ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა მოციქული პავლე

ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნიახალი აღთქმის 14 ეპისტოლე, რომელსაც მიაკუთვნებენ წმ. მოციქულ პავლეს. პავლე მოციქულმა უფლის მოძღვრების სიღრმეები უფრო ნათელი გახადა, აღნიშნული ეპისტოლეებით. ეპისტოლეთაგან, თითოეულს კონკრეტული მისამართი აქვს. ისინი მიმართულია რომაელთა, კორინთელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, თესალონიკელთა და სხვათა მიმართ. თითოეული მათგანი განსხვავებულია აგებულებისა და შინაარსის თვალსაზრისით და მიმართულია ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებში ახლადმოქცეულთა გასარკვევად. მათ შორის ყველაზე დიდია ეპისტოლეები რომაელთა მიმართ და პირველი კორინთელთა მიმართ, რომლებიც შედგება 16–16 თავისაგან, ხოლო ყველაზე პატარაა ეპისტოლე ფილიმონის მიმართ. ის მხოლოდ ერთ თავს მოიცავს.

პავლე მოციქულის მოღვაწეობა იუდეის სინაგოგებიდან დაიწყო. ის იყო ქრისტიანობის მდევნელი სავლე. უფლის მოწოდებით სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა. ამ მიზნით მან სამჯერ იმოგზაურა სხვადასხვა ადგილებში — მოიარა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნები არაბეთიდან ესპანეთამდე, იერუსალიმი, სელევკია და კ. კვიპროსი, სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც, კერძოდ, ათენში, კორინთოში, ეფესოსა და კესარიაში. მისი მოქმედებისა და სამისიონერო მოღვაწეობის არეალი ძირითადად იყვნენ ბერძენი წარმართები, რომლებსაც პავლეს განკარგულებით არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა, რამაც ქრისტიან იუდეველთა გულისწყრომა გამოიწვია. იერუსალიმის დაახლ. 52 წლის მოციქულთა კრებამ კამათის შემდეგ გაამართლა პავლეს მოქმედება და დადგენილებით დააკანონა იგი: მოქცეულ წარმართებს არ დაეკისრათ ებრაელთა ჩვეულებითი სჯულის შესრულება. ამიტომ მიიღო პავლემ „წარმართთა მოციქულის სახელი“ და ქრისტიანობაზე მოქცევის საშუალება მისცა მთელი მსოფლიოს ხალხებს, მაშინ, როდესაც ქრისტიანობის გავრცელება თავიდან მხოლოდ ძველი აღთქმის ებრაულ მოსახლეობაში იყო გათვალისწინებული. მან დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის სწორედ ამ მოგზაურობების დროს დაიწერა 14 ეპისტოლე, რომლებიც შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და რიგით მეოთხე წიგნს წარმოადგენს წმინდა ოთხთავის, მოციქულთა საქმენის, კათოლიკე ეპისტოლენის შემდეგ. ის უშუალოდ წინ უსწრებს მხოლოდ იოანეს გამოცხადებას ანუ „აპოკალიფსისს“, რომელიც ახალი აღთქმის ბოლო, მეხუთე წიგნს წარმოადგენს.

ეპისტოლეთა სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რომაელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 16 თავისაგან)
  • პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 16 თავისაგან)
  • მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 13 თავისაგან)
  • გალატელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 6 თავისაგან)
  • ეფესელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 6 თავისაგან)
  • ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 4 თავისაგან)
  • კოლასელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 4 თავისაგან)
  • პირველი თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 5 თავისაგან)
  • მეორე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 3 თავისაგან)
  • პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე (შედგება 6 თავისაგან)
  • მეორე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე (შედგება 4 თავისაგან)
  • ტიტეს მიმართ ეპისტოლე (შედგება 3 თავისაგან)
  • ფილიმონის მიმართ ეპისტოლე (შედგება 1 თავისაგან)
  • ებრაელთა მიმართ ეპისტოლე (შედგება 13 თავისაგან)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]