ფილიპინების ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპინების ეროვნული მუზეუმი

სახვითი ხელოვნების მუზეუმი
დაარსდა 29 ოქტომბერი, 1901
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
მდებარეობა სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, პადრე ბურგოსის ავენიუ, რიზალის პარკი, ერმიტა, მანილა, ფილიპინები
დირექტორი ჯერემი ბარნსი
ოფიციალური საიტი nationalmuseum.gov.ph

ფილიპინების ეროვნული მუზეუმი (ტაგალ. Pambansang Museo ng Pilipinas) — სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მართავს ფილიპინებში მდებარე მთელ რიგ ეროვნულ მუზეუმებს: ეთნოგრაფიულ, ანთროპოლოგიურ, არქეოლოგიურ და ვიზუალურ ხელოვნების მუზეუმებს. 1998 წლიდან ეროვნული მუზეუმი ფილიპინების მთავრობის მარეგულირებელი და აღმსრულებელი დაწესებულებაა, რომელიც შექმნილია მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების განახლებისა და დაცვის მიზნით.

ეროვნული მუზეუმი მართავს: სახვითი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს, ანთროპოლოგიის ეროვნულ მუზეუმს, ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ პლანეტარიუმს, რომელთაგან ყველა ეროვნულ სამუზეუმო კომპლექსში, მანილაში მდებარეობს. ფილიპინების ეროვნული მუზეუმი ასევე ხელმძღვანელობს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროფილის მუზეუმებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი
ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი
ეროვნული პლანეტარიუმი
ბუტუანის ეროვნული მუზეუმი
სებუს ეროვნული მუზეუმი
ზამბოანგას ეროვნული მუზეუმი

დღევანდელი ფილიპინების ეროვნული მუზეუმის წინამორბედად ეთნოლოგიის, ბუნების ისტორიისა და კომერციის მუზეუმი მიიჩნევა, რომელიც 1901 წელს შეიქმნა ფილიპინების კომისიის მიერ. 1903 წელს მუზეუმი გადაეცა შინაგან საქმეთა დეპარტამენტს და მას ეთნოლოგიური კვლევების ბიურო ეწოდა. ეს ახლად შექმნილი დაწესებულება პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ფილიპინებს მონაწილეობა მიეღო ლუიზიანის შესყიდვის ექსპოზიციაზე 1904 წელს. ექსპოზიციის შემდეგ დაწესებულება გაუქმდა როგორც ბიურო და მას ფილიპინების მუზეუმი ეწოდა.

მუზეუმის სტრუქტურა კვლავ შეიცვალა 1933 წელს, როდესაც ფილიპინების საკანონმდებლო ორგანომ დაწესებულების გაყოფა გადაწყვიტა. მუზეუმის სახვითი ხელოვნებისა და ისტორიის განყოფილებები ეროვნული ბიბლიოთეკის ნაგებობაში განთავსდა.

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელსაც წარსულში ხელოვნების ეროვნული გალერეა ეწოდებოდა, ფილიპინების მუზეუმის ძველ საკანონმდებლო შენობაშია განთავსებული. შენობა, თავდაპირველად, საჯარო ბიბლიოთეკა უნდა ყოფილიყო. ამას ითვალისწინებდა დენიელ ბარნჰემის 1905 წლის გეგმა მანილასათვის. ნაგებობა დაპროექტებულია რალფ ჰარინგტონ დონის მიერ, ასევე მისი თანაშემწის, ანტონიო ტოლედოს დახმარებით. ნაგებობის მშენებლობა 1918 წელს დაიწყო და 1921 წელს დასრულდა.

შენობის ფასადი კლასიკური სტილისაა: კორინთული სვეტებით, ორნამენტებითა და რენესანსით ინსპირირებული ქანდაკებებით.[1]

შენობა ოფიციალურად გაიხსნა 1926 წლის 16 ივლისს. ნაგეობას საფრთხე შეუქმნა მეორე მსოფლიო ომმა, რის გამოც მუზეუმის შენობა ძლიერ დაზიანდა.[1]

ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი, წარსულში ცნობილი, როგორც ფილიპინელი ხალხის მუზეუმი, ფილიპინების ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებიდან ერთ-ერთია. მუზეუმში განთავსებულია არქეოლოგიის სამმართველო, ეთნოლოგიის სამმართველო, გამოფენები, სარედაქციო და მედიის მომსახურების განყოფილება (EEMPSD), საზღვაო და წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის განყოფილება (MUCHD), ასევე სამუზეუმო მომსახურების განყოფილება (MSD). მუზეუმი მდებარეობს აგრაფინას წრეზე, რიზალის პარკში, მანილაში, სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს. მუზეუმის ნაგებობა წარსულში ფილიპინების ფინანსების დეპარტამენტის შტაბს წარმოადგენდა.

ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამუზეუმო კომპლექსის მესამე შენობა (ამჟამინდელი ტურიზმის დეპარტამენტი), ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმად უნდა გადაკეთდეს, ტურიზმის დეპარტამენტი კი მაკატში გადავა. ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმის შენობას ექნება ექვსკუთხა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ფორმა. შენობის ინტერიერში ასევე იქნება ცოცხალი მცენარეები. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ მშენებლობა 2015 წლის ბოლო მეოთხედში უნდა დასრულებულიყო,[2] მაგრამ დაწესებულების გახსნამ 2017 წლამდე გადაიწია. 2017 წლის ოქტომბერში ფილიპინების ეროვნული მუზეუმის ეს განყოფილება ოფიციალურად გაიხსნა.

ეროვნული პლანეტარიუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლანეტარიუმის გახსნის შესახებ პირველად 1970-იან წლებში გამოცხადდა ფილიპინების ეროვნული მუზეუმის დირექტორის, გოდოფრედი ალკასირის მიერ.

მუზეუმისათვის შენობის მშენებლობა დაიწყო 1974 წელს და 9 თვის შემდეგ დასრულდა. დაწესებულების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 1975 წლის 8 ოქტომბერს მოეწყო. მუზეუმი ოფიციალურად დაარსდა ფილიპინების პრეზიდენტის ბრძანებულება No804-A-ს თანახმად 1975 წლის 30 სექტემბერს. პლანეტარიუმი მდებარეობს იაპონურ ბაღსა და ჩინურ ბაღს შორის რიზალის პარკში.[3]

რეგიონალური მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების ეროვნული მუზეუმი ასევე მართავს რამდენიმე დაწესებულებას ეროვნული დედაქალაქის რეგიონის გარეთ. ეს რეგიონალური მუზეუმები მდებარეობენ: ანგონოში (რიზალის პროვინცია), ვიგანის პადრე ბურგოსში (სამხრეთი ილკოსი), კაბაიანში (ბენგუეტი), კიანგანში (იფუგაო), მაგსინგალში (სამხრეთი ილკოსი), პუერტო პრინცესაში (პალვანი), ბუტუანში (კარგას რეგიონი), ტაბაკოში (ალბაი) და სხვა.[4][5]

სემინარები და ლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებლებს ყოველწლიურად სთავაზობს ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოფებს. ეს აქტივობები ძირიტადად, მხოლოდ მანილაში განთავსებულ მუზეუმებში ეწყობა. ფილიპინების პროვინციების 80%-ზე მეტს კვლავაც არ გააჩნია დაწესებულება, რომელიც ფილიპინების ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში შედის. ამის ერთ-ერთ მიზეზს კულტურის დეპატრამენტის არ არსებობა წარმოადგენს. 2016 წლის ბოლოს გამოცა კანონპროექტი კულტურისა და ხელოვნების დეპარტამენტის შექმნის შესახებ. ასევე გამოიცა კანონპროექტი ეროვნული მუზეუმის გასაძლიერებლად. ეს ორივე დადგენილება ძალაში ოფიციალურად 2017 წლიდან შევიდა.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lenzi, Iola (2004). Museums of Southeast Asia. Singapore: Archipelago Press, გვ. 200 pages. ISBN 981-4068-96-9. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Alarcon, Norma (2008) The Imperial Tapestry, American Colonial Architecture in the Philippines. University of Santo Tomas Publishing House, გვ. 133. ISBN 9789715064743. 
  2. DOT building to be transformed into Museum of Natural History. Lifestyle Inquirer
  3. Branches of the National Museum. National Museum of the Philippines
  4. Info. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 10, 2019. ციტირების თარიღი: სექტემბერი 15, 2021.
  5. Happy New Year from our flagship museum... – National Museum of the Philippines. Facebook (December 31, 2017). ციტირების თარიღი: October 14, 2019
  6. LOREN LEGARDA: Sponsorship Speech: Senate Bill No. 1529, Committee Report No. 140. YouTube. ციტირების თარიღი: October 14, 2019