ყულევის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყულევის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი, სოფელ ყულევში, ფოთის ჩრდილოეთით 15 კმ-ზე, ძველად ციხესიმაგრე. II საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი არიანე თავის „მოგზაურობაში“ ეხება სანაოსნო კომუნიკაციებს ქ. ფასისსა და მდინარე ხობს შორის სულ 180 სტადიონის მანძილზე (33 კმ). ეს გზა შორეული მგზავრობის დროსაც ყოფილა გამოსაყენებელი. ყულევის ნამოსახლარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის დროს გამოვლინდა 2 სამოსახლო ხელოვნური ბორცვი: ერთი მდინარე ხობის მარჯვენა მხარეს, ზღვის ნაპირას, მეორე - მისგან 300 მეტრზე, მდინარე ცივზე. მათ ქვედა ფენებს მკვლევარი ძვ. წ. IV-III ათასწლეულებს მიაკუთვნებდა, ხოლო ზედა უგვიანეს ფენას (მდ. ცივზე) ქალაქის ტიპის დასახლებად მიიჩნევდა. მდინარე ცივის მარცხენა ნაპირის ნამოსახლარზე გამოვლინდა რამდენიმე კულტურული ფენა. ქვედაში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი და საკულტო ნივთები ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბი და სხვა. გვიანდელი ბრინჯაოს ფენაში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს იარაღ-სამკაული, სპილენძის ზოდები, თიხის კვირისტავები, ქვის იარაღები და ა. შ. ზედა (გვიანდელი რომაული ან ადრინდელი ბიზანტიური ხანის) ფენაში გამოვლინდა ქვიტკირისბალავრიანი აგურის 2 შენობის ნაშთი. ყულევის ნამოსახლარში ნაპოვნია რკინის სადნობი ქურისა და სახელოსნოს ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]