ჯონ პოლ ლედერახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ პოლ ლედერახი
დაბ. თარიღი 17 აპრილი, 1955 (1955-04-17) (69 წლის)
დაბ. ადგილი აშშ
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა სოციოლოგი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი ნოტრ-დამის უნივერსიტეტი (ინდიანა, აშშ)
ალმა-მატერი კოლორადოს უნივერსიტეტი (აშშ)
სამეცნიერო ხარისხი დოქტორი
ჯილდოები Gittler Prize[3]

ჯონ პოლ ლედერახი (დ. 17 აპრილი, 1955, ინდიანა, აშშ) — ამერიკელი სოციოლოგი, ავტორი და საერთაშორისო მშვიდობის მშენებლობის პროფესორი ნოტრ–დამის უნივერსიტეტში(ინდიანა, აშშ). იგი ასევე არის აღმოსავლეთ მენონიტური უნივერისტეტის საპატიო მეცნიერი სადაც 1994 წელს დააფუძნა სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობის ცენტრი. ლედერახი არის ოცამდე წიგნის ავტორი და რედაქტორი , ამასთან იგი რჩება მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწე პრაქტიკოს მშვიდობის მშენებელად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ პოლ ლედერახი დაიბადა ინდიანაში, მენონიტი მღვდლის ოჯახში. 1980 წელს მან ისტორიისა და მშვიდობის კვლევების ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბეთელის კოლეჯში, ხოლო 1988 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სოციოლოგიის დარგში, კოლორადოს უნივერსიტეტში. 1975–1996 წლებში იგი მუშაობდა „მენონიტურ ცენტრალურ კომიტეტში“, ჩრდილოეთ ამერიკულ რელიგიურ საქველმოქმედო და სამშვიდობო სააგენტოში. 1990–2001 წლებში ლედერახი ასწავლიდა კონფლიქტის კვლევებსა და სოციოლოგიას აღმოსავლეთ მენონიტურ უნივერსიტეტში (ჰარისონბურგი, ვირჯინია, აშშ) სადაც მან დააფუძნა კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროგრამა და მშვიდობის მშენებლობის ინსტიტუტი. 2001 წლიდან მოყოლებული ლედერახი მუშაობს ჯოან ბ. კროკის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში ნოტრ–დამის უნივერსიტეტში, სადაც იგი ასწავლის საერთაშორისო მშვიდობის მშენებლობას. ლედერახი არის ათობით წიგნის, სტატიის, მონოგრაფიისა და სამეცნიერო კვლევის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი. მისი ნაწერების უდიდესი ნაწილი ეძღვნება მსოფლიოს გარშემო მედიატორად მოღვაწეობის მის გამოცდილებას.

ძირითადი იდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოვლისმომცველი კონცეპტუალური ჩარჩო მშვიდობის მშენებლობისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში, ჯონ პოლ ლედერახის მიერ ტრანფორმაციული მშვიდობის მშენებლობის თეორიის განვითარებას ცივი ომის დასრულება და უამრავი ახალი კონფლიქტის კერის გაჩენა დაემთხვა. ანგოლაში, სომალისა და იუგოსლავიაში ომების დაწყებამ, ასევე რუანდის გენოციდმა, ნათლად წარმოაჩინა გარედან და ხელოვნურად დამყარებული მშვიდობის შეზღუდვები. სამხრეთ სომალიში, სადაც მშვიდობის დამყარების მიზნით არაერთხელ განხორციელდა ინტერვენცია, ძალადობის აღმოფხვრა დღემდე ვერ ხერხდება. სწორედ კონფლიქტის საწყის ეტაპზე სომალიში მიმდინარე სამშვიდობო პროცესებში ჩართულობა, ასევე სხვადასხვა კონფლიქტის კონტექსტიდან მიღებული გამოცდილება დაეხმარა ჯონ პოლ ლედერახს შეემუშავებინა და პრაქტიკული მაგალითებით გაემდიდრებინა საკუთარი კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც მან 1997 წლის წიგნში - „მშვიდობის შენება: მდგრადი შერიგება გაყოფილ საზოგადოებებში“ - ჩამოაყალიბა.

მშვიდობის მშენებლობის პირამიდა

ჯონ პოლ ლედერახის მიდგომა ეფუძნება საზოგადოების მრავალდონიან, მრავალშრიან მოქმედებას, რომელიც ლიბერალური და ნეოლიბერალური მშვიდობის თეორიებისგან განსხვავებით მშვიდობის შენების პროცესში უფრო დიდ როლს ანიჭებს საზოგადოების ქვედა და შუა ფენებს, ვიდრე ელიტებს. ამასთან, მისი თეორიის მიხედვით საერთაშორისო აქტორების ჩართულობა იზღუდება მხოლოდ ფასილიტატორის როლამდე, რომლებიც აღარ კარნახობენ კონფლიქტში ჩაბმულ მხარეებს კონფლიქტის გადაჭრის საბოლოო შედეგის პირობებს. ლედერახი უარს ამბობს ტრადიციული დიპლომატიის მოდელზე და მას წინა პლანზე გამოჰყავს კონფლიქტის ჰუმანოცენტრული ასპექტები. ის ამტკიცებს, რომ კონფლიქტის ემოციურ, აღქმით, სოციო-ფსიქოლოგიურ და სულიერ განზომილებაზე ფოკუსირება მშვიდობის მშენებლობის ცენტრალური და არა მეორეხარისხოვანი დანიშნულებაა. მშვიდობის მშენებლობის ტრანსფორმაციული თეორიის ვიზუალური განსახიერებაა ლედერახის მიერ შემუშავებული სამდონიანი პირამიდის მოდელი. იგი საზოგადებას სამ ნაწილად ჰყოფს, რომლის სათავეში არიან პოლიტიკოსები, სამხედრო ლიდერები, მრჩევლები და სხვა ადამიანები, რომლებიც მაღალი დონის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ რაიმე სახის პოლიტიკური გადაწყვეტილების ან კომპრომისის მისაღწევად. შუა დონეზე იმყოფებიან სექტორული ლიდერები, ანუ ბიზნეს ლიდერები, აკადემიკოსები, რელიგიური წინამძღოლები და ა.შ. რაც შეეხება, ბოლო, მესამე დონეს აქ ლედერახი მოიაზრებს საზოგადოებრივ ჯგუფებს, სათემო ორგანიზაციებს, ადგილობრივ აქტივისტებს და სხვა.

საზოგადოებრივი პირამიდის სამ ნაწილად დაყოფით ლედერახი არ ცდილობს ისინი ერთმანეთისგან გათიშულ ერთეულებად წარმოაჩინოს, სადაც კონფლიქტი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში ლოკალიზებული პროცესი იქნებოდა. პირიქით, ის ამტკიცებს, რომ კონფლიქტი სამივე მათგანს ერთდროულად ეხება და ის ვერტიკალურად კვეთს მათ და არა ჰორიზონტალურად. ისინი ვინც პირამიდის ზედა ნაწილში იმყოფებიან ყველაზე დიდი შესაძლებლობა აქვთ გავლენა მოახდინონ სამშვიდობო პროცესებზე, მაგრამ ყველაზე ნაკლებად გრძნობენ კონფლიქტის ყოველღდიურობას. მათგან განსხვავებით, ისინი ვინც პირამიდის დაბალ საფეხურზე არიან ყველაზე მეტად გრძნობენ საკუთარ თავზე მაკრო გადაწყვეტილებებს, მაშინ, როცა მათი მიღების პროცესში მონაწილეობა მათ ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ. ლედერახის რწმენით არცერთ ცალკე აღებულ საზოგადოების ფენას არ შეუძლია მშვიდობის მიღწევა და მისი შენარჩუნება, ვინაიდან მშვიდობის მშენებლობა ურთიერთდამოკიდებული პროცესია. მისი თქმით:

„ჩვენ უნდა გავცდეთ პოლიტიკის იერარქიულობას და უნდა შევქმნათ უფრო ორგანული, ფართო მიდგომა, რომელიც მშვიდობის მშენებლობაში პასუხისმგებლობისა და თანამონაწილეობის გაჩენას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა ჩვენ უნდა გავცდეთ მშვიდობის მშენებლობის ვიწრო გაგებას და ის, როგორც აქტივობების ქსელი ისე უნდა აღვიქვათ, რომელიც გაუძლებს რადიკალურად ცვალებად გარემოებებს.“

მშვიდობის მშენებლობის ტრანსფორმაციული თეორიის მიხედვით კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის და შერიგების მისაღწევად, აუცილებელია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც მოიცავს საზოგადოებების სოციალურ, ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ რეაბილიტაციას. ამასთან, მშვიდობის მშენებლობის პროცესი არა მოკლევადიან შედეგებზე, არამედ კონფლიქტის დარეგულირების გრძელვადიან სტრატეგიაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მან უნდა გაიაროს ტრანზიცია–ტრანსფორმაცია–შერიგების ფაზები.

გამომვლენი კონფლიქტის ტრანსფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ პოლ ლედერახის მიერ შემუშავებული გამომვლენი კონფლიქტის ტრანსფორმაცია, თანამედროვე საერთაშორისო მშვიდობის მშენებლობის თეორიისა და პრაქტიკის ახლებურ გააზრებას ემსახურება. თავად სიტყვა „elicitive“ ანუ „გამომვლენი“ ლედერახის მიერ გამოგონილი, ხელოვნური სიტყვაა, რომელიც ნაწარმოებია ზმნიდან „to elicit” ანუ რაიმეს გამომჟღავნება, წინა პლანზე წამოწევა.

გამომვლენი კონფლიქტის ტრანსფორმაცია პირველად, ლედერახმა მის 1995 წლის წიგნში – „მშვიდობისთვის მზადება: კონფლიქტის ტრანსფორმაცია კულტურებში“ – ახსენა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი მშვიდობის მშენებლობის პრაქტიკოსია, გამომვლენი კონფლიქტის ტრანსფორმაცია თავდაპირველად მისთვის, მშვიდობის დამყარების მხოლოდ პრაქტიკულ მიდგომას წარმოადგენდა. მის მიღმა იგი მოაიზრებდა მშვიდობის მშენებლობის მოდელს, რომლის დროსაც მედიატორს მაქსიმალურად უნდა გაეთვალისწინებინა კონფლიქტის კონტექსტი და კულტურული მახასიათებლების სწორი იდენტიფიცირებით გამხდარიყო მხარეებს შორის კონფლიქტის ტრანსფორმაციის კატალიზატორი. ეს მიდგომა წარმოადგენდა დამკვიდრებული და გაბატონებული „დანიშნულებრივი“ (prescriptive) მოდელის გადააზრებას, რომლის მიხედვით მედიატორს წინასწარ განსაზღვრული გეგმით მოქმედება მართებდა და იგი მშვიდობის მშენებლობის ცენტრალური ფიგურა უნდა ყოფილიყო.

ლედერახის იდეების თეორიულ ინტერპრეტაციასა და განვრცობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორს – ვოლფგანგ დიტრიხს. მის 2013 წელს გამოქვეყნებულ წიგნში – „გამომვლენი კონფლიქტის ტრანსფორმაცია და სამშვიდობო პოლიტიკის ტრანსრაციონალური ცვლილება“ იგი ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ჭრილში განიხილავს ლედერახის თეორიას. მისთვის მშვიდობის მშენებლობის ამოსავალი წერტილია ფორმულა, რომლის მიხედვით გარე სამყაროს ტრანსფორმაცია ადამიანის მიერ შინაგანი არსებობის შეცნობით იწყება. დიტრიხის თქმით კონფლიქტის არსებობა არა ნეგატიური, არამედ პოზიტიური მოვლენაა, ვინაიდან იგი მხარეებს შორის ინტერაქციის არსებობაზე მიუთითებს, შესაბამისად მისი ტრანსფორმაცია თავად დისფუნქციურ სისტემაში არსებული ენერგიის სწორი გამოყენებით უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ, დიტრიხის თქმით ლედერახის გამომვლენი კონფლიქტის ტრანსფორმაცია ერთდროულად წარმოადგენს მეთოდს, ხელოვნებასა და მეცნიერებას, რომლის საფუძველში მდეობარეობს ადამიანებს, ჯგუფებსა და თემებში არსებული ცოდნა, ღირებულებები და კომუნიკაციის ტექნიკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #138258880 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Czech National Authority Database
  3. https://www.brandeis.edu/gittlerprize/recipients/past/index.html