ბორის ზახავა
ბორის ზახავა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 მაისი, 1896 პავლოჰრადი |
გარდაცვალების თარიღი |
12 ნოემბერი, 1976 (80 წლის) მოსკოვი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ბორის ევგენის ძე ზახავა (რუს. Бори́с Евге́ньевич Заха́ва; დ. 12 მაისი, 1896, პავლოჰრადი — გ. 12 ნოემბერი, 1976, მოსკოვი) — საბჭოთა თეატრალური რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი, თეატრის თეორეტიკოსი. სსრკ სახალხო არტისტი (1967). მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1952). ხელოვნების ისტორიის დოქტორი (1964).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორის ზახავა დაიბადა პავლოგრადში, რუსეთის იმპერიის ეკატერინოსლავის გუბერნიაში (ახლანდელი უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქი). მამა — ლეიტენანტი ევგენი ზახავა, წარმოშობით ტულის გუბერნიიდან, ტულის მეიარაღეების ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი იყო. დაამთავრა ორიოლის ბახტინის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ალექსანდრეს სამხედრო სკოლა და გაგზავნეს სამსახურში პავლოგრადში.[1] დედა — ლიდია ლოგვინოვიჩი-ზახავა, პავლოგრადის რკინიგზის სადგურის უფროსის ივან ლოგვინოვიჩის ქალიშვილი, დაქორწინდა 16 წლის ასაკში, როცა ახალი დამთავრებული ჰქონდა პავლოგრადის ქალთა გიმნაზია.[2]
ბორისის მშობლებს უყვარდათ თეატრი, მონაწილეობდნენ სამოყვარულო სპექტაკლებში, თავად კი ბავშვობიდან ატარებდა ოჯახურ კონცერტებს. პავლოგრადის სახელმწიფო კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იგი შევიდა ორიოლის კადეტთა კორპუსში, ხოლო 1910 წელს - მოსკოვის მე-3 კადეტთა კორპუსში.
ახალგაზრდობაში მონაწილეობდა სამოყვარულო სპექტაკლებში. 1913 წელს კომერციულ ინსტიტუტში ჩარიცხვის შემდეგ იგი ჩაირიცხა სტუდენტურ თეატრალურ სტუდიაში (მოგვიანებით მანსუროვის თეატრი - იმ შესახვევის სახელის მიხედვით, სადაც ის მდებარეობდა), რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ევგენი ვახტანგოვი, იმ დროს მოსკოვის პირველი სამხატვრო თეატრ-სტუდიის მსახიობი და რეჟისორი. თავიდან სტუდიის წევრებმა მარცხი განიცადეს. წარუმატებელი აღმოჩნდა 1914 წლის 26 მარტს დადგმული სპექტაკლი „ლანინების მამული“, ბორის ზაიცევის პიესის მიხედვით, რომელშიც ზახავა თამაშობდა სტუდენტ ევგენის. 1914 წლის 10 (23) ოქტომბერს დაიწყო სისტემატური მეცადინეობა ვახტანგოვის ხელმძღვანელობით. იმ დროიდან ბორის ზახავას სახელს განუყრელად უკავშირდებოდა ვახტანგოვის თეატრი და მასთან არსებული თეატრალური სკოლა.
1920 წელს დრამატული სტუდია მიიღეს სამხატვრო თეატრის „ოჯახში“ „მოსკოვის სამხატვრო თეატრის მე-3 სტუდიის“ სახელით. ვახტანგოვის გარდაცვალების შემდეგ ზახავა იყო სამხატვრო საბჭოს წევრი, რომელიც სტუდიის წევრებმა აირჩიეს თეატრის ხელმძღვანელად. 1923-1925 წლებში იგი ერთდროულად გამოდიოდა მეიერჰოლდის თეატრის სცენაზე.
1924 წელს ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკომ იური ზავადსკი ერთპიროვნულ დირექტორად დანიშნა, მაგრამ სტუდიის წევრებმა, რომლებიც იბრძოდნენ მოსკოვის სამხატვრო თეატრისგან დამოუკიდებლობისთვის, არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მოაწყვეს ერთგვარი „სამხატვრო საბჭო" - თეატრის კოლექტიური მართვის ორგანო, რომლის თავმჯდომარეც ზახავა გახდა.[3]
რეჟისორობა დაიწყო ვახტანგოვის ხელმძღვანელობით. 1923 წელს მან განახორციელა თავისი პირველი დამოუკიდებელი დადგმა: „სიმართლე კარგია, მაგრამ ბედნიერება უკეთესია“, რომელშიც იგრძნობოდა ვახტანგოვის „პრინცესა ტურანდოტის“ გავლენა. შემდგომში, მის მიერ დადგმული მრავალი სპექტაკლი გახდა მნიშვნელოვანი ეტაპები თეატრის ისტორიაში, მათ შორის ლეონიდ ლეონოვის „მაჩვები“ (1927), ნიკოლაი პოგოდინის „არისტოკრატები“ (1935), „რევიზორი“ (1939), „ახალგაზრდა გვარდია“ (1947). განსაკუთრებული მოვლენა მის თეატრალურ ცხოვრებაში იყო 1932 წელს დადგმული პიესა „ეგორ ბულიჩოვი და სხვები“.
1917 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა ვახატნგოვის თეატრის (შემდგომში შჩუკინის სკოლის) სკოლის რექტორად.
ასწავლიდა მსახიობობასა და რეჟისურას,1939 წლიდან იყო პროფესორი. 1927-1930 წლებში ხელმძღვანელობდა ასევე უზბეკეთის სტუდიას მოსკოვში, 1932-1934 წლებში ასწავლიდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში (ГИТИС), 1937-1940 წლებში კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, 1944-1949 წლებში ხელმძღვანელობდა ГИТИС-ის სარეჟისორო განყოფილებას. მის სტუდენტებს შორის იყო თეატრალური რეჟისორი ვლადიმერ ფედოსეევი.[4]
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1964), წიგნებისა და სტატიების ავტორი სამსახიობო და სარეჟისორო თეორიის, თეატრის პედაგოგიკის შესახებ.[5] სკკპ-ის წევრი 1943 წლიდან.
ბორის ზახავა გარდაიცვალა 1976 წლის 12 ნოემბერს მოსკოვში.[6] დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე (მონაკვეთი No2) [7] .
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ცოლი — მარია ნეკრასოვა (1899-1983), რსფსრ დამსახურებული არტისტი (1946). ქალიშვილები: ეკატერინა ზახავა-ნეკრასოვა (1929-2001), ფილოლოგი, ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის პედაგოგი; ნატალია ზახავა-ნეკრასოვა (დ. 1935), რეჟისორი-პედაგოგი, თეატრმცოდნე.
მეორე ცოლი — ნატალია ივანოვნა ზახავა (1920-2004). ქალიშვილი — ტატიანა ზახავა (დ. 1949), რუსეთის დამსახურებული არტისტი.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1946 : რსფსრ სახალხო არტისტი
- 1946 : შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1952 : სტალინური პრემია - მ. გორკის პიესის „ეგორ ბულიჩოვი და სხვები“ დადგმისთვის.
- 1967 : სსრკ სახალხო არტისტი
- ხალხთა მეგობრობის ორდენი
- საპატიო ნიშნის ორდენი
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
- მედალი „მოსკოვის 800 წლისთავის ხსოვნისადმი“
- 1964 : ხელოვნების ისტორიის დოქტორი
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსკოვში მემორიალური დაფა დამონტაჟდა ბოლშოი ნიკოლოპესკოვსკის შესახვევის მისამართზე, კორპუსი 12ა ( ბორის შჩუკინის თეატრალური ინსტიტუტი).[8]
- ბ. ზახავას სამშობლოში, პავლოგრადში (დნიპროპეტროვსკის ოლქი), მისი სახელობისაა ადგილობრივი დრამატული თეატრი.[9]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახტანგოვი და მისი სტუდია. - მ., 1930.
- მსახიობისა და რეჟისორის ოსტატობა. - მ., 1969.
- თანამედროვეები. ვახტანგოვი. მეიერჰოლდი. - მ., 1969.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბორის ზახავა — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Читать книгу «Мастерство актёра и режиссёра»,
- Читать книгу «Мастерство актёра и режиссёра»,
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Захава, Б. Е., Кадетский корпус. М. „Академия“. 2000. ст. 8—25 (254)
- ↑ Захава Б. Е., Воспоминания. Спектакли и роли. М. „Всероссийское театральное общество“. 1982. ст. 87 (402)
- ↑ Захава, Борис Евгеньевич. Театральный институт им. Б. Щукина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-27. ციტირების თარიღი: 2012-05-28.
- ↑ Владимир Федосеев დაარქივებული 2011-08-05 საიტზე Wayback Machine. на сайте «Культура Саратова»
- ↑ Борис Захава. Театр имени Е. Б. Вахтангова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-22. ციტირების თარიღი: 2012-05-28.
- ↑ Борис Захава. История. Актёры. Театр им. Евг. Вахтанова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-27. ციტირების თარიღი: 2012-05-28.
- ↑ Захава Борис Евгеньевич (1896-1976). Новодевичье кладбище. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-16. ციტირების თარიღი: 2019-11-30.
- ↑ Мемориальная плита (фото). Новодевичий некрополь. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 2019-11-30.
- ↑ Павлоградский театр им. Б. Е. Захавы (драматический театр). Справочник театров Украины. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-24. ციტირების თარიღი: 2019-11-30.
- დაბადებული 24 მაისი
- დაბადებული 1896
- გარდაცვლილი 12 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1976
- უკრაინაში დაბადებულები
- მოსკოვში გარდაცვლილები
- XX საუკუნის მსახიობები
- მსახიობები ანბანის მიხედვით
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები