შინაარსზე გადასვლა

ანიკეტის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანიკეტის აჯანყება — ახ. წ. 69 წელს გამართული ანტირომაული აჯანყება პონტოში. აჯანყებასთან დაკავშირებით ცნობები დაცულია ტაციტუსის „ისტორიაში“.

აჯანყებას სათავეში ედგა ანიკეტი, სამეფო ფლოტის ყოფილი მეთაური. მან ისარგებლა იმპერიის შინაგანი რთული მდგომარეობით და თავის მხარეზე გადაიბირა პონტოსთან მცხოვრები ტომები. მოულოდნელად შეიჭრა ტრაპეზუნდში, გაანადგურა რომაელები, აიღო ქალაქი და დაწვა სანაპიროზე მდგომი ხომალდები. აღმოსავლეთ რომის იმპერიის მმართველმა ვესპასიანემ სამხედრო რაზმები გააგზავნა აჯანყების ჩასახშობად ვირდიუს გემინუსის მეთაურობით. ისინი თავს დაესხნენ ანიკეტის გაფანტულ მეომრებს. რომაელთა რაზმების უფროსი მდინარე ხობისწყლის შესართავთან დაეწია ანიკეტს, რომელიც შეფარებული იყო სედოხეზების მეფესთან. რომაელებმა მოისყიდეს მათი მმართველი და მათ ანიკეტი თავის მომხრეებთან ერთად რომაელებს ჩააბარეს. აჯანყების მეთაური სიკვდილით დასაჯეს 69 წელს.

ანიკეტის აჯანყებამ რომს აჩვენა, რომ შეუძლებელი იყო დაემორჩილებინა სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობა, რომისთვის ცხადი გახდა, რომ კოლხეთში საჭირო იყო სამოკავშირეო ურთირერთობათა დამყარება. ამის შემდგომ რომის იმპერია დაპყრობილ ტერიტორიებზე დათმობებზე წავიდა. რამაც ხელი შეუწყო II-III საუკუნეებში ნახევრად დამოუკიდებელი ლაზების, აფშილების, აბაზგების და სანიგების სამთავროების შექმნას.

  • საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XX საუკუნემდე), ტ. I, თბ., 2012, გვ. 202-203