კვარცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვარცი
Quartz, Tibet.jpg
საერთო
კატეგორია ჟანგეულთა კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულა SiO2
იდენტიფიკაცია
ფერი უფერო და გამჭვირვალე, თეთრი ან ნაცრისფერია
კრისტალის სინგონია ტრიგონური
სიმაგრე მოოსის სკალით 7
სიმკვრივე 2650 კგ/მ³.

კვარცი (გერმ. Quarz) — ჟანგეულთა კლასის მინერალი. არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციის კვარცი: ჰექსაგონური კვარცი (a-კვარცი), რომელიც მდგრადია 1 ატმ. წნევისას 870-573°C ტემპერატურულ ინტერვალში, და ტრიგონური კვარცი (ანუ b-კვარცი), რომელიც მდგრადია 573°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ბუნებაში გავრცელებულია b-კვარცი. კვარცის კრისტალებს, ჩვეულებრივ, პრიზმული იერი აქვს, იშვიათად — ბიპირამიდული. კვარცის კრისტალების, მარცვლებისა და აგრეგატების ფერი მეტად ცვალებადია. ჩვეულებრივ, უფერო და გამჭვირვალე, თეთრი ან ნაცრისფერია. კრისტალების ფერის მიხედვით კვარცს სხვადასხვა სახელი აქვს: უფეროსა და გამჭირვალეს ჰქვია — მთისბროლი, იისფერს — ამეთვისტო, ბოლის ფერს — რაუხტოპაზი, შავს — მორიონი, ყვითელს — ციტრინი.

აქტინოლინისა და ქლორიტის ჩანართები იძლევა მწვანე ფერის სახესხვაობას — პრაზემს, ქარსისა და ჰემატიტისა — ოქროსფრად მოციმციმე ავანტიურინს. კვარცის ფარულკრისტალური სახესხვაობანი — აქატი და ქალცედონი — ბოჭკოვანი აგებულებისაა. კვარცს აქვს პიეზოელექტრული თვისებები. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 7, სიმკვრივე 2650 კგ/მ³.

კვარცი მეტად გავრცელებული მინერალია. წარმოიქმნება მაგმური, პეგმატიტური, ჰიდროთერმული და დანალექი გზით. დამუშავებულია კვარცის ხელოვნურად მიღების სამრეწველო ტექნოლოგია. კვარცის ქვიშა და კვარციტი კერამიკისა და მინის წარმოების ძირითადი ნედლეულია, მონოკრისტალური კვარცს იყენებენ რადიოტექნიკაში, ოპტიკურ ხელსაწყოთმშენებლობაში; ნალღობ კვარცს ქიმიური ჭურჭლის დასამზადებლად. კვარცისგან იღებენ si-ის. კვარცის გამჭვირვალე ფერადი სახეობანი, აგრეთვე აქატი, ონიქსი, სარდიონი და სხვა ნახევრადძვირფასი ქვებია.

კვარცის დიდი საბადოებია ურალზე, უკრაინაში, პამირსა და მდინარე ალდანის აუზში, ასევე ბრაზილიასა და მადაგასკარზე.

საქართველოში მთის ბროლი არის ხდის ხეობაში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და შოდა-კედელას ქედზე (ონის მუნიციპალიტეტი), კვარცის ქვიშა — სურამის, ჭიათურის, ხარაგაულის მიდამოებში, კვარციტები — ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალცედონი და აქატი — ახალციხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]