ქვემო ხანდაკის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვემო ხანდაკის კოშკი.

ქვემო ხანდაკის პირველი კოშკიარქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 8 მეტრი), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. პირველი სართულის კედლებში ექვსი გარეთკენ შევიწროებული სათოფურია (ორ-ორი აღმოსავლეთით და სამხრეთით, თითო — ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით). ამ სართულს აგურის გუმბათოვანი გადახურვა აქვს. დასავლეთ კედელში, მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა, მეორე სართულზე მაღალი ბუხარია, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. ნიშებს შორის ორი ორმაგი სათოფურია. მეორე სართულის ჩრდილო კედელში მესამე სართულზე ასასვლელი კიბეა დატანებული. მესამე სართულზე, კედლებში, ყველა მხარეს თითო მაღალი ნიშია. ნიშებს შორის თითო ორმაგი სათოფურია. ამ სართულსაც კვადრატული აგურით ნაწყობი, გუმბათოვანი გადახურვა აქვს. კედელში ერთი ერთმაგი სათოფური და მეოთხე სართულზე ასასვლელი კიბეა. ყველა სათოფურს გარეთკენ შევიწროებული ნიში აქვს. ფასადებს შემოვლებული აქვს ბრტყელი რიყის ქვის თევზიფხურად ნაწყობი სარტყელი. აღმოსავლეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია მაღალი ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]