ანტონ კორბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანტონ კორბინი
Anton Corbijn at Inwards and Onwards.jpg
კორბინი 2011 წელს
დაბადების სახელი ანტონ იოჰანეს გერიტ კორბინ ვან ვილენსვარდი
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1955
სტრეიენი, ნიდერლანდები
საქმიანობა ფოტოგრაფი, რეჟისორი
აქტიური 1979-დღემდე

ანტონ იოჰანეს გერიტ კორბინ ვან ვილენსვარდი (ჰოლანდ. Anton Johannes Gerrit Corbijn van Willenswaard; დ. 20 მაისი, 1955, სტრეიენი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი ფოტოგრაფი, რეჟისორი. ქმნის მუსიკალურ ვიდეო კლიპებს, მათ შორის ყველაზე პოპულარულია U2-ისთვისა და Depeche Mode-სთვის შექმნილი ვიდეოები.[1][2]

მის ნამუშევრებს შორისაა Depeche Mode-ს Enjoy the Silence (1990), U2-ს „One“ (1991), Nirvana-ს „Heart-Shaped Box (1993), Coldplay-ს „Viva la Vida“ (2008) და სხვ.

2007 წელს გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი ცნობილი მუსიკალური ჯგუფის, Joy Division-ის სოლისტის, იან კერტისის შესახებ, სახელწოდებით „კონტროლი“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონ იოჰანეს გერიტ კორბინ ვან ვილენსვარდი 1955 წლის 20 მაისს სტრეიენში, ნიდერლანდებში დაიბადა, 1972 წელს მისი ოჯახი გრონინგენში გადავიდა. კორბინს სამი დედმამიშვილი ჰყავს. მისი უმცროსი ძმა, მარტენ კორბინი (დ. 1960) ფოტოგრაფი და რეჟისორია. ბაბუამისი, ანტონ იოჰანეს კორბინ ვან ვილენსვარდი (1886-159) ხელოვნების მასწავლებელი და მხატვარი იყო.

ფოტოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Joy Division 1980 წელს. ანტონ კორბინის ფოტო

კორბინი თავის ფოტოგრაფიულ კარიერაზე ჟურნალისტ ნატაშა პრინცთან საუბრობს: „...ჩემი შეხება ფოტოგრაფიასთან ძალიან მარტივი იყო და მას საერთო არაფერი ჰქონდა რაიმე ცოდნასთან ან საოცარი ნამუშევრების შექმნის სურვილთან. უბრალოდ, შეპყრობილი ვიყავი მუსიკალური სამყაროთი და ვცდილობდი, ყველანაირი გზა მეპოვა იმისთვის, რომ მისი ნაწილი გავმხდარიყავი. ერთხელ მამაჩემს თავისი კამერა ვთხოვე და ჩვენს ქალაქში, კონცერტზე რამდენიმე ფოტო გადავიღე. მაშინვე დავიჯერე, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მოწოდება. თავად ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესი იმ მომენტშივე გამიჩნდა, მაგრამ ძალიან დიდ ხანს მხოლოდ მუსიკოსებს ვიღებდი.“[3]

1970-იან წლებში ბრიტანული მუსიკალური ჟურნალი, New Musical Express, მის ნამუშევრებს ყოველკვირეულად აქვეყნებდა, კორბინს სხვადასხვა მუსიკოსების გადაღება უწევდა. მათ შორის იყო დევიდ ბოუი. თავდაპირველად კორბინი შავ-თეთრ ფერებში მუშაობდა, მაგრამ 1989 წლიდან ფერადი ფოტოების გადაღებაც დაიწყო.

კორბინს გადაუღია ბობ დილანი, Joy Division, ტომ უეიტსი, ბრუს სპრინგტინი, პიტერ ჰემილი, მაილზ დევისი, ბიორკი, რობერტ დე ნირო, სტივენ ჰოუკინგი, ელვის კოსტელო, მორისი, პიტერ მარფი, კლინტ ისტვუდი და სხვები. მას ყველაზე დიდხნიანი საქმიანი ურთიერთობა Depeche Mode-სა და U2-სთან აკავშირებს.

კორბინი 2008 წელს

კორბინის ურთიერთობა Depeche Mode-სთან 1986 წელს, „A Question of Time“-ს გადაღებისას დაიწყო. მან ჯგუფის 20 ვიდეო კლიპი გადაიღო. აგრეთვე არის Depeche Mode-ს რამდენიმე ალბომის დიზაინერი.

კორბინს უმუშავია სხვადასხვა მუსიკოსების ალბომების გარეკანებზე, როგორებიც არიან: ნიკ ქეივი, ბრაიან ადამსი, Metallica, The Rolling Stones, ბონ ჯოვი, The Killers, R.E.M, The Bee Gees და სხვ.

კინემატოგრაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს გამოვიდა კორბინის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „კონტროლი“. იგი Joy Division-ის სოლისტის, იან კერტისის ცხოვრებას ეხება. დაფუძნებულია დებორა კერტისის (იან კერტისის ყოფილი ცოლი) წიგნზე, სახელწოდებით „შორიდან შეხება“[4]. ფილმის პრემიერა 2007 წლის 17 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა.[5]

2010 წელს კორბინმა თავისი მეორე სრულმეტრაჟიანი თრილერის ჟანრის ფილმი, „ამერიკელი“ გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ჯორჯ კლუნი ასრულებს.

2014 წელს გამოვიდა მისი შემდეგი ფილმი, „ყველაზე სასურველი კაცი“, რომელიც ჯონ ლე კარეს იგივე სახელწოდების მქონე რომანზეა დაფუძნებული.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2007 „კონტროლი“ Control რეჟისორი
2009 „ხაზოვანი“ Linear რეჟისორი
2010 „ამერიკელი“ The American რეჟისორი
2014 „ყველაზე სასურველი კაცი“ A Most Wanted Man რეჟისორი
2014 „Depeche Mode-ს კონცერტი ბერლინში“ Depeche Mode Live in Berlin რეჟისორი
2015 „ცხოვრება“ Life რეჟისორი
2019 „სულები ტყეში“ Spirits in the Forest რეჟისორი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]