ჯონ კარპენტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ კარპენტერი
დაბადების სახელი ჯონ ჰოვარდ კარპენტერი
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1948
კერტჰეიჯი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი

დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტი

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მსახიობი, კომპოზიტორი, მუსიკოსი
აქტიური 1969-დღემდე
მეუღლე(ები)

ადრიან ბარბი (1979-1984)

სენდი კინგი (1990-)

ჯონ ჰოვარდ კარპენტერი (ინგლ. John Howard Carpenter; დ. 16 იანვარი, 1948, კარტჰეიჯი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი კინორეჟისორი, პროდუსერი, მსახიობი, სცენარისტი და კომპოზიტორი. მიუხედავად იმისა, რომ კარპენტერს ბევრი სხვადასხვა ჟანრის ფილმი გადაუღია, იგი მაინც თავის 1970-1980-იანებში გამოშვებულ ნამუშევრებთანაა ასოცირებული, რომელთა უმეტესობაც საშინელებათა ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშია.

კარპენტერის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა: „ბნელი ვარსკლავი“ (1974), „თავდასხმა მე-13 უბანზე“ (1976), „რაღაც“ (1982), „ქრისტინე“ (1983), „სიბნელის პრინცი“ (1987), „ისინი ცხოვრობენ“ (1988).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ კარპენტერი 1948 წლის 16 იანვარს კერტჰეიჯში, ნიუ-იორკის შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. იგი მილტონ ჯინ კარტერისა და მუსიკის პროფესორის, ჰოვარდ რალფ კარპენტერის შვილია. 1956 წელს კარპენტერი, მისი მშობლები და ძმა, ჯონი, ნიუ-იორკიდან კენტუკის შტატში გადავიდნენ. რეჟისორმა სწორედ იქ გაატარა თავისი ბავშვობა. კარპენტერი ბავშვობიდან დაინტერესებული იყო მუსიკითა და კინოხელოვნებით; განსაკუთრებით უყვარდა ჰოვარდ ჰოუკსისა და ჯონ ფორდის ფილმები. [1]

კარპენტერი დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ 1968 წელს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში გადავიდა. აქ იგი 1968 წლიდან 1972 წლამდე კინემატოგრაფის შესახებ ესწრებოდა კურსებს. სწორედ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში გაიცნო მან პროდუსერი და სცენარისტი დენ ო'ბანონი, რომელიც მალევე მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.[2]

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს მას კოლაბორაცია ჰქონდა პროდუსერ ჯონ ლონგენეკერთან. კარპენტერი თანასცენარისტი, რეჟისორი და კომპოზიტორი იყო ფილმისა, სახელწოდებით „ბრონკო ბილის მკვდრეთით აღდგომა“ (1970). ფილმმა „ოსკარი“ მოიპოვა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.

1975 წელს კარპენტერმა თავისი პირველი დამოუკიდებელი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ბნელი ვარსკლავი“ გადაიღო. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული ეს ნამუშევარი ოთხი ასტრონავტის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც აქვთ მისია, გაანადგურონ არასტაბილური სამყაროები. [3]

კარპენტერი თავის შვილთან, კოდი კარპენტერთან (შუაში) და ბრუს რობთან (მარჯვნივ) ერთად. 2005 წელი.

1978 წელს გადაღებული „ჰელოუინი“ კარპენტერის ყველაზე წარმატებული ფილმია. ფილმისთვის მუსიკაც ასევე კარპენტერის მიერ არის შექმნილი და მას „Halloween Theme“ ეწოდება.[4]

1981 წელს კარპენტერმა გამოუშვა ფილმი, სახელწოდებით „გაქცევა ნიუ-იორკიდან“. მასში მთავარ როლებს დოლანდ პლესენსი, ადრიენ ბარბი, ტომ ატკინსი, ჩარლზ სიფერსი, ფრანკ დუბლდეი, კურტ რასელი, ჰარი დინ სტენტონი, ლი ვან კლიფი და ერნესტ ბორგნინი ასრულებენ. იგი კრიტიკულად და კომერციულად წარმატებული გამოდგა.

2010 წლის 13 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი ფილმის, „პალატა“ პრემიერა შედგა. 2015 წლის 3 თებერვალს გამოვიდა კარპენტერის მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით „Lost Themes“.[5]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარპენტერი თავის მომავალ ცოლს, ადრიენ ბარბის 1978 წელს, ფილმის გადაღებებზე შეხვდა, სახელწოდებით „ვიღაც მიყურებს!“. ისინი 1979 წლის 1 იანვარს დაქორწინდნენ და 1984 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ბარბი თამაშობდა კარპენტერის ფილმში, სახელწოდებით „ნისლი“. ასევე ჰქონდა მცირე როლი ფილმში „გაქცევა ნიუ-იორკიდან“. წყვილს 1984 წელს შვილი, ჯონ კოდი კარპენტერი შეეძინათ.[6]

1990 წელს კარპენტერი პროდუსერ სენდი კინგზე დაქორწინდა. კინგი კარპენტერის გვიანდელი ფილმების პროდუსერია, მათ შორის: „სიგიჟის ხახაში“ (1994), „დაწყევლილთა სოფელი“ (1995), „ვამპირები“ (1998) და „მარსის მოჩვენებები“ (2001).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1974 „ბნელი ვარსკვლავი“ Dark Star რეჟისორი, სცენარისტი
1976 „თავდასხმა მე-13 უბანზე“ Assault on Precinct 13 რეჟისორი, სცენარისტი
1978 „ჰელოუინი“ Halloween რეჟისორი, სცენარისტი
1980 „ნისლი“ The Fog რეჟისორი, სცენარისტი
1981 „გაქცევა ნიუ-იორკიდან“ Escape from New York რეჟისორი, სცენარისტი
1982 „რაღაც“ The Thing რეჟისორი, სცენარისტი
1983 „ქრისტინე“ Christine რეჟისორი, სცენარისტი
1984 „ადამიანი ვარსკვლავიდან“ Starman რეჟისორი, სცენარისტი
1986 „დიდი პრობლემები პატარა ჩინეთში“ Big Trouble in Little China რეჟისორი, სცენარისტი
1987 „სიბნელის პრინცი“ Prince of Darkness რეჟისორი, სცენარისტი
1988 „ისინი ცხოვრობენ“ They Live რეჟისორი, სცენარისტი
1992 „უხილავი კაცის მემუარები“ Memoirs of an Invisible Man რეჟისორი, სცენარისტი
1995 „დაწყევლილთა სოფელი“ Village of the Damned რეჟისორი, სცენარისტი
1996 „გაქცევა ლოს-ანჯელესიდან“ Escape from L.A. რეჟისორი, სცენარისტი
1998 „ვამპირები“ Vampires რეჟისორი, სცენარისტი
2001 „მარსის მოჩვენებები“ Ghosts of Mars რეჟისორი, სცენარისტი
2010 „პალატა“ The Ward რეჟისორი, სცენარისტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]