წარაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წარაფიადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო.

„წარაფი“ ქარვისფერი მშრალი ღვინოა. იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ფერი – მუქი ქარვისფერიდან ჩალისფერამდე;

არომატი და გემო – სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, ზომიერი და რბილი სიმწკლარტით, რაც მის ტიპიურობას განაპირობებს. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით;

ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12 %-ზე ნაკლები; დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 24 გ/ლ-ზე ნაკლები; შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ‐ს; ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს 5 გ/ლ-ზე ნაკლები; სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

წარმოების გეოგრაფიული არეალი და ზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წარაფის“ მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების დადაბლებულ 3-4°დახრილობის ექსპოზიციაზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41°48' და აღმოსავლეთი გრძედის 45°44' კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 350-550 მ სიმაღლეზე.

წარაფის მიკროზონა მოქცეულია კარდენახის მიკროზონის ფარგლებში. ჩრდილო დასავლეთიდან რკინიგზამდე მას ესაზღვრება მღვრიე ხევი, ხოლო რკინიგზის შემდეგ სარწყავ არხამდე – ბაკურციხის ადმინისტრაციული საზღვარი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სარწყავი არხი, სამხრეთ აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ანაგის ადმინისტრაციული საზღვარი, სამხრეთდასავლეთიდან მღვრიე ხევამდე ესაზღვრება ბაკურციხე-წნორის ავტომაგისტრალი, ხოლო მღვრიე ხევის შემდეგ – რკინიგზა.

ვაზის ჯიშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წარაფი“ მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. „წარაფის“ დამზადებისას რქაწითელის ჯიშის ყურძენს შეიძლება დაემატოს 15 %-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ვენახის გაშენება, სხვლა-ფორმირება და მოვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარაფის მიკროზონაში, ღვინო „წარაფისთვის“ განკუთვნილი სამეწარმეო ვენახები გაშენებული უნდა იყოს 350‐550 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან;

ვენახის რიგთაშორის მანძილი შეიძლება იყოს 1-დან 2,5 მეტრამდე;

ვაზთაშორის მანძილი რიგში 0,8-1,5 მეტრი;

შტამბის სიმაღლე – 60-90 სმ;

სხვლის ფორმა – ცალმხრივი ან ორმხრივი ქართული, ან თავისუფალი.

ვაზის გაშენება, მისი გასხვლა-ფორმირება და დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან, აგრეთვე, ნიადაგის დამუშავება, მისი განაყოფიერება და სხვა ოპერაციები ხორციელდება ყურძნის მწარმოებლის მიერ შერჩეული აგროტექნიკური ღონისძიებების შესაბამისად.

ყურძნის სიმწიფე, რთველი, ტრანსპორტირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წარაფი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან. ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 21 %-ზე ნაკლები;

ყურძნის ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ხის ან პლასტმასის ყუთებით, უჟანგი ფოლადისაგან დამზადებული ან სპეციალური საღებავით შეღებილი ძარებით;

დაუშვებელია ყურძნის ტრანსპორტირებისას პოლიეთილენის პარკების და/ან ტომრების გამოყენება;

ტრანსპორტირებისას ყურძენი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული შესაძლო დაბინძურებისაგან.

ყურძნის მოსავალი და ღვინის გამოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურძნის მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს:

  • რქაწითელისთვის – 10 ტონას;
  • კახური მწვანისთვის – 8 ტონას;
  • ხიხვისთვის – 6 ტონას.

ღვინის გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:

  • 650 ლიტრს – ერთი ტონა ყურძნიდან;
  • 6500 ლიტრს – ერთი ჰა ვენახიდან რქაწითელისთვის;
  • 5200 ლიტრს – ერთი ჰა ვენახიდან კახური მწვანისათვის;
  • 3900 ლიტრს – ერთი ჰა ვენახიდან ხიხვისთვის.

ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვინო „წარაფის“ წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ წარაფის მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან. ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ კახეთის ზონის ფარგლებში, ხოლო ჩამოსხმა – კახეთის ზონის ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ყურძნის გატანა წარაფის მიკროზონიდან გადასამუშავებლად და ღვინის გატანა კახეთის მევენახეობის ზონიდან ჩამოსასხმელად დასაშვებია მხოლოდ მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის პირობებში.

„წარაფის“ დამზადებისას ალკოჰოლური დუღილი მიმდინარეობს მხოლოდ ქვევრში დურდოზე (ჭაჭა-კლერტის მთლიან რაოდენობასთან ერთად). ალკოჰოლური დუღილის დამთავრების შემდეგ, ქვევრს გადაავსებენ ანალოგიური ღვინით და დააყოვნებენ დურდოზე არანაკლებ რთველის მომდევნო წლის 1 თებერვლისა. „წარაფის“ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.

კავშირი ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიადაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიადაგწარმომქმნელი ქანები დელუვიურ-პროლუვიური წარმოშობის კარბონატული თიხნარ-თიხიანი და ქვაღორღიანი ნაფენებია. ნიადაგები, ძირითადად, თიხნარი და მსუბუქი თიხნარია. მისი მექანიკური შედგენილობა (ფიზიკური თიხის ფრაქცია, რომელიც <0,01 მმ) ფართო საზღვრებში ცვალებადობს და 20,0-დან 69,4%-მდეა.

ჰუმუსის შემცველობა საპლანტაჟო ფენებში 2,04-4,91 %-ის ფარგლებშია. საერთო აზოტი, ძირითადად, დაბალი შემცველობით ხასიათდება – 0,067-0,128 %, ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა სახნავ ფენებში 5,00-13,89 მგ-მდე მერყეობს 100 გ ნიადაგში, ხსნადი ფოსფორის შემცველობა მაღალია და სახნავ ფენებში 3,0-29,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. გაცვლითი კალიუმი სახნავ ფენებში მაღალი შემცველობით ხასიათდება 28,0-90,4 მგ 100 გ ნიადაგში. კალციუმის კარბონატების შემცველობა ნიადაგების პროფილებში ფართო საზღვრებში ცვალებადობს, რომელიც ზემოდან ქვემოთ კანონზომიერად მატულობს და 2,0-დან 44,0 %-მდეა. ნიადაგის არეს რეაქცია სუსტი და საშუალო ტუტეა – pH=7,2-8,2.

კლიმატი. წარაფის მიკროზონა ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით, მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2154 საათს, სავეგეტაციო პერიოდში კი 1589 საათს უდრის.

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,5 °C, ყველაზე ცივი თვის /იანვარი/ საშუალო ტემპერატურა 1,0 °C, ყველაზე თბილი თვეების /ივლისი, აგვისტო/ კი – 23,6°C უდრის. 10 °C-ზე ზევით ტემპერატურის პერიოდის ხანგრძლივობა 211 დღეს აღწევს, ხოლო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3920 უდრის.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი წარაფის მიკროზონაში 770 მმ, მ.შ. სავეგეტაციო პერიოდში 585 მმ-ია. ატმოსფერული ნალექები სეზონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ყველაზე მეტი /32-32 %/ გაზაფხულ-ზაფხულში, შედარებით ნაკლები შემოდგომაზე (23 %) და ზამთარში /13 %/ მოდის.

ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 72 % უდრის, ვაზის სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი 70 % აღწევს.

ნიადაგის ზედაპირზე, რომელიც ნეშომპალა-კარბონატულია, საშუალო წლიური ტემპერატურა 15 °C უდრის. ივლის-აგვისტოში ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ყველაზე მაღალია და 30 °C აღწევს.

ადამიანური ფაქტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ქვევრში კახური ტექნოლოგიით ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას უწყვეტად დღემდე ინარჩუნებენ. ქართველი კაცი რვა ათასი წლის განმავლობაში ხვეწდა და აუმჯობესებდა ამ ღვინის დაყენების მეთოდებს. ასე რომ, ღვინის დაყენების კახური ტექნოლოგიის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელმაც არა მარტო შექმნა ეს უნიკალური წესი, არამედ ხატოვნად რომ ვთქვათ, უბით გამოატარა და გადაარჩინა იმ ქარტეხილებს, რაც ამ პატარა ქვეყანამ გამოიარა ამ ხნის მანძილზე.

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1], რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს იყო ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის აღიარების გვირგვინი, რომელმაც ახალი სტიმული მისცა ჩვენში ღვინის ამ მეთოდით დაყენებას და დასაბამი მისცა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მის დანერგვას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://ich.unesco.org/en/RL/ancient-georgian-traditional-qvevri-wine-making-method-00870 ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა