ამბროლაურის განძი
ამბროლაურის განძი — ვერცხლის ნივთებისა და მონეტების შერეული განძი, აღმოჩენილი 1909 წელს ამბროლაურის მახლობლად. შედგებოდა ვერცხლის სურის, ფიალის, 7 ბალთის, 2 ზოდისა და 2287 მონეტისაგან, რომელთაგან 948 დიდი ზომისა ყოფილა, 124 — საშუალო, ხოლო 1215 — წვრილი.
ამბროლაურის განძის შემადგენლობიდან 1 ბალთა და 15 მონეტა მოხვდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში, 16 მონეტა — სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და 1 მონეტა — აზერბაიჯანის ისტორიულ მუზეუმში; დანარჩენი დაკარგულია. მუზეუმებში მოხვედრილი 32 მონეტიდან 5 ცალი XIII-XV სს 2 კირმანეულია (ყველა გახვრეტილია, მათი მასა მერყეობს 1,07 — 2,23 გრამს შორის); 13 — თამაზ I სეფიანის (1524-76) დროინდელი ბისთი (მასა 0,65 — 0,93 გ), ხოლო 14 — აბას I-ის (1587-1629) სახელით თავრიზში (1 ც.), თბილისსა (1 ც.) და ძეგამში (12 ც.) მოჭრილი აბაზი (მასა 7,57 — 7, 78 გ).
ამბროლაურის განძი დაფლულია XVII საუკუნის დამდეგს და ასახავს იმდროინდელი საქართველოს სამონეტო მიმოქცევის სურათს. გამოთქმულია, მოსაზრება (ე. პახომოვი, თ. ლომოური), რომ ს. ჯანაშია სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ე.წ. რაჭისა და „უპასპორტო განძები“ ამბროლაურის განძის ნაწილი უნდა იყოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია საქართველო, თბ. 1997, ტ. I, გვ. 121.