ბებია მოზესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბებია მოზესი
დაიბადა 7 სექტემბერი, 1860(1860-09-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [2]
დაბადების ადგილი ვაშინგტონის ოლქი, Greenwich[2] [8] და Greenwich[13]
გარდაიცვალა 13 დეკემბერი, 1961(1961-12-13)[1] [2] [3] [4] [6] [7] [8] [10] [11] [12] [2] (101 წლის)
გარდაცვალების ადგილი Hoosick Falls[2] [8] [13]
ჟანრი folk art[14] და პეიზაჟი

ბებია მოზესი (ინგლ. Grandma Moses, ნამდვილი სახელი ანა მერი მოზეს, დაბ.რობერტსონი ,ინგლ. Anna Mary Moses, b. Robertson ; დ. 7 სექტემბერი, 1860 — გ. 13 დეკემბერი, 1961 ) — ამერიკელი მოყვარული მხატვარი, ფერწერული პრიმიტივიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. მოზესის ავტობიოგრაფია „ჩემი ცხოვრების ამბავი“ 1952 წელს გამოიცა. მას ასევე მიენიჭა ორი საპატიო დოქტორის წოდება. მხატვრის სახელი უწოდეს კრატერს ვენერაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა მერი რობერტსონი დაიბადა გრინვიჩში, ნიუ-იორკში, 1860 წლის 7 სექტემბერს; მარგარეტ შანაჰან რობერტსონსა და რასელ კინგ რობერტსონის ათი შვილიდან მესამე იყო. გოგონა იზრდებოდა ოთხ დასთან და ხუთი ძმასთან ერთად. მამა სელის წისქვილს ამუშავებდა და ფერმერი იყო. ანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთოთახიან სკოლაში სწავლობდა. ეს სკოლა ვერმონტში მდებარეობს და ამჟამად ბენინგტონის მუზეუმია, სადაც ინახება მხატვრის ნამუშევრების უდიდესი კოლექცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სკოლაში ხატვის გაკვეთილებით შთაგონებულმა, ანამ ხატვა ბავშვობაში დაიწყო, თავისი „პეიზაჟების“ გასაფერადებლად და ფერების მისაღებად იყენებდა ლიმნისა და ყურძნის წვენს, [15] დაფქულ ოხრას (ჟანგმიწა), ბალახს, ფქვილის პასტას, კალციუმის ჰიდროქსიდს და ნახერხს.

ანამ 27 წლის ასაკში ფერმაში მუშაობისას გაიცნო მომავალი მეუღლე — თომას სალმონ მოზესი.

მხატვარმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ფერმერ მეუღლესთან ერთად გაატარა ნიუ-იორკის შტატის ფერმაში. წყვილს ათი შვილი შეეძინა, მაგრამ მათგან მხოლოდ ხუთმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს.

ანა რობერტსონი 1860-იანები

1927 წელს მისი მეუღლე, თომასი გარდაიცვალა გულის შეტევით 67 წლის ასაკში. ფერმის მართვაში ეხმარებოდა ვაჟი — ფორესტი. ანა აღარ გათხოვილა. 1936 წელს იგი პენსიაზე გავიდა და საცხოვრებლად ქალიშვილის სახლში გადავიდა.

ანას  ქსოვა და ქარგვა ყოველთვის იტაცებდა და საკუთარი პატარა მაღაზიაც კი ჰქონდა. იქ თავისი ნაქსოვი ნივთებითა და ტანსაცმლით ვაჭრობდა, მაგრამ 70 წლის ასაკში ართრიტის გამო გაუჭირდა და იძულებული გახდა საყვარელი საქმიანობისათვის თავი დაენებებინა, რადგან ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებდა გრძელი საქსოვი იარაღები ძველებურად ეხმარა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დის, სელესტიას რჩევით, კვლავ დაუბრუნდა ხატვას.

ანა თვლიდა, რომ სოფლის პეიზაჟების ხატვით კარგად შეძლებდა ხალხისათვის ვირჯინიის სილამაზე ეჩვენებინა და მართლაც მისი ნახატები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახლომახლო სოფლებსა და ფერმებში.

1938 წელს ნიუ-იორკელმა კოლექციონერმა შეამჩნია ანა მოზესის ნახატი, რომელიც გამოფენილი იყო აფთიაქის ფანჯარაში ქალაქ ჰუსიკ ფოლზში (ინგლ. Hoosick Falls ), სადაც ის ცხოვრობდა. ნანახით აღფრთოვანებულმა გადაიხადა ნახატის საფასური და სასწრაფოდ ნიუ- იორკში გადააგზავნა.

ანა ცნობილი იყო როგორც "დედა მოზესი" ან "ბებია მოზესი" და მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამოფენა მოაწყო "Mrs. Moses"-ის სახელით, პრესამ იგი მოიხსენია, როგორც "ბებია მოზესი" და ეს მეტსახელი შერჩა ცხოვრების ბოლომდე.

ბებია მოზესის” ხელოვნებამ ძალიან მოკლე ხანში მიიპყრო კოლექციონერების და ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება და მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში გამოიფინა და უამრავ კალენდარზე, მისალოც ბარათსა და ბანერზე დაიბეჭდა.

ანა თავის ორ ქალიშვილთან ერთად

1940-იან წლებში მოზესის გამოფენები გაიმართა ევროპის ბევრ ქვეყანაში და იაპონიაში. 1941 წელს მან მიიღო ნიუ-იორკის სახელმწიფო ჯილდო, ხოლო 1949 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა პირადად გადასცა მას ამერიკის ქალთა პრესის კლუბის ეროვნული ჯილდო. 1952 წელს გამოიცა მისი ავტობიოგრაფია. 1960 წელს, ბებია მოზესის ასი წლისთავზე, მისი ფოტო, რომელიც გადაიღო ცნობილმა ფოტოჟურნალისტმა კორნელ კაპამ, ჟურნალ Life- ის გარეკანზე განთავსდა.

ბებია მოზესს აქვს საკმაოდ ბევრი პოპულალური ნახატი, რომელიც შესრულებულია მას შემდეგ, რაც 100 წელი შეუსრულდა.

ბებია მოზესის ნახატი, 1918 წ.

მხატვრის ნახატებში ასახულია სოფლის პეიზაჟები და ყოველდღიური სცენები, ისინი ხშირად მრავალფიგურიანია. ბებია მოზესი ზამთრის ხედებს ამჯობინებდა და ზაფხულის პეიზაჟებს ნაკლებად ხატავდა. მან შექმნა 1500-ზე მეტი ნახატი სამი ათწლეულის განმავლობაში. თავიდან თითო ნახატში 3-დან 5 დოლარამდე იღებდა, ნამუშევრის ზომის მიხედვით. მხატვრის პოპულარობის მატებასთან ერთად ნამუშევრების ფასი 8000-10000 დოლარამდე გაიზარდა.

მოზესის ერთ-ერთი საზაფხულო პეიზაჟი "The Old Checkered House 1862“ (1942), რომელიც შექმნიდან მალევე 10 დოლარად გაიყოდა, 2004 წელს მემფისის აუქციონზე 60 000 დოლარად გაიყიდა.

მოზესის ყველაზე ძვირადღირებული ნახატია 1943 წელს შექმნილი "Sugaring Off" — 2006 წელს გაიყიდა 1,2 მილიონ აშშ დოლარად.

ბებია მოზესი გარდაიცვალა 101 წლის ასაკში, 1961 წლის 13 დეკემბერს, ნიუ-იორკში, ჰოსიკ ფოლსის სამედიცინო ცენტრში. დაკრძალულია მეიპლ გროვის სასაფლაოზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Grandma Moses — 2008.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. FemBio database
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Bass R. Moses, Grandma // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T059847
  9. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 The Fine Art Archive — 2003.
  12. 12.0 12.1 Munzinger Personen
  13. 13.0 13.1 Directory of Southern Women ArtistsThe Johnson Collection.
  14. https://benningtonmuseum.org/portfolio-items/grandma-moses/
  15. „Obituary: Grandma Moses Is Dead at 101; Primitive Artist 'Just Wore Out'. The New York Times. December 14, 1961.