ქსენოფობია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქსენოფობია (ბერძნ. ξενοφοβία - „უცხოს შიში“, — ξένος ქსენოს - „უცხო“ და φόβος ფობოს - „შიში“) ნიშნავს უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიშს.[1] ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის ან სიძულვილის მინიშნებად. მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. მეცნიერულ ფანტასტიკაში ქსენოფობია უცხოპლანეტელთა ან არადედამიწური წარმოშობის საგანთა მიმართ შიშს ნიშნავს. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ცრუს ან ნამდვილს, რომ განხილვის სუბიექტი (ან ობიექტი) რაღაცით უცხოა.

ქსენოფობიაში ფობიის ორი ობიექტია. პირველია საზოგადოებაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ საზოგადოების წევრად არ მიიჩნევა. ხშირად ესენი არიან ახალი იმიგრანტები, თუმცა ქსენოფობია შეიძლება მიმართული იყოს ამ საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში არსებული ჯგუფის წინააღმდეგაც. ამ ფორმის ქსენოფობია შეიძლება მიზეზი გახდეს ისეთი ძალადობრივი რეაქციებისა, როგორიცაა იმიგრანტთა მასობრივი დევნა, ან უარეს შემთხვევაში, გენოციდი.

ქსენოფობიის მეორე ფორმა ძირითადად კულტურულ განსხვავებებს ეყრდნობა და ფობიის ობიექტი კულტურული ელემენტებია, რომელიც საზოგადოების მიმართ უცხოდ მიიჩნევა. ყველა კულტურა გარე სამყაროს ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, თუმცა კულტურული ქსენოფობია ხშირად სპეციფიურია, მაგ. უცხო სიტყვათა სესხება ეროვნულ ენაში. ის იშვიათად იწვევს ადამიანთა წინააღმდეგ აგრესიას, თუმცა შეიძლება საფუძველი გახდეს პოლიტიკური კამპანიებისა კულტურული და ლინგვისური სიწმინდის დაცვისთვის.

ქსენოფობია მწვავე პრობლემა იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, როდესაც დაბრუნებულ ომის ვეტერანებს სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილისთვის უცხოელებთან მოუწიათ კონკურენცია. მას შედეგად ამბოხი, რასობრივი კონფლიქტები და საერთო არასტაბილურობა მოჰყვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Oxford Standard English Dictionary' (OED). Oxford Press, 2004, CDROM version.