ახალსოფლის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი ახალსოფლის მახლობლად. თარიღდება XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია აგურით. იგი დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, მორღვეულია კედლების ზედა ნაწილი. შესასვლელი ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომლის შუაში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი, ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულად განლაგებული სარკმელები ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშიცაა. სარკმლებს აგურით გამოყვანილი თაღები შემოუყვება. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მარტივი პილასტრების წყვილით, რომელთა გარდა, გრძივ კედლებზე, კიდევ ორ-ორი პილასტრია.

ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული ჰქონდა აგურით ნაშენი კარიბჭე, რომელსაც კამაროვანი გადახურვა ჰქონია.

ეკლესიის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა, მოკლებულია მორთულობას. კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი პილასტრებით და მათ შორის მოქცეული სწორკუთხა არეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]