გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი, გიორგი ვასილის ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი წერეთელი.
გიორგი წერეთელი
დაბ. თარიღი 8 (21) ოქტომბერი, 1904
დაბ. ადგილი თიანეთი[1]
გარდ. თარიღი 9 სექტემბერი, 1973(1973-09-09)[1] (68 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გიორგი ვასილის ძე წერეთელი (დ. 21 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 8 ოქტომბერი], 1904, ახლანდელი დაბა თიანეთი — გ. 9 სექტემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი (1966), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი (1964).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გამოჩენილი ქართველი ექიმის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937) ოჯახში. აღსანიშნავია, რომ იგი ეკუთვნოდა მოძღვრიშვილ-წერეთლების ცნობილ საგვარეულოს (ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ცხრუკვეთი) და იყო იმერეთის მეფის დავით II-ის (მეფობდა 1793-1790 წლებში) პირდაპირი ჩამომავალი.

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1928 წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) ასპირანტად ლენინგრადში, სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. ასპირანტურის დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად (1931). 1933 დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. 1933-1936 ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). 1942 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მონოგრაფიისათვის „არმაზის ბილინგვა“. იმავე წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა (1945) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960). კათედრას და ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს. გარდა ამისა, წერეთელმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ „საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების შემსწავლელ კომისიას“, რომელსაც გარდაცვალებამდე ედგა სათავეში. 1944 აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 ამ აკადემიის აკადემიკოსად და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1968 არჩეულ იქნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) აკადემიკოსად. 1957-1967 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას. 1967-1970 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1970-იდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.

წერეთლის სამეცნიერო კვლევის სფეროა არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაბისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხები, რუსთველოლოგია.

წერეთლის გამოკვლევებმა არაბისტიკის დარგში ახალი პერსპექტივები გადაუშალა ამ მეცნიერებას. აღსანიშნავია მისი ფუძემდებლური შრომები შუა აზიის მანამდე უცნობ დიალექტებზე („შუა აზიის არაბული დიალექტები, I. ბუხარული დიალექტი“, თბილისი, 1956, რუსულ ენაზე). მსოფლიო სემიტილოგიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება წერეთლის მიერ წამოწყებული სამუშაო არმაზში აღმოჩენილი წარწერების ამოკითხვისა და კვლევის საქმეში. ამ დარგს მიუძღვნა მან გამოკვლევები „არმაზის ბილინგვა“ (თბილისი, 1941) და „არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა“ (მოსკოვი, 1962). ეს გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სემიტური დამწერლობების ისტორიისათვის, დადგინდა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც მევნიერებაში „არმაზის არამეულის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. წერეთლის მიერ შესწავლილ არმაზის არამეულ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც აღმოსავლურ-არამეული დამწერლობისა და მის განშტოებათა ისტორიის შესწავლისათვის, ისე იბერიის კულტურულ-ისტორიულ პრობლემათა და ქართული ანბანის წარმოშობის შესწავლისათვის. ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად ფასეულია წერეთლის მონოგრაფია „უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან“ (თბილისი, 1960), აგრეთვე გამოკვლევა „მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა“ (თბილისი, 1958).

წერეთელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ძველი აღმოსავლური ენების შესწავლაში („საქართველოს მუზეუმის ურარტული ძეგლები“, თბილისი, 1939). თეორიული ლინგვისტიკის დარგში აღსანიშნავია მისი გამოკვლევა: „ენობრივი ნათესაობისა და ენობრივ კავშირთა შესახებ“ („Вопросы языкознания“, 1968, N 3), რომელშიც განვითარებულია ახალი თვალსაზრისი ენათა „შენათესავების“ შესახებ, რასაც მან ენათა „ალოგენეტური ურთიერთობა“ უწოდა (ალოგენეტური თეორია).

დიდია წერეთლის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენის საქმეში. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია მონოგრაფია „მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში“ (1973).

აღსანიშნავია, რომ გიორგი წერეთელი იყო 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1919-1924 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის ეროვნულ ამბოხებაში, რისთვისაც იმავე წელს იქნა დაპატიმრებული. ხელმეორედ დააპატიმრეს 1936 წელს (გაათავისუფლეს 1938 წელს). 1941-1942 წლებში ქართული მეცნიერებისა და კულტურის სხვა ცნობილ წარმომადგენლებთან (ნიკო კეცხოველი, მიხეილ ზანდუკელი, პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია და სხვანი) ერთად თანაუგრძნობდა „სამანელთა“ ეროვნულ-პოლიტიკურ დაჯგუფებას. დიდია წერეთლის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის კრიტიკის ტექსტის დადგენის საქმეში. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია მონოგრაფია „მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში“ (1973). წერეთელი დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

გ. წერეთელი დაკრძალულია თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში. ჭიათურის რ-ნის სოფ. ცხრუკვეთში გახსნილია მისი სახლ-მუზეუმი. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აღმოსავლური ფილოლოგია, ტ. 4 (ეძღვნება აკადემიკოს გიორგი წერეთლის ხსოვნას), თბ., 1976
  • გამყრელიძე თ., აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, თბ., 1984;
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 6, თბ., 1981;
  • Гвелесиани С. И., Востоковед Георгий Церетели, Тб., 1976
  • Крачковский И. Ю., Семитология в университетах СССР. «Вопросы языкознания», 1955, № 4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]