ყვავი (აბორდაჟი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბორდაჟის ყვავი (ლათ. corvus - ყვავი) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენებოდა რომაულ ფლოტში აბორდაჟული ბრძოლებისთვის. პირველად მისი გამოყენება მოხდა პირველი პუნიკური ომის დროს, კართაგენის წინააღმდეგ.

”ყვავის” სქემა

პოლიბიუსი ამ იარაღს ასე აღწერს[1]:

ვიკიციტატა
„გემის წინა ნაწილზე იდგმებოდა მრგვალი ანძა, 8,5 მეტრის სიგრძის და 30 სმ დიამეტრის, ზემოთ კი ბლოკი ჰქონდა. ანძაზე მიმაგრებული იყო კიბე, რომელზეც ლურსმებით მიჭედებული იყო განივრი ფიცრები 1,2 მ სიგანის და 12 მ სიგრძის. კიბის ფიცრის ძირში იყო მოგრძო ღარი, რომლითაც კიბე მაგრდებოდა ანძაზე, 4 მეტრის სიმაღლეზე; კიბეს ორივე გვერდზე მუხლამდე მოაჯირი ჰქონდა. ანძის თავზე დამაგრებული იყო რკინის წაწვეტებული ფილთაქვის მაგვარი რამ, თავში რგოლით, რაც მთლიანობაში ხაბაზის იარაღს წააგავდა. რკოლში ბაგირი იყო, რომლის მეშვეობითაც, ბრძოლისას, ყვავი ბლოკით იწეოდა და მტრის გემბანზე ეშვებოდა წინიდან ან, გვერდიდან, როდესაც გვერდული თავდასხმის ასაცილებლად საჭირო ხდებოდა გემის გვერდზე მოტრიალება. როდესაც ყვავები ტეხდნენ გემბანის ფიცრებს, რისი მეშვეობითაც მაგრდებოდნენ გემზე, რომაელები ყველა მხრიდან გადადიოდნენ მტრის გემზე, თუ შებმული გემები გვერდიგვერდ იდგნენ; ხოლო თუ გემები ცხვირებით ებმეოდნენ, მაშინ მეომრები თვითონ ყვავით გადადიოდნენ, ორ-ორი, უწყვეტი რიგით. თავში მიმავალ მეომრებს ფარები წინიდან ეჭირათ და ასე იგერიებდნენ დარტყმებს, უკან მომავალნი კი ფარებით მოაჯირებს ეყრდნობოდნენ, რითაც გვერდებიდან იცილებდნენ საფრთხეს.[2]

ძვ. წ. III საუკუნეში რომაელებს არ ჰქონდათ არც კარგი ფლოტი, არც საზღვაო ბრძოლების გამოცდილება. ხოლო სახმელეთო ბრძოლებში რომაული არმია ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ”ყვავებმა” კი რომაელებს საშუალება მისცა საზღვაო ბრძოლებში სახმელეთო ბრძოლის ტექნიკა გამოეყენებინათ. პირველად ”ყვავი” გამოყენებულ იქნა მილაის ბრძოლაში ძვ. წ. 260 წელს, რომელიც რომაელებისთვის პირველი წარმატებული საზღვაო ბრძოლა გახდა. აბორდაჟული ტაქტიკით რომაელება ამ ომში რამდენიმე ბრძოლა მოიგეს: მილაის ბრძოლა, სულცის ბრძოლა, ეკნომის კონცხის ბრძოლა და ტინდარისის ბრძოლა.

მიუხედავად რიგი უპირატესობისა, ”ყვავებს” უარყოფითი მხარეებიც ჰქონდათ. როგორც თანამედროვე ექსპერიმენტებიდან გამოვლინდა, ”ყვავის” წონა უარყოფითად მოქმედებს გემის სანავიგაციო თვისებებზე. რომაელებმა ორჯერ თითქმის მთლიანად დაკარგეს ფლოტი შტორმებში ძვ. წ. 255 და ძვ. წ. 249 წლებში. კატასტროფის მიზეზი ნაწილობრივ გახდა ”ყვავებით” გამოწვეული გემების არამდგრადობა. შესაძლოა ეს გახდა იმის მიზეზი, რომ პირველი პუნიკური ომის ბოლოს რომაელებმა ”ყვავებზე” უარი თქვეს. ვინაიდან გემთმშენებლობა რომში განვითარდა და მეზღვაურებიც ბევრად უფრო გამოცდილები გახდნენ, უკვე ”ყვავებით” მიღებული უპირატესობა აღარ ამართლებდა მათი გამოყენებით გამოწვეულ რისკს. ეკნომუსის ბრძოლის შემდეგ წყაროებში აღარ გვხვდება ყვავების გამოყენების შესახებ ცნობები, ხოლო ეგატის კუნძულებთან ბრძოლაში, რომელმაც პირველი პუნიკური ომის ბედი გადაწყვიტა, ”ყვავები” ნამდვილად არ იყო გამოყენებული. მიუხედავდ ამისა, სამოქალაქო ომის დროს ნოლას ბრძოლაში გამოყენბულ იქნა მოწყობილობა arpax, რომელიც ”ყვავის” პრონციპით მუშაობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. წიგნი 1. 22
  2. ნაწყვეტი ნათარგმნია პოლიბიუსის რუსული თარგმანიდან.