ფევრების სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფევრების სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს თბილისი-გურჯაანის გზატკეცილის მარცხნივ, ფევრებად წოდებულ ადგილზე. გომბორის ქედის სამხრეთ ფერდობზე. სამარხები ორ ჯგუფად არის განლაგებული, სამხრეთით მდებარე მცირე ჯგუფი შუა ბრინჯაოს ბოლო საფეხურს უნდა ეკუთვნოდეს. ჩრდილოეთით მდებარე მრავალრიცხოვანი სამარხები კი გვიანდელ ბრინჯაოს საწყის ხანას. სამაროვანი აღმოჩნდა მიწის სამუშაოების დროს 1977 წელს.

კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური) ძეგლზე ჩაატარა ფართო მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები. სამაროვანი ძლიერ არის დაზიანებული წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო. გადანაყარ მიწაში აიკრიფა დიდი რაოდენობით თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, სარდიონის მძივები ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევარი, ბრინჯაოსავე ღილები, რგოლები და სხვები.

სამაროვანი მრავალიარუსიანია. ორმოსამარხები დამხრობილია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. მიცვალებულები დაკრძალულია მოხრილი კიდურებით, თავით უმეტესად ჩრდილოეთისკენ. ქვევიდან 11 ფენის რამდენიმე სამარხში მიცვალებულის ხის სარეცელზე დაკრძალვის წესი დადასტურდა. ამავე ფენის სამარხები შიგნით, ორმოს პირზე წვრილი რიყის ქვითაა მოკირწყლული. ქვედა ფენის სამარხებში ინვენტარი მცირეა, ამ ფენის სამარხებში მოპოვებული თიხის ჭურჭელი ძირითადად დამზადებულია კვარცის თეთრი, წვრილმინარევებიანი წვრილმარცვლოვანი თიხისაგან, კარგადაა გამომწვარი, აქვს ნაპრიალები, შავი ზედაპირი და ღია ნაცრისფერი შიდაპირი. ორ შემთხვევაში ამ სამარხებში ეგრეთ წოდებული კაკლის ნაჭუჭისებრი ნაკეთობებია აღმოჩენილი. ორნამენტებიდან აღსანიშნავია ღრმა ფრჩხილისებრი ნაჭდევები კონცენტული ღარებით ან რელიეფური ზოლებით; ღრმა ფრჩხილისებრი ნაჭდევების ერთი რიგი, რომელსაც მოსდევს ამოღარული კოცენტრული ხაზები და რელიეფური სარტყელი ღრმა ირიბი ნაჭდეებით და სხვებით. ზოგიერთი ჭურჭლის მხარი მოხატულია თეთრი ანგობით შესრულებული მეანდრით.

სამაროვანის ქვედა ფენის სამარხებში აღმოჩენილი ინვენტარი ამ სამარხების ადრეულობას მოწმობს, ისინი ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებს განეკუთვნებიან.

ზედა ფენის სამარხებში დიდი რაოდენობით ჩნდება თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სამკაული და სხვები, ინვენტარი თიხის ჭურჭელი ძირითადად დამზადებულია ქვიშანარევი თიხისაგან. მათი ზედაპირი შავადაა ნაპრიალები და დაფარულია კონცენტრული ხაზებით, მხარსა და ძირის კიდეს კი ირიბი, ღრმა ნაჭდევები შემოუყვება. კეცი წაბლისფრად ან მოშავოდაა გამომწვარი და უსარჩულოა. სამარხებში აღმოჩნდა აგრეთვე ბრინჯაოს ბალთები, რელიეფური ორნამენტით, ბრინჯაოს თავმსხვილა, ყუნწიანი საკინძები, მძივსაკიდები, ღილები, ბალთები, ძეწკვის ფრაგმენტები და სხვები. ზედა ფენის სამარხები ძვ. წ. XII საუკუნეს განეკუთვნებიან.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]