აბუ ბაქრ მუჰამად არ-რაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბუ ბაქრ მუჰამად არ-რაზი
Zakariya Razi 001.JPG
დაბ. თარიღი 865
რეი
გარდ. თარიღი 925
რეი
საქმიანობა მეცნიერ-ენციკლოპედისტი
ექიმი
ალქიმიკოსი
ფილოსოფოსი

აბუ ბაქრ მუჰამად იბნ ზაქარია არ-რაზი (დ. დაახლოებით 865, რეი — გ. დაახლოებით 925, რეი) — სპარსელი მეცნიერ-ენციკლოპედისტი, ექიმი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი. არ-რაზის ბევრი თხზულება მოგვიანებით ითარგმნა ლათინურ ენაზე და ფართო ცნობადობა და აღიარება მოიპოვა დასავლეთევროპელ ექიმებსა და ალქიმიკოსებს შორის. ევროპაში ცნობილია ლათინიზებული სახელით რაზესი.

აბუ ბაქრ მუჰამად იბნ ზაქარია არ-რაზი დაიბადა სპარსეთის ქალაქ რეიში, რომელიც თეირანის სიახლოვეს მდებარეობს. სპარსეთში მან მიიღო მრავალმხრივი განათლება და კერძოდ, შეისწავლა ფილოსოფია, მეტაფიზიკა, პოეზია და ალქიმია. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაკავდა ლითონების გაკეთილშობილების ცდებსა და ელექსირის ძიებაზე. 30 წლის ასაკში არ-რაზი ბაღდადში გაემგზავრა, სადაც მედიცინა შეისწავლა. მოგვიანებით მან სახელი გაითქვა როგორც დახელოვნებულმა ექიმმა. კლინიკას ხელმძღვანელობდა ჯერ რეიში, ხოლო შემდეგ ბაღდადში. არ-რაზი კარგად იცნობდა ანტიკურ მეცნიერებას, მედიცინასა და ფილოსოფიას; მან შექმნა შრომები ფილოსოფიაში, ეთიკაში, თეოლოგიაში, ლოგიკაში, მედიცინაში, ასტრონომიაში, ფიზიკასა და ალქიმიაში. სულ შექმნა 184 თხზულება, რომელთაგან ჩვენამდე 61-მა მოაღწია. მისი ბევრი შრომა ითარგმნა ევროპაში ლათინურ ენაზე X-XIII საუკუნეებში.

არ-რაზის ფილოსოფიურ კონცეფციას საფუძვლად უდევს ხუთი მუდმივი საწყისი: „შემოქმედი“, „სული“, „მატერია“, „დრო“, „სივრცე“. არ-რაზის ატომიზმი ახლოს დგას დემოკრიტეს ატომიზმთან; არ-რაზს სწამდა აბსოლუტური სივრცე, აბსოლუტური დრო და აღიარებდა სამყაროთა მრავალრიცხობას. მისი აზრით, ყველა საგანი შედგება განუყოფელი ელემენტებისა (ატომებისაგან) და მათ შორის არსებული ცარიელი სივრცისაგან. ეს ელემენტები მუდმივია და უცვლელი და აქვთ განსაზღვრული ზომა. საგანთა თვისებები, რომლებიც შედგება არისტოტელეს ოთხი საწყისისაგან, განისაზღვრება მათი შემცვლელი ატომებისა და მათ შორის არსებული სიცარიელეების ზომებით. თვით ოთხი საწყისის ატომებს შორის არსებული ცარიელი სივრცის სიდიდე განსაზღვრავს მათ ბუნებრივ მოძრაობას. ასე, წყალი და მიწა ქვემოთ მოძრაობს, მაშინ როდესაც ცეცხლი და ჰაერი ზემოთ.

არ-რაზის ეთიკაში ასკეტიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, მოუწოდებდა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისაკენ, სოკრატეს მაგალითად მიიჩნევდა. არ-რაზი აკრიტიკებდა მის დროს არსებულ ყველა რელიეგიას: ჭეშმარიტება ერთია, რელიგია ბევრი, შესაბამისად, ყველა რელიგია ყალბია. ჭეშმარიტების წყარო, არ-რაზის აზრით, უნდა გახდეს ფილოსოფოსებისა და მეცნიერების წიგნები, და არა წმინდა წერილები. არ-რაზის ანტიკლერიკანულმა გამონათქვამებმა გამოიწვია მძაფრი კრიტიკა X-XI საუკუნეების მუსლიმან მოაზროვნეთა შორის.

არ-რაზის ალქიმიური შრომებიდან ყველაზე მეტად ცნობილია „საიდუმლოთა წიგნი“ და „საიდუმლოების საიდუმლოთა წიგნი“. არ-რაზი კარგად იცნობდა ბერძენი ფილოსოფოსებისა და ალექსანდრიელი ალქიმიკოსების თხზულებებს; მან შეისწავლა აგრეთვე VIII-IX საუკუნეების არაბი ავტორების ორიგინალური თხზულებები.

არ-რაზის აზრით, ალქიმიის მიზანია ელექსირების მეშვეობით ლითონების ტრანსმუტაცია, რომელიც ხორციელდება ლითონების საფუძვლის მიღების ოპერაციით. გარდა ამისა, ალქიმია უნდა დაკავდეს ჩვეულებრივი ქვებისგან (კვარცი, მინა) ძვირფასი ქვების მიღებით.

თავის თხზულებებში არ-რაზიმ აღწერა სხვადასხვა ქიმიური აპარატი, ხელსაწყო და ქიმიური ოპერაცია. „საიდუმლოთა წიგნში“ მან ალქიმიის მთელი მასალა სამ ძირითად ნაწილად დაყო: ნივთიერების შეცნობა, ხელსაწყოების შეცნობა და ოპერაციების შეცნობა.

არ-რაზის ძირითადი ნაშრომი მედიცინაში არის „ალ-ხავი“ და „მანსურუსადმი მიძღვნილი 10-ტომიანი სამედიცინო წიგნი“ — არაბულ ენაზე არსებული თავისებური სამედიცინო ენციკლოპედია. შემდგომში ეს თხზულებები ლათინურ ენაზე გადაითარგმნა. რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ეს თხზულებები ექიმებისთვის სახელმძღვანელოდ რჩებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Фигуровский Н. А. Очерк общей истории химии. От древнейших времен до начала XIX века. — М.: Наука, 1969. — 455 с.
  • Всеобщая история химии. Возникновение и развитие химии с древнейших времен до XVII века. — М.: Наука, 1980. — 399 с.