ქვემო ნაქალაქარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ნაქალაქარის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნაქალაქარში. განეკუთვნება XVlll საუკუნეს. მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი XlX საუკუნეში, ხოლო XX საუკუნის 40-იან წლებში იგი კლუბად გადაუკეთებიათ (ამჟამად გაუქმებულია) და საკურთხეველში ხის სცენა მოუწყვიათ. ამავე დროს აღმოსავლეთიდან მიუშენებიათ მოზრდილი სადგომი, რომელიც ფასადს მთლიანად ფარავს. თავდაპირველი ნაგებობიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ნაწილებია შემორჩენილი, რომელიც ნაგებია აგურის სწორხაზოვან შრეებს შორის მოქცეული თანაბარი ზომის რიყის ქვით. სამხრეთ და ჩრდილო კედლები, აგრეთვე განივი კედლების განახლებული ნაწილები, რიყის ქვითაა ნაწყობი; ზედა ნაწილებში გამოყენებულია აგური. ეკლესია დარბაზულია (11,3 x 7,9 მეტრი), შესასვლელი ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. მოგვიანებით (როგორც ჩანს, XX საუკუნეში) ორივე კარის გარეთა ღიობი რიყის ქვის თხელი კედლით ამოუშენებიათ და ახალი შესასვლელი მოუწყვიათ. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, გაჭრილია ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელი, რომლის მარცხნივ ერთი, ხოლო მარჯვნივ ორი სხვადასხვა ზომის თაღოვანი ნიშია. ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შიგნით სწორკუთხა, ხოლო გარედან ბრტყელი თაღით გადახურული ფართო და მაღალი სარკმელია. გრძივი კედლების შუაში თითო მარტივი პილასტრია. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. საკურთხეველი და დარბაზი შეფიცრული ხის კამარითაა გადახურული. დასავლეთის ფასადზე შესასვლელის თაღოვანი ღიობი კედლის სიბრტყიდან ოდნავ შეღრმავებულ სწორკუთხოვან არეშია ჩასხმული და ორივე მხარეს ამკობს ერთ ვერტიკალზე განლაგებული, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი ორ-ორი რომბი. შესასვლელის ზემოთ გამოსახულია საფეხუროვან პოსტამენტზე დადგმული შეღრმავებული ჯვარი. თავდაპირველად ფასადი დასრულებული იყო აგურით ნაწყობი ორსაფეხუროვანი ლავგარდნით, ხოლო ფრონტონის წვერზე დადგმული ყოფილა აგურის სამრეკლო, რომლის კვადრატული ბაზის მცირე ნაწილიღა შემორჩა. მოგვიანებით (XlX საუკუნეში), ეკლესიის საფუძვლიანი გადაკეთებისას, ლავგარდანზე დაუშენებიათ ახალი წყობა და სახურავის კალთების ქანობიც რამდენამდე შეუცვლიათ. ამჟამად შენობას თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]