შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ვაჩეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჩეიშვილი.

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ვაჩეიშვილი (დ. 12 აპრილი, 1886, ქუთაისი — გ. 31 ივლისი, 1964, თბილისი) — ქართველი იურისტი, სახელმწიფო და სამართლის სპეციალისტი, პროფესორი, საქართველოს იურიდიული მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).

1904 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში გაემგზავრა. ლექციებს ისმენდა პარიზის, ბრიუსელის და ჟენევის უნივერსიტეტებში, მაგრამ ავადმყოფობის გამო იძულებული შეიქმნა სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1908 წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1912 წელს წარჩინებითი დიპლომით დაამთავრა და მიენიჭა სამართლის კანდიდატის წოდება.

1915 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოდესის კერძო გიმნაზიაში. 1921 წელს ოდესის სახალხო განათლების ინსტიტუტში ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და აირჩიეს ლექტორად, მაგრამ აქ დიდხანს არ დარჩენილა — 1922 წელს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ჩამოდის სამშობლოში და აქტიურად მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის (ეკონომიკური და იურიდიული განყოფილებებით) ჩამოყალიბებაში.

1932 წლიდან ა. ვაჩეიშვილი სამი ათეული წლის მანძილზე განაგებდა უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრას. ფართო ერუდიცია, მეცნიერული მუშაობის მაღალი კულტურა, უცხო ენების ცოდნა მას საშუალებას აძლევდა შეექმნა ფუნდამენტური გამოკვლევები სამართლის თეორიასა და ისტორიაში. დამუშავებული აქვს შუა საუკუნეების საქართველოს სისხლის სამართლის, ფეოდალური მიწთმფლობელობისა და ფეოდალური სახელმწიფოებრივი წყობილების მნიშვნელოვანი პრობლემები. მის კალამს ეკუთვნის 3 ტომიანი ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან (მესამე ტომს თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით პირველი პრემია მიენიჭა). დიდია მეცნიერის ღვაწლი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა-დამუშავებაშ და რუსულიდან ქართულ ენაზე იურიდიული ლიტერატურის თარგმნის საქმეში. დაჯილდოვებული იყო ლენინის ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — მარიამ გიორგის ასული ამილახვარი (დ. 1 აპრილი, 1898 — გ. 21 იანვარი, 1979, თბილისი).

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 145, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]