შინაარსზე გადასვლა

ბარუხ სპინოზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარუხ სპინოზა
პორტ. Benedito de Espinosa
დაბ. თარიღი 24 ნოემბერი, 1632(1632-11-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი ამსტერდამი, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[1] [10]
გარდ. თარიღი 21 თებერვალი, 1677(1677-02-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (44 წლის)
გარდ. ადგილი ჰააგა, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[1] [10]
დასაფლავებულია Nieuwe Kerk[12]
მოქალაქეობა  გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
ეროვნება სეფარდები
საქმიანობა ფილოსოფოსი[13] [10] [1] , Bible translator, grinder of lenses[10] , პოლიტოლოგი, გრამატიკოსი[14] , თეოლოგი და ოპტიკოსი[1]
ალმა-მატერი ლეიდენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები გოტფრიდ ლაიბნიცი
მეუღლე
მამა მიგელ დე ესპინოზა
დედა Hanna Debora d'Espinoza
ხელმოწერა

ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა (ებრ. ברוך שפינוזה, ლათ. Benedictus de Spinoza; დ. 24 ნოემბერი, 1632, ამსტერდამი — გ. 21 თებერვალი 1677, ჰააგა) — ებრაული წარმოშობის ნიდერლანდელი ფილოსოფოსი, პანთეისტი, რაციონალისტი.

დაიბადა ვაჭრის ახში. მისი წინაპრები პორტუგალიიდან ნიდერლანდში გადმოხვეწილი ებრაელები იყვნენ. ახალგაზრდობაშივე მიიღო ებრაული სასულიერო განათლება და ებრაელთა წესის შესაბამისად შეისწავლა ერთი ხელობაც — ლინზების დამუება, რითაც თავს ირჩენდა. 1656 წელს განკვეთილ და შეჩვენებულ იქნა ებრაული თემისაგან. ამის მდეგ მან ებრაული სახელი ბარუხი ლათინურ ბენედიქტად გადაირქვა (გვარი სპინოზა ერთ-ერთი პატარა ქალაქის სახელწოდებიდან მომდინარეობს). მისი უმთავრესი ნაშრომია გეომეტრიული პრინციპებით დალაგებული „ეთიკა“ (1677). სპინოზაზე გავლენა იქონია დეკარტის ფილოსოფიურმა ამოსავალმა პრინციპებმა, განსაკუთრებით მათემატიკურმა მეთოდმა. განიცადა აგრეთვე მ. მაიმონიდის, ჯ. ბრუნოს, ტ. ჰობზისა და სხვათა გავლენა. სპინოზამ დეკარტის სუბსტანციონალური დუალიზმი სუბსტანციონალურ მონიზმად შეცვალა. მისი აზრით, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთადერთი უსასრულო და მარადიული სუბსტანცია — ღმერთი ანუ ბუნება. სპინოზა ღმერთისა და ბუნების გაიგივებით პანთეიზმის პოზიციის დამცველია. რამდენადაც ღმერთისა და ბუნების გაიგივება სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი და გარკვეულ სიძნელეებს შეიცავს, ამდენად სპინოზას რაციონალისტური პანთეიზმი სხვადასხვანაირი გაგების საფუძველს იძლევა. ამიტომ ზოგი მას მატერიალისტური პანთეიზმის წარმომადგენლად, საერთოდ მატერიალისტად და ათეისტად თვლის, ზოგი კი იდეალისტური პანთეიზმის დამცველად და თეისტად.

სპინოზას თვალსაზრისით, სუბსტანცია არის ის, რაც თავისთავისა და ყოველივეს მიზეზია, რის არსებობაც მის არსებას ემთხვევა და რის მოაზრებისათვისაც სხვა რამის მოაზრება არ არის საჭირო. სუბსტანცია შინაგანი აუცილებლობის, ე. ი. თავისუფლების მატარებელი თავისი თავის მიზეზია (ლათ. causa sui). იგი საგანთა იმანენტური, რეალური და ლოგიკური მიზეზიცაა. აღსანიშნავია, რომ სპინოზა არ განასხვავებს მიზეზსა და საფუძველს, რასაც ფილოსოფიის ისტორიაში დ. იუმამდე არც არავინ ასხვავებდა. სუბსტანცია უსასრულო, სრული და უნაკლოა. მას არა აქვს მიზანი და ნვბისყოფა, რადგან ეს თვისებები სუბსტანციის ნაკლოვანებების მაჩვენებელი იქნებოდა. სუბსტანციის უსასრულო ატრიბუტებიდან ადამიანისათვის ცნობილია მხოლოდ ორი ატრიბუტი — აზროვნება და განფენილობა, რადგან ადამიანი ამ ორი თვისებით არის განსაზღვრული. სუბსტანციის უსასრულობა არ ემთხვევა ატრიბუტების უსასრულობას: სუბსტანცია უსასრულოა ყოველმხრივ, ატრიბუტი კი უსასრულოა თავის გვარში, სუბსტანციის ატრიბუტები საკამათო საკითხია ფილოს. ისტორიაში. ზოგს ისინი ნამდვილად არარსებულ, მხოლოდ გონების მიერ წარმოდგენილ თვისებად მიაჩნია (ერდმანი), ზოგს — სივრცის განზომილებების ანალოგიურად (ვ. ვინდელბანდი), ნაწილს — სუბსტანციის კვალიტატიურ გარკვეულობად (ს. წერეთელი, მ. გოგიბერიძე), ზოგიერთებს კი სუბსტანციის საგნებში გამოვლენის გზად, წესად (კ. ბაქრაძე) და სხვ.

სპინოზა განასხვავებს მწარმოებელსა და წარმოებულ ბუნებას (ლათ. natura naturans და natura naturata). საგნობრივ-იდეალური სამყარო უსასრულო სუბსტანციის გამოვლენის ფორმებია, მოდუსებია. არსებობს ორი რიგის მოდუსი: მატერიალურ საგანთა და იდეალურ საგანთა კერძო მოდუსები. პირველი რიგის ზოგადი მოდუსია მოძრაობა, მეორისა — გონება. მატერიალურ და იდეალურ საგანთა არსებობის წესი და რიგი ერთნაირია, — აღნიშნავს სპინოზა, ამასთან ხაზს არ უსვამს რომელიმეს მეორეზე დაქვემდებარებას.

ადამიანის სული არის ყოვლისმომცველი აბსოლუტური სუბსტანციის ნაწილი და მასში დაბრუნებით პოულობს იგი მარადიულობას. სპინოზა დეტერმინისტულად ხსნის ადამიანის აფექტებს, უარყოფს ნების თავისუფლებას და ნებას აიგივებს გონებასთან, ამასთან ცნობს შეცნობილ, თავისუფალ აუცილებლობას. სპინოზას „თავისუფლების, როგორც შეცნობილი აუცილებლობის“ ცნება, რომელსაც ჰეგელიც აღიარებდა, მარქსისტულ ფილოსოფიაშიც არის მიღებული. ადამიანურ მისწრაფება-ვნებებს შორის უმთავრესია თვითშემეცნებისაკენ სწრაფვა. სპინოზას შემეცნების თეორია სამ საფეხურად იშლება: 1. იმაჟინალური შემეცნება, რომლის საგანია გრძნობადი სინამდვილე; 2. ინტელექტუალური შემეცნება, რომლის საგანია მიზეზობრიობა, ზოგადობა მოდუსებში, და 3. ინტუიციური შემეცნება, რომელიც ინტელექტუალური ინტუიციის სახეს ატარებს და რომლის საგანიცაა ატრიბუტები (სუბსტანცია). სპინოზადმი განსაკუთრებული ინტერესი წარმოიშვა სპინოზიზმის თაობაზე ფ. ჰ. იაკობის მიერ მ. მენდელსონთან აღძრული კამათის გამო. სპინოზას ფილოსოფიის გავლენა განიცადეს ი. ვ. გოეთემ, ი. გ. ჰერდერმა, ფ. დ. შლაიერმახერმა, ი. ჰ. ფიხტემ, ფ. ვ. შელინგმა, გ. ვ. ფ. ჰეგელმა და სხვებმა. სპინოზას მოძღვრების ათეისტურმა ტენდენციებმა გავლენა მოახდინეს აგრეთვე ფრანგ მატერიალისტებზე, ლ. ფოიერბახზე და ა. შ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 Deutsche Nationalbibliothek Record #118616242 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 Baruch de Spinoza — 2009.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 Nationalencyklopedin — 1999.
  5. 1 2 Internet Philosophy Ontology project
  6. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  7. 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  8. 1 2 The Fine Art Archive — 2003.
  9. 1 2 AlKindi
  10. 1 2 3 4 5 6 ECARTICO
  11. 1 2 Педагоги и психологи мира — 2012.
  12. https://www.kb.nl/themas/filosofie/benedictus-de-spinoza/het-leven-van-spinoza-1632-1677
  13. abART
  14. https://philarchive.org/rec/YISJTI