ჰენრი პერსელი
|
ჰენრი პერსელი |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | დაახ. 1659 | |
| დაბადების ადგილი | ლონდონი | |
| მოღვაწეობა | კომპოზიტორი | |
| გარდაცვალების თარიღი | 21 სექტემბერი, 1695 | |
| გარდაცვალების ადგილი | ლონდონი | |
| ეროვნება | ინგლისელი | |
ჰენრი პერსელი (ინგლ. Henry Purcell; დ. დაახ. 1659, ლონდონი – გ. 21 სექტემბერი, 1695, ლონდონი), ინგლისელი კომპოზიტორი და ორგანისტი. ლონდონის სამეფო კარის მუსიკოსი. პერსელის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მრავალჟანრიანობა. პერსელის შემოქმედების მწერვალია ოპერა "დიდონა და ენეა" (1689), პირველი ინგლისის ეროვნული ოპერა (ვერგილიუსის ენეიდის მიხედვით. ოპერა გამოირჩევა ნატიფი ლირიზმით, ფსიქოლოგიური სიღრმით, დრამატიზმით, ტექსტისა და მელოდიის ერთობლიობით. ამ ოპერაში პერსელმა განაზოგადა ინგლისის ეროვნული თეატრის, ნიღბების ჟანრის, ინგლისური და შოტლანდიური ხალხური სიმღერებისა და ცეკვების, ყოფითი საკრავიერი მუსიკის ტრადიციები. პერსელის სხვა მუსიკალურ-სცენური ნაწარმოებები, ე.წ. "ნახევრად ოპერები", შედგება ცალკეული ნომრებისა ან ინტერმეცოებისაგან. პერსელი 100-მდე ერთხმიანი და მრავალხმიანი სიმღერის ავტორია. საერო სიმღერებში აგრძელებდა ინგლისურ მადრიგალის ტრადიციებს. საგუნდო ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია ანთემები (ბიბლიურ ტექსტზე დაწერილი საზეიმო-საეკლესიო ნაწარმოებები). საკრავიერ მუსიკაში პერსელი იტალიურ სავიოლინო სკოლის ტრადიციებს ეყრდნობა. მისი სიმებიანი ფანტაზიები, ტრიო-სონატები და საირგანო ნაწარმოებები გამოირჩევა პოლიფონიური ოსტატობით. საკლავესინო პიესები ახლოს დგას "ვერჯინალისტების" ნაწარმოებებთან. პერსელი შემოქმედებას მყარი ტრადიციები არ დაუტოვებია ინგლისურ მუსიკაში. მისდამი ინტერესი გაცხოველდა ბენჯამინ ბრიტენის მიერ პერსელის ნაწარმოებების (საკუთარი დამუშავებით), ოპერის "დიდონა და ენეა" გამოცემის შემდეგ (1951).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 34, თბ., 1984 წელი.
სტატიის