ბაზელის საეკლესიო კრება
ბაზელის საეკლესიო კრება – მსოფლიო საეკლესიო კრება, მიმდინარეობდა 1431-1449 წლებში, ჯერ ბაზელში, ხოლო 1448 წლიდან ლოზანაში, პაპობის დაცემისა და რეფორმაციული მოძრაობის წარმატებების ვითარებაში. ბაზელის საეკლესიო კრებაზე გაჩაღდა ბრძოლა პაპის მომხრეთა და მსოფლიო საკლესიო კრების ზემდგომობის მომხრეთა შორის. კრებამ დაამტკიცა კონსტანცის საეკლესიო კრების (1414-1418) გადაწყვეტილება პაპზე მსოფლიო საკელესიო კრების ზემდგომობის შესახებ, აკრძალა პაპის კურიის სასარგებლოდა რიგი საეკლესიო გადასახადების, კერძოდ ანატების აკრეფა, გამოაცხადა პროვინციული საეკლესიო კრებების რეგულარული მოწვევის საჭიროება. ჰუსიტების გამარჯვებებმა ჩეხიაში აიძულა ბაზელის საეკლესიო კრება კომპრომისზე წასულიყო ზომიერი ჰუსიტების – მებარძიმეთა მიმართ (1433 წელს მათთან დაიდო ხელშეკრულება – პრაღის კომპატაქტები). პაპმა ევგენი IV-მ არ ცნო ბაზელის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებანი და მის საპირისპიროდ 1438 წელს ფერარაში მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც შემდეგ ფლორენციაში გადაიტანეს. ბაზელის საეკლესიო კრებამ გადააყენა ევგენი IV და ფელიქს V-ის სახელით პაპად (შემდგომში ეწოდა ანტიპაპი) აირჩია სავოიის ჰერცოგი ამადეო VIII. მას შემდეგ, რაც ბაზელის საეკლესიო კრების მომხრე ევროპელი მბრძანებლები ყოფილი პაპის მხარეზე გადავიდნენ, საეკლესიო კრების ზემდგომობის მომხრეთა პოზიციები შესუსტდა. 1448 წელს ლოზანაში გადატანილმა ბაზელის საეკლესიო კრებამ 1449 წელს ცნო ახალი პაპი ნიკოლოზ V და თავი დაშლილად გამოაცხადა. ამ მარცხმა დასცა კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი და ნიადაგი მოუმზადა რეფორმაციას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 144.