ბაკურციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბაკურციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი ბაკურციხე
კოორდინატები 41°41′28″ ჩ. გ. 45°51′33″ ა. გ. / 41.69111° ჩ. გ. 45.85917° ა. გ. / 41.69111; 45.85917
ცენტრის სიმაღლე 440
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2 574[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბაკურციხე — საქართველო
ბაკურციხე
ბაკურციხე — კახეთის მხარე
ბაკურციხე

ბაკურციხესოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბაკურციხე, კოლაგი). მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს (წინამხარი), მდინარე ჩალაუბნისხევის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 440 მეტრი. გურჯაანიდან 8 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2574 კაცი. სოფელში მოქმედებდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე ადამიანი უძველეს დროს დასახლებულა. ამას მოწმობს აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად: „ჩალაუბნის ხევზედ არს დაბა ბაკურციხე მაღალსა გორასა და კეთილს ადგილსა და ღვინო აქაური არს კეთილი“. სოფელი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ისტორიული ჩალაუბნის გზაზე (ჩალაუბანი-ბაკურციხე-გურჯაანი-ველისციხე). ამასთან იგი მდებარეობდა გზის გასაყარზე, საიდანაც კარდანახის გავლით გზა თავდაპირველად ქიზიყში გადის და მერე — ლაგოდეხში. აქაური მოსახლეობა ძველთაგანვე მისდევდა მევენახეობას და მემინდვრეობას. სოფელ ბაკურციხეში ყმა-მამულებს ცალკეული ფეოდალები ფლობდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი წილი თავად ვაჩნაძეებს, მათ განაყოფებს ბებურიშვილებსა და აგათოშვილებს და აფხაზეთიდან კახეთში გადმოსახლებულ საგვარეულოს (აფხაზი) ეკუთვნოდა. იმამყული ხანის 1714 წლის წყალობის სიგელიდან ჩანს, რომ ბაკურციხის წინაუბანს როშაქიშვილები ფლობდნენ. ბაკურციხის ყმა-მამულზე პრეტენზიას ანდრონიკაშვილები და ზურაბიშვილებიც აცხადებდნენ. ანდრონიკაშვილები ქიზიყის მოურავები იყვნენ და მათი, როგორც მოხელეების უფლებები ბაკურციხეზეც ვრცელდებოდა. ისინი ამ საკითხის თაობაზე ხშირად ჩიოდნენ ერეკლე ll-სთან. ბაკურციხელებს სოფლის სავარგულებთან დაკავშირებით ხშირი დავა და შეხლა-შემოხლა ჰქონდათ მეზობელ ვეჯინელებთან. „ნუ გვლახავენ და მამულზეც სამართალი მოგვეცითო“ — წერდნენ ისინი ერეკლე ll-ს. სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფით, ბაკურციხე ბოდბელი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ქიზიყის მოურავი ხელმძღვანელობდა. ეპარქიულადაც სოფელი ბოდბის ეპარქიას ეკუთვნოდა. 1749 წელს, ლეკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი კახეთს აპირებდა გამოლაშქრებას. თეიმურაზმა ქართლის და ყაზახ-ბორჩალოს ჯარი შეკრიბა და ერეკლე ll-ის კახეთის ლაშქარს შეუერთდა. გაერთიანებული ლაშქარი ბაკურციხეში დაბანაკდა. ქართველთა შეიარაღებითა და მრავალრიცხოვნებით შეშინებულმა ლეკებმა თავს გაქცევით უშველეს. ქართველები დაედევნენ, განდევნეს ისინი კახეთის საზღვრებიდან და ისევ ბაკურციხეში მობრუნდნენ. რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, ბაკურციხე სიღნაღის მაზრაში შედიოდა. ამ ხანებში სოფელში ხშირი იყო გლეხთა მღელვარება. სახალხო მღელვარების სამიზნე ხშირად თავადი ვაჩნაძეები ხდებოდნენ, როგორც რუსული მმართველობის ხელშემწყობნი. მათი საცხოვრებელი ბაკურციხესა და კარდანახში XlX საუკუნის განმავლობაში (1813, 1878 წლები) მღელვარების მონაწილეებმა რამდენჯერმე აიკლეს და გაძარცვეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.