. ამავე სახელწოდების ალექსანდრე პუშკინის პოემა, რომელიც მან ამ ქანდაკებას მიუძღვნა 1833 წელს, საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ქანდაკებას ეს სახელი პოემის დიდი პოპულარობის გამო შერჩა. ამჟამად იგი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი სიმბოლოა, ისევე როგორც თავისუფლების ქანდაკებაა ნიუ-იორკისთვის. ქანდაკების კვარცხლბეკი უზარმაზარი თლილი ლოდია, რომელიც ადამიანთა მიერ დაძრულ ყველაზე დიდ ქვად ითვლება.

ქანდაკება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯაოს ქანდაკება, ვასილი სუროკოვის ნახატი
პეტრე დიდის მონუმენტის ინაუგურაცია. ა. მელნიკოვის გრავიურა ა. დავიდოვის ნახატით, 1782.

მხედარი–პეტრე დიდის ქანდაკება, დეკაბრისტთა მოედანზე (ყოფილი სენატის მოედანი) მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. ეკატერინე დიდმა, გერმანელმა პრინცესამ, რომელიც რომანოვების სამეფო ოჯახის წევრი გახდა, მოიწადინა მისი სახელი პეტრე დიდისთვის დაეკავშირებინა ხალხის თვალში გავლენის მოსაპოვებლად.[1] ქანდაკების აღმართვა მისი ბრძანებით დაიწყეს და კვარცხლბეკზე დაიტანეს წარწერა ლათინურად Petro Primo Catharina Secunda MDCCLXXXII, რაც ნიშნავს "ეკატერინე მეორე პეტრე პირველს, 1782", რაც პირდაპირ მიანიშნებს ეკატერინეს დამოკიდებულებას მის წინამორბედთან და მის ადგილთან დიდ რუს მმართველთა შორის. ეკატერინეს, რომელიც ტახტზე სასახლის გადატრიალებით ავიდა, მასზე ლეგალური უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, ის ძალისხმევას არ იშურებდა პეტრეს ნამდვილ მემკვიდრედ წარმოეჩინა თავი.

ფრანგი მოქანდაკე ეტიენ მორის ფალკონე ეკატერინე დიდს მიმოწერაში დენი დიდრომ ურჩია. იმპერატრიცა მის რჩევას დაჰყვა და ფალკონე რუსეთში 1766 წელს ჩამოვიდა.[2]

1775 წელს ქანდაკების ჩამოსხმა დაიწყეს მჭედელი ემელიან ხაილოვის ხელმძღვანელობით. ჩამოსხმისას ყალიბი გასკდა და მდნარი ბრინჯაოს გადმოსხმამ ხანძარი გამოიწვია. მუშებმა გაქცევით უშველეს თავს ხაილოვის გარდა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ მოახერხა გამსკდარი ყალიბის შეკეთება, თუმცა ქანდაკება ხელმეორედ გახდა ჩამოსასხმელი.[2] ქანდაკების (კვარცხლბეკის, მხედრისა და ცხენის ჩათვლით) გაკეთებას 12 წელი დასჭირდა.

ცარის (მეფის) სახე იმჟამად 18 წლის მარი-ან კოლოს ნამუშევარია. ის ფალკონეს 1766 წელს ჩამოჰყვა, როგორც შეგირდი. ფალკონესა და ჟან-ბატისტ ლემონის მოწაფეს, დიდრო "Mademoiselle Victoire"-ს უწოდებდა. პეტრე დიდის სახე მან მისი გარდაცვალების ნიღბისა და სანქტ-პეტერბურგში მისი მრავალრიცხოვანი პორტრეტების მეშვეობით შექმნა.

1782 წლის 9 აგვისტოს, კვარცხლბეკის გათხრების დაწყებიდან 14 წელიწადში, დასრულებული ქანდაკება წარუდგინეს მოედანზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს. გახსნას არ ესწრებოდა თავად ფალკონე, რომელსაც იმპერატრიცასთან კონფლიქტში გადაზრდილი უთანხმოების გამო რუსეთის დატოვება მოუხდა პროექტის დასრულებამდე ოთხი წლით ადრე. ეკატერინეს იგი მალევე დაავიწყდა და ბრინჯაოს მხედარს უფრო საკუთარ ნამუშევრად აღიქვამდა.[2]

პეტრე დიდის ქანდაკება ჰეროიკულად ამხედრებულია ცხენზე, მისი წინ გაწვდილი ხელი მიმართულია მდინარე ნევასკენ დასავლეთით. მოქანდაკის გადაწყვეტით ცხენი მაქსიმალურად მიახლოებულია ციცაბო კლდის ნაპირს. ცხენი ფეხით სრესს გველს, რომელიც ღალატს განასახიერებს, პეტრე დიდისა და მისი რეფორმების მოწინააღმდეგეთა ბოროტებას.[3] მონუმენტის სიმაღლე 13 მეტრია, თავად ქანდაკება 6 მეტრია, ხოლო კვარცხლბეკი 7 მ.[4]

კვარცხლბეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭექა-ქვის ტრანსპორტირება ეკატერინე II-ის თანდასწრებით. გრავიურა, 1770.

კვარცხლბეკისთვის, უზარმაზარი ლოდი, მეტსახელად "ქვა-ჭექა" (რუს, Камень-Гром) მოძებნეს ლახტასთან, 6 კმ-ში ფინეთის ყურის ნაპირიდან ხმელეთზე.[5] ლოდის სახელი ადგილობრივი ლეგენდიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვით იგი ელვამ გახლიჩა. ფალკონეს სურდა მასზე ადგილზე ემუშავა, თუმცა ეკატერინემ მოითხოვა იგი ქალაქში მოეტანათ დამუშავებამდე, როგორც რუსული საინჟინრო მიღწევების სიმბოლო. დაჭაობებულ ველში ნახევრად ჩაფლული ლოდის ტრანსპორტირებას ახალი მეთოდის მოფიქრება სჭირდებოდა. პროექტი ითავა ვინმე წარმოშობით იტალიელმა მარინ კარბურიმ, რომელიც იმხანად რუსეთის არმიაში მსახურობდა პოდპოლკოვნიკად.

ლოდის გადატანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოდის გადატანისთვის ზამთრამდე მოიცადეს. როცა მიწა გაიყინა, ლოდი სპეციალურად აგებული ლითონის ციგით 13.5 სმ დიამეტრის ბრინჯაოს სფეროებით ლიანდაგებზე გადააგორეს — პროცესი, რომელიც ძალიან ჰგავდა მოგვიანებით გამოგონილ "პოდშიპნიკს". პროექტში მხოლოდ ადამიანის შრომა გამოიყენეს — ცხოველების და მანქანების დახმარება გამოირიცხა.[6] ტრანსპორტირების მეთოდის განსაზღვრის შემდეგ ქვის გადატანას 400 ადამიანი და 9 თვე დასჭირდა, რომლის განმავლობაში ქვისმთლელები გამუდმებით მუშაობდნენ უზარმაზარი გრანიტის მონოლითზე. ეკატერინე დროდადრო ამოწმებდა მათ საქმიანობას. საქმეს უფრო ართულებდა ის, რომ ლიანდაგის სიგრძე 100 მ იყო და ის გამუდმებით ხელახლა დასაგები იყო.[6] მიუხედავად ამისა, მუშები ხმელეთზე დღეში 150 მეტრის გადალახვას ახერხებდნენ. ნაპირთან ლოდისთვის სპეციალურად უზარმაზარი ბარჟა აშენდა, რომელსაც ორივე მხარეს ორი დამატებითი სრული ზომის სამხედრო ხომალდი ამაგრებდა.[6] მოკლეხნიანი საზღვაო ვოიაჟის შემდეგ ქვა დანიშნულების ადგილზე ჩავიდა 1770 წელს, თავდაპირველი ადგილიდან დაძვრიდან თითქმის ორ წელიწადში. მის აღსანიშნავად საიუბილეო მედალი გამოიცა.[7]

ლენინგრადის ბლოკადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სანამ ბრინჯაოს ქანდაკება სანქტ-პეტერბუგრის ცენტრში დგას, მტრის ჯარები ქალაქს ვერასდროს აიღებენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის 900-დღიანი ალყის პერიოდში, ქანდაკება არ მოუხსნიათ, ის ქვიშის ტომრებითა და ხის თავშესაფრით შენიღბეს. დაცვა იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ ბრინჯაოს ქანდაკება უვნებლად გადაურჩა 900 დღის დაბომბვასა და არტილერიას.[3] ლეგენდა გამართლდა, ქალაქი მტრებს არასდროს აუღიათ.

პოემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ბენუასეული პოემის აღწერა.

"ბრინჯაოს ქანდაკება" ასევე ალ. პუშკინის 1833 წელს დაწერილი პოემის სათაურია. პოემა რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ქანდაკებას ეს სახელი პოემის პოპულარობის გამო დარჩა. პოემის მთავარი თემა სახელმწიფოსა და ჩვეულებრივი მოქალაქეების პრიორიტეტებს შორის კონფლიქტია.

პოემაში პუშკინი აღწერს ხელმოკლე ახალგაზრდა ევგენისა და მისი ოჯახის ბედს მდ. ნევის ადიდებით შექმნილი წყალდიდობისას. ევგენი წყევლის ქანდაკებას, განრიხსებულია რა პეტრე დიდზე ქალაქის ბუნების სტიქიებისგან დაუცველ ადგილას დაფუძნების გამო, რაც მისი ოჯახის უბედურების მიზეზი გახდა. ქანდაკება ცოცხლდება და მას ქალაქიდან სდევნის. ევგენი შემდეგ ქანდაკებას პატივისცემითა და მოწიწებით მოიხსენიებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სანქტ-პეტერბურგის არქიტექტურა: ბრინჯაოს მხედარი. მიჩიგანის უნივერსიტეტის ტაუბმანის კოლეჯი - არქიტექტურა და ქალაქგეგმარება (2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-31. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2007.
  2. 2.0 2.1 2.2 ბრინჯაოს მხედარი. Optima (2007). ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2007.
  3. 3.0 3.1 ბრინჯაოს მხედარი. Saint-Petersburg.com (2007). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2007.
  4. სანქტ-პეტერბურგი. TourArena (2001). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2007.
  5. ლახტა. სანქტ-პეტერბურგის ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-13. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2007.
  6. 6.0 6.1 6.2 (ფრანგული) Transport du piédestal de la statue de Pierre le Grand. La Nature magazine, second semester 1882.. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2007.
  7. ქვა-ქუხილი. სანქტ-პეტერბურგის ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-13. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2007.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (რუს.) Памятники архитектуры Ленинграда. — Ленинград, Стройиздат. 1975.
  • (რუს.) Кнабе Г. С. Воображение знака: Медный всадник Фальконе и Пушкина. М., 1993.
  • (რუს.) Проскурина В. Петербургский миф и политика монументов: Петр Первый Екатерине Второй // Новое литературное обозрение. 2005. № 72.