ბალაანის ეკლესია
ბალაანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სოფლის სასაფლაოზე დგას დარბაზული, გეგმით მართკუთხა მოხაზულობი ეკლესია. აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია შეისრულთაღიანი სარკმელი. მის ორსავე მხარეს არქიტრავული ნიშებია. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა, ასეთივე ქვაა საკურთხევლის წინ. კონქი სფერული ფორმისაა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. დასავლეთის კედელს მიუყვება კამარის საბრჯენი თაღი. კამარა ოდნავ შეისრულია. დარბაზს შემოუყვება ერთსაფეხურიანი ხარისხი. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. სამხრეთ კედელში მოწყობილია არქიტრავული შესასვლელი. ეკლესიის კარნიზი მარტივპროფილიანია, საბურავად გამოყენებულია დიდი ზომის ფიქალი. სახურავის ცენტრში აღმართულია ქვაჯვარა. ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენები ჰქონდა, საიდანაც შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთი კუთხე. ძეგლს გარშემო გალავანი შემოუყვება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 27-28