ბეღლეთის ჯამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეღლეთის ჯამეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში.

ბეღლეთის ჯამე ერთ-ერთი უძველესია აჭარაში. თუმცა მის პირველ ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია და დამწვარა. ახალი შენობა XIX საუკუნეში აუგიათ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე, 1920–1921 წლამდე, უბრალო ფიცრული ნაგებობა იყო. საბჭოთა პერიოდში მოუწვევიათ ლაზი ოსტატები და შენობა შეუმკიათ ორნამენტებითა და ნახატებით. შენობის საძირკველი ქვისაა, ხოლო საკუთრივ შენობა მუხის ხისგანაა აგებული. მისი ზომებია 8,6 X 15,5 მ. მინარეთი 83 საფეხურიანია და 32 მეტრის სიმაღლისაა.

1573 წლის 26 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში „ზემო აჭარის ლივის ვრცელი დავთარი“, სოფელი ბეღლეთი მოხსენიებულია ზემო აჭარის ერთ-ერთ სოფლად, რომელშიც 14 კომლი ცხოვრობდა. სავარაუდოა, ჯამეც ამ პერიოდს მიეკუთვნებოდეს[1].

ბეღლეთში აგებული პირველი მეჩეთი წარმოდგენდა თემის ცენტრალურ მეჩეთს და ხეობის ამ ნაწილის ბევრ სოფელს ემსახურებოდა. მათ შორის დიოკნისს, მანიაკეთს, ჯვარიქეთს, ტაბახმელას, ბოძაურს, რიყეთს, დანისპარაულს და სხვა. 1870–იანი წლებისათვის, როცა ახალი მეჩეთი აიგო, ბეღლეთში 126 კომლი, ანუ 330 ადამიანი ცხოვრობდა[2].

ბეღლეთის ჯამეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები, ოსმალური ტექსტი, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და ფოტოასლები გამოსაცემად მოამზადეს ზაზა შაშიკაძემ და მარინა მახარაძემ, თბ., 2011, გვ. 14–18
  2. Френкель А., Очерки Чурук-Су и Батума, Тифлись, 1879, გვ. 148
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ