ახატლის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახატლის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ახატლის აღმოსავლეთით, სოფელ ყარაჯლისკენ მიმავალი გზის პირას. ეკლესია თარიღდება XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (10,3x6,7 მეტრი). ნაგებია რიყის ქვით და აგურით (19x19x4,5 სმ). კედლები, ძირითდად, რიყის ქვისაა, აგური უმეტესად გამოყენებულია კონსტრუქციის ნაწილების, ღიობების და მორთულობის ელემენტების გამოსაყვანად. შესასვლელი სამია: ჩრდილოეთით - შეისრულთაღიანი (ამჟამად ამოქოლილია), სამხრეთით - სწორკუთხა და დასავლეთით - ნახევარწრიული თაღით. შესასვლელები გარედან, კედლის საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული. აღმოსავლეთით ღრმად, ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისგან გამოყოფილიამარტივი პილასტრების წყივილითა და მათზე დაყრდნობილი, საბჯენი თაღით. დარბაზის გრძივ კედლებზე კიდე ორ-ორი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა და საბჯენი თაღებიც ოდნავ შეისრული ფორმისაა. ინტერიერი რვა თაღოვანი სარკმლით ნათდება. მათგან ერთი აფსიდშია გაჭრილი, სამ-სამი კი გრძივ კედლებში, ერთიც დასავლეთ კედელში. ყველა სარკმელს საფეხურებად დამუშავებული ძირი აქვს. აფსიდის გვერდებში თითო მაღალი, შეისრულ თაღიანი ნიშაა. ერთი მცირე ნიშა აფსიდის ჩრდილოეთ ბოლოშია, პილასტრთან ახლო. საკურთხევლის ბაქანი, შუაში მოწყობილი ნახევარწრიული ამბიონით, ეკლესიის იატაკის მიმართ ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის ცენტრში დგას კუბური ფორმის ტრაპეზი.

შენობის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, იატაკიდან 1 მეტრის სიმაღლეზე, თხუთმეტი, ვიწრო სათოფურია გაჭრილი. ამ სათვდაცვო ელემენტები გამოყენება ძეგლის თავისებურებას წარმოადგენს. იატაკი მოფენილია კვადრატული აგურით.

ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებია მორთული. მორთულობის ელემენტებია აგურის წყობის შერრმავებით გამოყვანილი ჯვრები და რომბები. ფასადზე, შესასვლელის ირგვლივ რომბებია გამოსახული, რომლებიც შესასვლელს ჩარჩოსავით ევლება, გვერდებზე ხუთ-ხუთი რომბია, ზემოთ ორი. ზედა რომბებს შორის სწორკუთხა ნიშაა (სიმაღლე 0,7 მეტრი, სიგანე 0,5 მეტრი), მის ზემოთ კი, თღოვანი სარკმელი. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის ძირის დონეზე, საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარია, რომლის ოდნავ ქვემოთ, სარკმლის გვერდებზე, თითო ჯვარია განლაგებული, იმ განსხვავებით, რომ ისისნი საფეხუროვან პოსტამენტზე კი არა არიან დაყრდნობილი, არამედ რომბზე. ცენტრალური ჯვრის მსგავსი ერთი ჯვარი აღმოსავლეთ ფასადზეცაა, ფრონტონის არეში. შენობის კედლები დასრულებულია საფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც გამოყვანილია ჩვეულებრივ დაწყობილი და კუთხით წინწამოწეული აგურების რიგების მონაცვლეობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]