ყოფილი კულტურის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყოფილი კულტურის სახლი — არქიტექტურული ძეგლი, აბაშის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარანში. კულტურის სახლი მდებარეობს სოფლის ბაგა-ბაღის მეზობლად, გზის პირას, ეზოს სიღრმეში, გარემოცულია ასწლოვანი ხეებით. ზეძირკველზე შესმული, გეგმაში მუხლის ფორმის მქონე შენობის სქემა კორიდორულია. მარცხენა ფლიგელი მთლიანად სოფლის მოზრდილ კლუბს უკავია, მარჯვენა, შვერილი ფლიგელის დერეფნის ორივე მხარეს ოთახებია განლაგებული. დღეისობით, 1980-იან წლებში განხორციელებული კაპიტალური რემონტისა და გადაკეთების გამო, ძველი, XX საუკუნის დასაწყისის შენობისგან ამჟამად მხოლოდ მოზაიკის იატაკი და ნალესობით დაფარული აგურის წყობაღაა შემორჩენილი. ამას გარდა ჩანს, რომ მარჯვენა ფლიგელის მთავარი ფასადის სარკმლის თავები მშვილდისებური ფორმისა იყო და რემონტისას, როდესაც მინაშენით დააგრძელეს ეს მხარე გაუჰორიზონტალებიათ, ერთი სარკმელი კი მთავარი კარის წინ მოდგმულ პორტალს შეეწირა, რომლის მარცხნივ, ყრუ კედელზე მცენარეული და ტოტემური გამოსახულებიანი 22 კვადრატული და 4 წრიული ფილაა დამონტაჟებული. გვერდითა ფასადს, ანუ დარბაზის მხარეს, ორი ვიწრო გამოსასვლელია ლითონის წინფრით და ხუთი ცალი მაღალი და განიერთაღიანი სარკმელია გაჭრილი, რომელთაც მარტივად პროფილირებული საპირეები შემოუყვებათ. განსაკუთრებული რეპრეზენტაციულობით არის გამშვენებული კლუბი, თავისი მოზრდილი სცენით, სადაც თეატრალური წარმოდგენებიც ეწყობოდა და კინო-ფილმების ჩვენებაც ხდებოდა (კინო-პროექტორისთვის სპეციალური ოთახიცაა მოწყობილი ლითონის ბოძებზე). კედლები, ჭერი და სცენის წინა მხარე მორთულია თაბაშირისგან ჩამოსხმული, ბაროკალურად „ჩახლართული“ ორნამენტებით, კაპიტელიანი, პილასტრებით. თავად კედლებსა და ჭერში, ჩარჩოებში გამოსახულნი არიან მუზები. ერთ-ერთ ნახატზე მითითებულია ავტორი იური ფიფია და წელი 1988, ხოლო მეორე, დაზიანებული ნუსხური წარწერა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს: „დალოცვილ იყოს მათი მარჯვენა რომელთა მეცადინეობით დამშვენდა სახლი ესე შიგნით და გარეთ. ხელმძღვანელები რომან კიზირია და გიორგი დონდუა. არქიტექტორი ვალერი ნოდია. მხატვრები ბონდო ტკვაცირია და იური ფიფია ათას ცხრაას ოთხმოცდარვა წელს ქრისტეს დაბად“. მხატვრობა (კედლებზე) ძლიერაა დაზიანებული, ზოგან საღებავია ამძვრალი ან ატკეცილი. მარნის ყოფილი კულტურის სახლი ორ განსხვავებულ და საინტერესო ეპოქას მოიცავს, პირველი, ფაქტობრივად, მხოლოდ მოზაიკის იატაკის სახით არის შემორჩენილი, ხოლო მეორე, უფრო თვალსაჩინოდ საბჭოთა ეპოქის მიწურულს ასახავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16964