ადამიანის მსგავსი მაიმუნები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჰომინიდები)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამიანის მსგავსი მაიმუნები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ქვერიგი: Haplorrhini
ოჯახი: ანთროპოიდები
ლათინური სახელი
Pongidae

ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ანთროპოიდები (ბერძნ. anthropos — ადამიანი და eidos — სახე), (Anthropomorphidae ანუ Pongidae) — ცხვირვიწრო მაიმუნების ოჯახი პრიმატების რიგისა. ადამიანის მსგავსი მაიმუნებია: ადამიანთან განსაკუთრებით ახლო მდგომი გორილა, შიმპანზე და ორანგუტანი. გორილა და შიმპანზე აფრიკის ბინადრებია, ორანგუტანი კი აზიაში (კალიმანტანსა ანუ ბორნეოსა და სუმატრაზე) გვხვდება. ადამიანის მსგავსი მაიმუნები ცხოვრობენ უღრან ტროპიკულ ტყეებში, მეტწილად ხეებზე; მათთვის დამახასიათებელია გრძელი ფეხები: როდესაც ვერტიკალურად დგანან, ხელები მუხლისთავს ქვემოთ სწვდებათ. მიწაზე დადიან ნახევრად ვერტიკალურად და ეყრდნობიან ხელის თითების ზურგის მხარეს. ლოყისუკანა პარკები, ტუჩების წითელი ლორწოვანი გარსი, საჯდომი კორძები და კუდი არა აქვთ, ცხოვრობენ ხროვად. გამრავლებისათვის გარკვეული დრო არა აქვთ, რადგან კვერცხუჯრედი თვედათვე მწიფდება. მაკეობა გრძელდება 9 თვემდე. შობენ ერთ, იშვიათად ორ ნაშიერს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9-10 წლის ასაკში. ცოცხლობენ 20-50 წლამდე. თავის ტვინი საკმაოდ რთული აგებულებისა აქვთ. სხეულის სიგრძე — 1,5-2 მ, წონა — 60-250 კგ აღწევს.

ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებით ადამიანის მსგავსი მაიმუნები სხვა მაიმუნებთან შედარებით ყველაზე ახლო დგანან ადამიანებთან. მათ, როგორც ადამიანს, აქვთ ჭიაყელა ნაწლავი, კუდუსუნი, გავის 4-6 მალა, ფართო მკერდი, 12-13 წყვილი ნეკნი და სხვა. ადამიანის მსგავსი მაიმუნების უმაღლესი ნერვული მოქმედების შესწავლის შედეგად დადგენილია მათი მსგავსებაც და თვისებრივი განსხვავებაც ადამიანისაგან. მსგავსება განსაკუთრებით დიდია ემბრიონულ პერიოდში. ეს ერთხელ კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი და ადამიანის მსგავსი მაიმუნები წარმოშობილი არიან ერთი საერთო წინაპრისაგან, შემდეგ კი მათი ევოლუცია სცვადასხვა მიმართულებით წარმართულა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 81, თბ.,1975; ენგელსი ფ., შრომის როლი მაიმუნის გაადამიანების პროცესში, თბ., 1971;
  • Дарвин ч., Происхождение человека и половой отбор, Соч., т. 5, М. – Л., 1953;
  • Жизнь животних, т. 6 – Млекопитающие, М., 1971

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: