ჯოსერის პირამიდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოსერის პირამიდა

ჯოსერის პირამიდაძველი ეგვიპტის ფარაონ ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა ძველი სამეფოს III დინასტიიდან, აგებული დაახლოებით ძვ. წ. 2650 წლისათვის. ჯოსერის პირამიდა უძველესია ეგვიპტის პირამიდებს შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მეტრს და ამ მონაცემით იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომლის ფუნდამენტიც არაა კვადრატული ფორმის.

ამ მშენებლობით ეგვიპტეში დაიწყო პირამიდებისა და ფარაონთა სხვაგვარი მონუმენტური სამარხების შენების პირველი ეტაპი. თავად საფეხუროვანი პირამიდა არის მცირე ნაწილი ვრცელი კომპლექსისა, რომელიც მრავალი საზეიმო შენობის, ნაგებობისა და გარდაცვლილთა საკულტო ეზოებისაგან შედგება. გირს-ელ-მუდირის სახელით ცნობილი ნაგებობის შემდეგ ჯოსერის პირამიდა ითვლება ეგვიპტეში დღემდე შემორჩენილ სიძველით მეორე შენობად, რომელიც თლილი ქვითაა ნაგები.

ჯოსერის პირამიდა საკარას ნეკროპოლის ცენტრალური ნაგებობაა და, როგორც მემფისის ნეკროპოლების ნაწილი, 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია მოხვედრილი[1].

კვლევა[რედაქტირება]

ჯოსერის პირამიდა პირველად 1821 წელს პრუსიელმა გენერალურმა კონსულმა ჰაინრიხ მენუ ფონ მინუტოლიმ და იტალიელმა ინჟინერმა ჯიროლანიო სეგატომ გამოიკვლიეს. ამ დროს აღმოაჩინეს პირამიდის შესასვლელი[2]. შესვლისას ერთ-ერთ კუთხეში აღმოჩნდა მუმიის შემორჩენილი ნაწილები, კერძოდ მოოქროვილი თავის ქალა და ერთი ფეხის ნაწილი, რომლებიც მინუტოლიმ გარდაცვლილი ფარაონის შემორჩენილ ნაშთებად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილები ჰამბურგში გადატანისას გემის დაღუპვის გამო დაიკარგა, დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ისინი ეკუთვნოდა არა ფარაონს, არამედ ჯოსერის პირამიდაში მოგვიანებით მეორედ დაკრძალულ სხვა პიროვნებას.

შემდგომში, 1837 წელს ჯონ ში პერინგმა პირამიდის დერეფნებში აღმოაჩინა სხვა არაერთი შემდგომში დაკრძალული მუმიებიც. მასვე ეკუთვნის პირამიდის ქვემოთ არსებული გალერეების აღმოჩენაც.

1926 წელს სესილ მალაბი ფერთმა წამოიწყო სისტემატური კვლევა ჯოსერის პირამიდასთან, თუმცა გარდაცვალების გამო ვერ დაასრულა. არქეოლოგიური გათხრების მეთაურობა საკუთარ თავზე აიღო James Edward Quibell–მა და უძღვებოდა ამ საქმეს, სანამ 1935 წელს თავადაც არ გარდაიცვალა. კვლევა განაგრძო Jean-Philippe Lauer–მა, რომელიც Quibell–თან ერთად მუშაობდა. ლაუერმა 1932 წელს გაზომა მიწისქვეშა კამერები და დერეფნები. 1934 წელს მან სამარხ კამერებში კიდევ ერთხელ იპოვა გვამის ფრაგმენტები, რომლებიც პირველი გამოკვლევის შემდეგ 1988 წლამდე კაიროს უნივერსიტეტში იყო დაცული. ლაუერი ფიქრობდა, რომ იპოვა ფარაონის სხეულის ნაშთები, თუმცა შემდგომში ზუსტმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გვამის ფრაგმენტები სხვადასხვა პიროვნებებს ეკუთვნოდათ. რადიოკარბონულმა დათარიღებამ დაადგინა, რომ გვამის ნაშთები პტოლემეოსთა ეპოქას მიეკუთვნებოდა და პირამიდაში მოგვიანებით იყო დამარხული.

ლაუერმა საკუთარი ცხოვრება 2001 წელს გარდაცვალებამდე მიუძღვნა ჯოსერის პირამიდისა და საკარას ნეკროპოლის გამოკვლევას. ლაუერის ხელმძღვანელობით მოხდა ასევე არაერთი ნაგებობისა და კომპლექსის გალავნის ნაშთების რეკონსტრუქცია[2].

2001 წლიდან მოყოლებული ლატვიურმა ექპედიციამ ბრუნო დესლანდესის მეთაურობით ჯოსერის პირამიდის კომპლექსში მანამდე უცნობი მრავალი გვირაბი გამოავლინა.

პირამიდისა და კომპლექსის მშენებლობა[რედაქტირება]

ჯოსერმა, რომელიც თავის ეპოქაში მეორე სახელით — ნეტიერიხეტით იყო ცნობილი, მომავალი სამარხის გეგმის შემუშავება და მისი აგება სამეფო კარის წარჩინებულ არქიტექტორს, იმჰოტეპს დაავალა.

მშენებლობის პირობები[რედაქტირება]

ჯოსერს სურდა თავის ცხრამეტწლიანი მმართველობის პერიოდში (დაახლოებით ძვ. წ. 2665–2645 წლები) ეგვიპტეში აგებულიყო მანამდე არნახული მონუმენტური სამარხი. ფარაონ ჯოსერის მმართველობა გამოირჩეოდა პოლიტიკური სტაბილურობით, მზარდი მატერიალური კეთილდღეობითა და პროგრესით როგორც მეცნიერებაში, ასევე მშენებლობის საქმეებში[2].

საკუთარი საბოლოო განსასვენებლის ადგილსამყოფლად ჯოსერმა საკარას ნეკროპოლი აირჩია. პირამიდის კომპლექსი უნდა აგებულიყო მეორე დინასტიის ფარაონების ჰოტეფსეხემუის, რანებისა და ნინეჩერის სამარხებთან, ასევე გირს-ელ-მუდირის ნაგებობასთან ახლოს. ჯოსერის პირამიდა აშენდა არა სრულიად ახალ, ხელუხლებელ ადგილას, არამედ ტერიტორიაზე, სადაც მანამდეც არსებობდა ნეკროპოლი; ამას მოწმობს კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილი ძველი სამარხები.

ძველებური სამარხებიდან საფეხუროვან პირამიდამდე[რედაქტირება]

ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდის მშენებლობა იყო არა სპონტანური მოვლენა ძველ ეგვიპტურ ხუროთმოძღვრებაში, არამედ მანამდე არსებული სამარხების ზემო და ქვემოეგვიპტური სტილის სინთეზს წარმოადგენდა. იგი აბიდოსის I და II დინასტიების ფარაონთა სამარხებს შორის განვითარების უმაღლეს საფეხური იყო. საფეხუროვანი პირამიდა და მისი მიმდებარე ნაგებობები წარმოადგენენ ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს[3].

ჯოსერის პირამიდის კომპლექსში საკარას ნეკროპოლის სამარხთა სხვა ნაშთებიცაა ნაპოვნი. გისრ ელ-მუდირის სახელით ცნობილი ნაგებობა, სავარაუდოდ, კომპლექსის ერთ მხარეს ხელოვნური ზღუდის მოვალეობას აზრულებდა, მეორე მხარეს კი ნაგებობები მდინარით იყო შემოფარგლული. საკარას ნეკროპოლში მეორე დინასტიის პერიოდის გალერეის ტიპის სამარხებიცაა აღმოჩენილი, რომლებიც ჯოსერის პირამიდის კომპლექსის მიდამოებში არსებული ვრცელი სამარხების მაგალითებია.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. UNESCO: Advisory Body Evaluation (1979)
  2. 2.0 2.1 2.2 Miroslav Verner: Die Pyramiden, Rowohlt, Hamburg 1998, S.131 Die Stufenpyramide des Netjerichet (Djoser)
  3. Mark Lehner: Geheimnis der Pyramiden. ECON-Verlag, Düsseldorf 1997, S. 75 ff Die Königsgräber von Abydos