ვესპასიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვესპასიანე ფლავიუსი)
ტიტუს ფლავიუს კეისარი ვესპასიანუს ავგუსტუსი
Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus

ვესპასიანეს ბიუსტი
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1 ივლისი, 69
მმართ. დასასრული: 23 ივნისი, 79
წინამორბედი: ვიტელიუსი
მემკვიდრე: ტიტუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 ნოემბერი, 9
გარდ. თარიღი: 23 ივნისი, 79 (69 წლის)
მეუღლე: დომიცილა უფროსი (გარდაიცვალა 69 წლამდე)
კენისი (საყვარელი და ფაქტობრივი ცოლი 65–74 წწ.)
შვილები: ტიტუსი
დომიციანე
დომიცილა უმცროსი
დინასტია: ფლავიუსები
მამა: ტიტუს ფლავიუს საბინუსი
დედა: ვესპასია პოლა
რომის საიმპერატორო დინასტიები
ფლავიუსების დინასტია
ქრონოლოგია
ვესპასიანე 69-79 წწ.
ტიტუსი 79-81 წწ.
დომიციანე 81-96 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
ოთხი იმპერატორის წელი
მემკვიდრე
ანტონინუსების დინასტია

ვესპასიანე (ლათ. Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus ტიტუს ფლავიუს კეისარი ვესპასიანუს ავგუსტუსი; დ. 17 ნოემბერი, 9 — გ. 23 ივნისი, 79[1]) — რომის იმპერატორი 69–79 წლებში. ფლავიუსების დინასტიის დამაარსებელი, რომელიც იმპერიას 27 წლის განმავლობაში მართავდა. ვესპასიანე წარმოშობით მდაბიო გვარის ოჯახიდან იყო,[2][3] რომელმაც სენატორთა რანგს იულიუს-კლავდიუსების დინასტიის იმპერატორთა დროს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მან წარმატებას მიაღწია საჯარო სამსახურში და 51 წელს კონსულიც გახდა, ვესპასიანე ცნობილი მისი სამხედრო მიღწევებით გახდა: იგი იყო რომის II ლეგიონის ლეგატი რომაელთა ბრიტანეთში შეჭრისას[4] და დაიმორჩილა იუდეა ებრაელთა 66 წლის აჯანყებისას.[5]

როდესაც ვესპასიანემ ებრაელთა აჯანყებისას იერუსალიმს ალყა შემოარტყა, იმპერატორმა ნერონმა თავი მოიკლა და იმპერია ოთხი იმპერატორის წლის სახელით ცნობილ სამოქალაქო ომში ჩაძირა. მას შემდეგ, რაც გალბა და ოტონი მიყოლებით გარდაიცვალნენ ხანმოკლე მმართველობის შემდეგ, 69 წლის აპრილში ვიტელიუსი მესამე იმპერატორი გახდა, რის საპასუხოდაც, რომაული ეგვიპტისა და იუდეის ლეგიონებმა თავიანთი მთავარსარდალი, ვესპასიანე, იმპერატორად გამოაცხადეს 69 წლის 1 ივლისს.[6] იმპერატორის ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ვესპასიანე შეუკავშირდა სირიის მმართველ მუციანუსსა და პანონიის სარდალ პრიმუსს, ხოლო იერუსალიმის ალყის გასაგრძელებლად თავისი ვაჟი, ტიტუსი დატოვა. პრიმუსი და მუციანუსი მეთაურობდნენ ფლავიუსების ძალებს ვიტელიუსის წინააღმდეგ, ხოლო ვესპასიანემ ეგვიპტეზე დაამყარა კონტროლი. 69 წლის 20 დეკემბერს ვიტელიუსი დამარცხდა, ხოლო მომდევნო დღეს რომის სენატმა ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადა. ვესპასიანეს ტრიბუნობის წლები 1 ივლისიდან იწყება, როდესაც მან თავისი ძალაუფლების ლეგალურ წყაროდ სენატისა და ხალხის ნაცვლად თავისი ლეგიონები გამოაცხადა და ისინი ამომრჩეველ კოლეგიად გარდაქმნა.[7]

ვესპასიანემ ჩაატარა ახალი ცენზი და განაახლა სენატის შემადგენლობა. მან სენატში არა მხოლოდ რომაელი და იტალიელი წარჩინებულები, არამედ, მნიშვნელოვანწილად, პროვინციელებიც შეიყვანა.[8] ვესპასიანემ დიდი სიმტკიცით, მოთმინებითა და პრინციპულობით დაიწყო სავსებით მოშლილი ფინანსური პოლიტიკის მოწესრიგება. დაცარიელებული ხაზინის შესავსებად იგი არავითარ საშუალებას არ ერიდებოდა. აღადგინა ყველა გაუქმებული გადასახადი და შემოიღო ახლები.[9] წყაროების თანახმად, ვესპასიანეს, პრაქტიკულად, არაფერი დარჩენია დაუბეგრავი. მან გადასახადი საპირფარეშოებზეც კი დააწესა. გადმოგვცემენ, რომ, როდესაც ამასთან დაკავშირებით მას უფროსმა ვაჟმა, ტიტუსმა უსაყვედურა, ვესპასიანემ შვილს ცხვირთან მიუტანა ამ გადასახადით მიღებული ოქროს ფული და უთხრა: აბა, დაყნოსე, სუნი თუ ასდისო.[9] ამგვარად გაჩნდა ცნობილი გამონათქვამი — ფულს სუნი არ აქვს.

სიძუნწით განთქმული იმპერატორი მშენებლობისათვის ხარჯებს არ ერიდებოდა. სწორედ მან ააგო მრავალი ცნობილი და მნიშვნელოვანი ნაგებობა რომში. აღადგინა გადამწვარი კაპიტოლიუმი, ააშენა მშვიდობის ბრწყინვალე ტაძარი და მის გვერდით საჯარო ბიბლიოთეკა, ფორუმი. ქალაქი დაამშვენა გრანდიოზული ამფითეატრით (კოლოსეუმი), დაასრულა კლავდიუსის დროს დაწყებული კოლონადების მშენებლობა, აღადგინა და გაამშვენიერა ნერონის დროინდელი ნახანძრალი ქუჩები, მოაწესრიგა წყალსადენები, იტალიასა და პროვინციებში გაიყვანა გზები და ა. შ.[9][10]

68–69 წლების მოვლენების საპასუხოდ, ვესპასიანემ გააუმჯობესა არმიის დისციპლინა, გენერალ აგრიკოლას საშუალებით კი მან ბრიტანეთში იმპერიის ექსპანსია გააძლიერა. მისი პოლიტიკის სოციალურ საყრდენს პროვინციული არისტოკრატია წარმოადგენდა, რომლებზედაც იგი რომის მოქალაქეთა უფლებებს ავრცელებდა.[2]

79 წელს ვესპასიანე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას იუმორის გრძნობა სიკვდილის წინაც კი არ დაუკარგავს, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ვაიმე, ცუდად შევიქენ, მგონი ღმერთად უნდა ვიქცე!“ და შემდეგ: „იმპერატორი ფეხზე მდგომარე უნდა მოკვდეს!“ ამ სიტყვებით პირზე ღიმილით, სამხედრო პოზაში გაჭიმული შეეგება სიკვდილს.[11]

მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორის ტახტი მისივე ვაჟმა, ტიტუსმა დაიკავა, რითაც ვესპასიანე გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელიც ტახტზე უშუალოდ მისმა ბიოლოგიურმა შვილმა ჩაანაცვლა, რაც ფლავიუსების დინასტიის დასაბამად იქცა.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველადი წყაროები
მეორეული წყაროები
  • ლ. სანიკიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 381-382.
  • სანიკიძე, ლევან (1984). რომის იმპერია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 
  • Lissner, I. (1958). "Power and Folly: The Story of the Caesars". Jonathan Cape Ltd., London.
  • Courtney, H. (1999). Vespasian (Roman Imperial Biographies), Routledge. ISBN 0-415-16618-7 (hbk). ISBN 0-415-33866-2 (pbk.).
  • Morgan, G. (2006). 69 A. D. The Year of the Four Emperors. London: OUP, გვ. 170–173. ISBN 9780195124682. 
  • Levick, B. (1999). Vespasian (Roman Imperial Biographies). Oxford: Routledge. ISBN 0-415-16618-7. 
  • Roberts, J. (ed.) (2007). 'Vespasian' in Oxford Dictionary of the Classical World (e-reference edition). Oxford University Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Levick, Vespasian, xxi & 4
  2. 2.0 2.1 ქსე, ტ. 4. გვ. 381
  3. სანიკიძე, (1984), გვ. 67
  4. Levick, Vespasian, 16.
  5. Levick, Vespasian, 29–38.
  6. Levick, Vespasian, 43.
  7. ODCW, Vespasian (2007).
  8. სანიკიძე, (1984), გვ. 68
  9. 9.0 9.1 9.2 სანიკიძე, (1984), გვ. 69
  10. ქსე, ტ. 4, გვ. 381-382
  11. სანიკიძე, (1984), გვ. 72
ვესპასიანე
დაიბადა: 17 ნოემბერი, 9 გარდაიცვალა: 23 ივნისი, 79
რომის იმპერატორები
წინამორბედი:
ვიტელიუსი
რომის იმპერატორი
69-79
შემდეგი:
ტიტუსი
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გაიუს კვინტიუს ატიკუსი და გნეუს ცეცილიუს სიმპლექსი
რომის იმპერიის კონსული
70-72
ტიტუსთან ერთად (70)
ნერვასთან ერთად (71)
ტიტუსთან ერთად (72)
შემდეგი:
დომიციანე და ლუციუს ვალერიუს კატულუს მესალინუსი
წინამორბედი:
დომიციანე და ლუციუს ვალერიუს კატულუს მესალინუსი
რომის იმპერიის კონსული
ტიტუსთან ერთად
74-77
შემდეგი:
დეციმუს იუნიუს ნოვიუს პრისკუს რუფუსი და ლუციუს ცეიონიუს კომოდუს ვერუსი
წინამორბედი:
დეციმუს იუნიუს ნოვიუს პრისკუს რუფუსი და ლუციუს ცეიონიუს კომოდუსი
რომის იმპერიის კონსული
ტიტუსთან ერთად
79
შემდეგი:
ტიტუსი და დომიციანე
ფლავიუსების დინასტია
ვესპასიანე | ტიტუსი | დომიციანე