შინაარსზე გადასვლა

ალქიმიკოსი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ალქიმიკოსი“
O Alquimista

ავტორი პაულო კოელიო
ქვეყანა ბრაზილია
ენა პორტუგალიური
გამომცემელი 1988
გამოცემის თარიღი 1988
მთარგმნელი მზია გელაშვილი
მედია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გვერდი 128
წინამორბედი The Pilgrimage
მომდევნო ბრიდა და მეხუთე მთა
ISBN 99940-30-30-2

ალქიმიკოსი (პორტ. O Alquimista) — ბრაზილიელი ავტორის პაულო კოელიოს რომანი. პირველად გამოიცა 1988 წელს, პორტუგალიურ ენაზე, მოგვიანებით ითრგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე და და გახდა საერთაშორისო ბესტსელერი. ქართულად თარგმნა მზია გელაშვილმა. რომანში მოთხრობილია ესპანელი მწყემსი ბიჭის სანტიაგოს ისტორია, რომლის ოცნება ეგვიპტეში მოგზაურობა და პირამიდების მონახულებაა.

ანდალუსიელი მწყემსი ბიჭი, სახელად სანტიაგო, ერთ-ერთ დანგრეულ ეკლესიაში ღამის გათენებისას უცნაურ სიზმარს ნახავს, ეგვიპტის პირამიდების მახლობლად დაფლული განძის შესახებ. სიზმარში ნანახი ბიჭის მთავარ მიზნად გადაიქცევა. იგი სიზმრის ასახსნელად ბოშა ქალთან მივა, რათა უფრო მეტი გაიგოს თუ რას ემსახურება ძილში უკვე მეორედ ნანახი ეს ამბავი. ბოშა ქალი ამ სიზმარს ახსნის როგორც წინასწარმეტყველებას და ბიჭს ეგვიპტეში წასვლას ურჩევს, დაფლული საგანძურის საპოვნელად.

ბოშასთან საუბრის დღეს საინტიაგოს კიდევ ერთი უნცაური ამბავი შეემთხვევა, იგი შეხვდება კაცს, სახელად მელქისედეკს, რომელიც თავის თავს სალიმის ხელმწიფეს უწოდებს. მელქისედეკი სანტიაგოს ახალ რჩევებს აძლევს, რომ აუცილებელად უნდა მიჰყვეს მის ბედისწერას, ცხვრის ფარა გაყიდოს და გაემგზავროს ეგვიპტეში. თავდაპირველად სანტიაგო ტარიფაში ჩავა, რათა მომავალი მგზავრობისთვის გამყოლი იპოვოს. თუმცა, პირველივე შემხვედრი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მას დახმარებას შესთავაზებს, ყაჩაღი აღმოჩნდება და სანტიაგოს მთელ დანაზოგს მოიპარავს. უფულოდ დარჩენილი სანტიაგო შეეცდება სამუშაოს შოვნას იმავე ქალაქში, რათა საკმარისი თანხა მოაგროვოს უკან ესპანეთში დასაბრუნებლად, ცხვრების საყიდლად და კვლავ მწყემსის ცხოვრების გასაგრძელებლად. ასე დაიწყებს იგი მუშაობას ბროლის ვაჭრის ფარდულში.

ბროლის ფარდულში თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ სანტიაგო საკმარის თანხას შეაგროვებს ცხვრის ახალი ფარის შესაძენად და უკან ესპანეთში დასაბრუნებლად. თუმცა, იგი კვლავ ფიქრობს თავის მთავარ ოცნებაზე და საბოლოოდ გადაწყვეტს კვლავ პირამიდებისკენ გააგრძელოს სვლა. ეგვიპტისკენ მოგზაურობისას იგი ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდება და ბევრ უცნაურ ამბავს შეიტყობს, მათ შორის ალქიმიკოსების შესახებ, რომლებსაც, გადმოცემის თანახმად, შეუძლიათ ნებისმიერი ლითონის ოქროდ გადაქცევა. უდაბნოში, ქარავნის გამცილებლებთან ერთად მოგზაურობისას, სანტიაგოს ოაზიში მოუწევს გაჩერება, სადაც ერთ არაბ გოგოს, ფატიმას, გაიცნობს. წიგნის მთავარ პერსონაჟს ფატიმა თავდავიწყებით შეუყვარდება. სწორედ ამ დროს აღმოჩნდება იგი რთული არჩევანის წინაშე გააგრძელოს თავისი ოცნებისკენ სვლა თუ დარჩეს ოაზისში საყვარელ ქალთან. ფატიმა სანტიაგოს გზის გაგრძელებას ურჩევს და პირობას მისცემს, რომ აუცილებლად დაელოდება.

ოაზიში ყოფნისას სანტიაგო კიდევ ერთ პერსონაჟს ალქიმიკოსს, ხვდება, რომელიც მას გზის გაგრძელებაში დაეხმარება, თავისი ცოდნის ნაწილს გადასცემს და საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხამრება. პირამიდებისკენ მიმავალი სანტიაგოს ბევრი განსაცდელის გადალახვა მოუწევს, უდაბნოში მოგზაურობას სახიფათოს ხდის ადგილობრივ ტომთა შორის მიმდინარე ომი. გარდა ამისა, სანტიაგომ უნდა შეძლოს საბოლოო გამოცდის გავლაც, უნდა დაამტკიცოს, რომ მასაც შეუძლია გახდეს ნამდვილი ალქიმიკოსი, ჩაწვდეს „სამყაროს სულს“.

პირამიდებთან მისული სანტიაგო აღმოაჩენს, რომ რეალურად საგანძური დაფლული იყო არა პირამიდების სიახლოვეს, არამედ ესპანეთში, თავის სამშობლოში, სწორედ იმ ეკლესიის საძირკველთან, სადაც მან ადრე უცნაური სიზმარი იხილა. თუმცა, ეგვიპტეში მოგზაურობა საერთოდ არ გამოდგება უნაყოფო, რადგან მან შეძლო საკუთარი თვალით ეხილა მსოფლიოს უდიდესი საოცრება, ასევე, უდაბნოში მოგზაურობისას ცხოვრების სიყვარულიც იპოვა.

  • გამოცემულია 117 ქვეყანაში
  • ალქიმიკოსი ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად წიგნად მიიჩნევა და გინესის რეკორდების წიგნშიც არის მოხსენიებული.
  • 2002 წელს პორტუგალიურმა "ჟურნალ დი ლეტრაშმა", რომელიც ადგილობრივ ლიტერატურულ წრეებში ავტორიტეტულ გამოცემად ითვლება, განაცხადა, რომ ალქიკიმოსი პორტუგალიურ ენაზე გამოცემულ ნაწარმოებთაგან ყველაზე მეტ ეგზემპლარად არის გამოცემული ამ ენის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]