ბათუმის აკვარიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბათუმის აკვარიუმი, შეიქმნა 1966 წელს ყოფილი თევზის საზღვაო მეურნეობისა და ოკეანოგრაფიის სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების ბაზაზე (ამჟამად - შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

ბათუმის აკვარიუმი რთული ტექნიკური კომპლექსია, რომელიც შედგება სადემონსტრაციო და ექსპერიმენტული ნაწილებისაგან. აკვარიუმში, რომლის ტევადობა 600 მ3, ბინადრობს შავი ზღვის, მტკნარი წყლის, აგრეთვე სხვა ზღვებისა და ოკეანეების ცხოველთა 60-მდე სახეობა. შავი ზღვის ფაუნიდან აღსანიშნავია: შავი ზღვის ზვიგენი - კატრანი, სკაროსისებრნი, ორაგული, კეფალი, სვია, კოლხური ზუთხი, ზღვის მამალი, ცხენთევზა და სხვა. მტკნარი წყლის თევზებიდან - გველთევზა, კალმახი, კობრი, წერი, ლოქო და ა. შ. აკვარიუმში თავმოყრილია შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის უხერხემლოთა ფაუნის წარმომადგენლები:აქტინიები, მიტილუსები, კიბორჩხალები, სავარცლურები, ზღვის ვარსკვლავები, ზღვის ზღარბები, ჰოლოთურიები და სხვა.

წყალმომარაგების რთული სისტემა, რომელიც აერაციისა და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას ილევა, 1400 მ3 წყალს იტევს. სპეციალური ფილტრები უზრუნველყოფს წყლის ხანგრძლივ წრებრუნვას, რის გამოც აკვარეუმის წყლით მომარაგება დამოკიდებული არ არის სანაპირო ზოლში შედგენილობის ცვლილებებსა და მეტერეოლოგიურ პირობებზე. ბათუმის აკვარიუმის ექსპერიმენტული ნაწილი მრავალფეროვან სამეცნიერო მუშობას ემსახურება. შავი ზღვის ბიოლოგიური რესურსების ამაღლებისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნით იკვლევენ ამ წყალსატევის ფაუნის სხვადასხვა ობიექტს. აქვე ატარებენ მუშობას წყლის ორგანიზმების ტოქსიკოლოგიის საკითხებზე და ადგენენ მთელი რიგი ტოქსიკური ნივთიერებების (უპირველეს ყოვლისა ნავთობის) ზღვრულ კონცენტრაციებს. ბათუმის აკვარიუმის მნიშვნელოვანი ნაწილია დელფინარიუმი, სადაც იკვლევენ შავი და აზოვის ზღვების დელფინთა ბიოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ყოფილ სსრკ-ში იგი ითვლებოდა ერთ-ერთ უდიდეს აკვარიუმად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცხომელიძე ო., ქსე, ტ. 2, გვ. 149-150, თბ., 1977