შიდა ქართლის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შიდა ქართლის ვაკესამხრეთ კავკასიის მთათაშორისი ბარის შუა ნაწილი. შემოსაზღვრულია კავკასიონის, ლიხის, თრიალეთისა და ქართლის ქედებით. მოიცავს ტირიფონ-მუხრანის ვაკესა (ჩრდილოეთით) და შუა მტკვრის ხეობას (სამხრეთით), რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია კვერნაქებით. ტირიფონ-მუხრანის ვაკეს უკავია ნეოგენური წყებების სინკლინი და წარმოქმნილია კავკასიონის მდინარეთა აკუმულაციური მოქმედებით. აბსოლუტური სიმაღლე 500-800 მეტრი. მისი დასავლეთი ნაწილი ტირიფონის ვაკეა, აღმოსავლეთი - საამილახვროსა და მუხრან-საგურამოს ვაკეები. მტკვრის ხეობა გამომუშავებულია კვერნაქისა და თრიალეთის ქედებს შორის, დატერასებულია. ხეობის ფსკერის აბსოლუტური სიმაღლეა 500-700 მეტრი.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდა ქართლის ვაკის ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურა 10-12 °C, იანვრისა -3 °C, ივლისისა - 20-22 °C. წელიწადში 500-700 მმ ნალექი მოდის.

ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაკეზე ძირითადად გავრცელებულია მდელოს ალუვიური კარბონატული, ტყის ყავისფერი და შავმიწისებრი ნიადაგები, რომელზედაც განვითარებულია სტეპური და ტყესტეპური მცენარეულობა. მთავარ მდინარეთა გაყოლებით ჭალის ტყის ფრაგმენტებია. გაბატონებულია კულტურული ლანდშაფტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]