ფანჯშირის ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფანჯშირის ხეობის ხედი

ფანჯშირის ხეობა (დარი. دره پنجشير - „ხუთი ლომის ხეობა“) — ხეობა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. (ფარვანის პროვინცია, 2004 წლიდან — ფანჯშირის პროვინცია).

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფანჯშირის ხეობა (ველი) მდებარეობს ჰინდუქუშის მთის სისტემის სამხრეთ მთისწინეთის დასავლეთით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან 120 კმ-ზე და ვრცელდება 115-120 კმ-ზე ქვეყნის ცენტრალური ნაწილიდან უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც ყოფს ქვეყანას სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად. 1980-იანი წლების დასაწყისში, ავღანეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, ფანჯშირის ხეობაში 200-ზე მეტი დასახლება იყო, 100 ათასზე მეტი მოსახლეობით. ეს არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი ავღანეთში. ფანჯშირის ველი სათავეს იღებს ფარვანის პროვინციიდან ჩარიკარის ხეობის ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფელ გულბაჰორში, ქალაქ ჩარიკარიდან 20 კილომეტრში და მთავრდება პასი-შაჰი-მარდანის დასახლებული პუნქტით. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ხეობა ესაზღვრება ფარვანის პროვინციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კაპისის პროვინციას, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ლაღმანის პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთით - ბაღლანისა და ტახარის პროვინციებს. ასევე უკავშირდება მათ ხავაკის მთის უღელტეხილებთან ტალი, ბურკა, ანჯუმანი, ზურნა, ზარდი, ჩაკარი. ფანჯშირის ხეობა დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან იკვეთება მრავალი მეორეხარისხოვანი ხეობით, რომლებიც ქმნიან გზაჯვარედინებს: ფარაჯის ხეობა მდებარეობს ზამანკურის მოპირდაპირედ; ტავაჯი — აბდარას მოპირდაპირედ; ჰისარაკი - შამალუდეს მოპირდაპირედ; პარანდა — მანჯურის მოპირდაპირედ. ხეობის სიგრძე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 115 კმ-ია, საერთო ფართობი 3526 კმ². ხეობის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2217 მ-ია, უმაღლესი მთები 6000 მ-ს აღწევს, ხეობის ცენტრია სოფელი რუხა. მდინარე ფანჯშირი მდინარე ქაბულის ერთ-ერთი მთავარი შენაკადია, რომელიც თავის მხრივ მდინარე ინდის აუზის ნაწილია.

ისტორია. ფანჯშირი და ფანჯშირელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმად შაჰ მასუდის მავზოლეუმი

ფანჯშირის ხალხი ეთნიკურად ტაჯიკები არიან. ისინი ხეობაში დასახლდნენ 700 წელზე მეტი ხნის წინ, XIII საუკუნის მიჯნაზე. ფანჯშირელების ისტორიულ სამშობლოდ ითვლება უზბეკეთის აკდარიის რაიონი სოფელი დახბედი, რომელიც მდებარეობს სამარყანდიდან ჩრდილოეთით 8 კმ-ში. ხეობაში სოფლის მეურნეობისთვის მიწის ფართობი შეზღუდულია. ამით აიხსნება, რომ ფანჯშირელთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დაკავებული სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით. მამრობითი სქესის ახალგაზრდობამ, რომელიც მოკლებული იყო პერსპექტივას, დატოვა ფანჯშირი სამუშაოს საძებნელად და გადავიდა საცხოვრებლად სხვა პროვინციებში, ან მეზობელ პაკისტანში. უცხო ქვეყანაში ფანჯშირელები შევიდნენ სახელმწიფო სამსახურში, მიიღეს განათლება, დაეუფლნენ ახალ პროფესიებს და ვაჭრობდნენ — ძირითადად ქაბულში და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქებში.

სამშობლოდან შორს მათ შეინარჩუნეს ტრადიციები და თვითმყოფადობა. მიზეზი მათი ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული მთლიანობა იყო. გაერთიანებულმა ფანჯშირელებმა შექმნეს სათვისტომოები უცხო ქვეყნებში, რამაც გაამარტივა ფანჯშირის ფრონტის ამოცანა ხეობაში შეიარაღებული ბრძოლისთვის სავალდებულო გადასახადების შეგროვების მიზნით. ვერც სტატუსმა, ვერც პროფესიამ და ვერც დაკავებულმა თანამდებობამ ვერ გაათავისუფლა ისინი ხარკის გადახდისგან; ყველა იხდიდა გადასახდელს — დაწყებული ქუჩის მოვაჭრეებიდან მსხვილ სამხედრო ლიდერებამდე, ქაბულში გამოჩენილი მთავრობისა და პარტიის ლიდერებით. ხეობაში დარჩენილი ახალგაზრდები მობილიზებულნი იყვნენ ფანჯშირის ფრონტის რაზმებში — ქაბულის რეჟიმისა და საბჭოთა კონტიგენტის ჯარებთან საბრძოლველად. 1980 წლიდან 1985 წლამდე პერიოდში, ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეზღუდული კონტინგენტის ძალებთან ორი ზავის გათვალისწინებით, ფანჯშირი გახდა სასტიკი სამხედრო ოპერაციების თეატრი, რომლის ხეობაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. 2001 წლიდან ფანჯშირის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მეამბოხე ლიდერის აჰმად შაჰ მასუდის სახელობის მავზოლეუმი.

მინერალური რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფანჯშირის ხეობის მთავარი ბუნებრივი სიმდიდრეა ზურმუხტი და ლითიუმი. პავატის მიდამოში და დარხინჯის ხეობის სოფელ პიშგორის მახლობლად — ფანჯშირის ხეობის ზემო ნაწილში, ზურმუხტი მოიპოვეს დასავლეთ გერმანელი ამზომველების (მარკშეიდერი) ხელმძღვანელობით იაპონური საბურღი მოწყობილობების გამოყენებით; 1980-იან წლებში 40-ზე მეტი მაღარო მუშაობდა. ხეობაში და ავღანეთის ბადახშანში მოპოვებული ლაპის ლაზული გადასამუშავებლად გადაიტანეს პაკისტანში, საიდანაც დილერები და დისტრიბუტორები გზავნიდნენ სხვა ქვეყნებში.

მხოლოდ ზურმუხტებით, რომელთაც ყიდულობდნენ იუველირები პაკისტანიდან, ინდოეთიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან, შემოსული თანხა წელიწადში ათ მილიონ დოლარს აჭარბებდა, რაც ფარავდა ფანჯშირის ფრონტის ხარჯების ნახევარზე მეტს.

ძვირფასი ქვების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შეიარაღებულ ძალებს მოხმარდა იარაღის, უნიფორმისა და საკვების შესაძენად, ქვეყნის ისლამური კომიტეტების საჭიროებებისთვის, ავღანეთის არმიის ხელმძღვანელობაში აგენტური ქსელის შესანარჩუნებლად და ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე უბრალოდ მოსახლეობაში. ქვემო ფანჯშირში, ჯარი აბის მიდამოებში, უძველესი დროიდან ვერცხლს მოიპოვებოდა. ვერცხლს აგზავნიდნენ მიმდებარე ანდარაბის ხეობაში და იქ ადნობდნენ ნაკეთობებად. იმ ადგილებში, სადაც ვერცხლი მოიპოვებოდა, რელიეფზე ყალიბდებოდა მაღაროები, რომლებშიც ფანჯშირები ქმნიდნენ საყრდენ პუნქტებს.

სტრატეგიული დანიშნულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ფანჯშირის უზარმაზარი ხეობა, რომელიც იწყება ქაბულიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, არის ჰინდუქუშის მთის სისტემის ნაწილი, რომელიც ყოფს ავღანეთს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად. ყველაზე მოსახერხებელი უღელტეხილები, რომლებიც მიდის ავღანეთის სამხრეთ პროვინციებიდან ჩრდილოეთისკენ, გადის ფანჯშირის ველზე. ამ ტერიტორიის თავისებურება მდგომარეობს ვიწრო ხეობებში გამავალი მდინარე ფანჯშირის შენაკადების კომპლექსურ სისტემაში, რომელიც საომარი მოქმედებების დროს წარმოადგენს შესანიშნავ ბუნებრივ თავშესაფარს და ხეობას აქცევს აუღებელ ციხესიმაგრედ, პარტიზანული ომის იდეალურ ასპარეზად. ფანჯშირის ველი არის მოსახერხებელი სატრანსპორტო დერეფანი იარაღის მიწოდებისა და წიაღისეულის საზღვარგარეთ ექსპორტისთვის, პირველ რიგში კი პაკისტანში.

ხეობის კიდევ ერთი თავისებურებაა მასთან დაკავშირებული მეორადი ხეობები, მოსახერხებელი საწვრთნელი ბაზების განთავსებისა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის. ხეობა 1975 წელს კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, შემდეგ კი საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ავღანეთის ომის დროს (1979-1989 წწ.) წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო. აქ მოქმედებდნენ გავლენიანი საველე მეთაურის აჰმად შაჰ მასუდის ჯარები. ხეობის გასასვლელიდან არც ისე შორს იწყება ცნობილი სალანგის უღელტეხილი — „ქაბულის ყელი“, რომლზეც გადის ჰაირათან-ქაბულის გზატკეცილი. სწორედ ეს გზა იყო სსრკ-დან ავღანეთში სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების კოლონების მიწოდების მთავარი გზატკეცილი. სოფელ რუხასთან 1982-1983 წლებში განლაგდა 177-ე სპეცდანიშნულების რაზმი მასზე მიმაგრებული 108-ე მოტომსროლელი დივიზიის ქვედანაყოფებით (სულ დაახლოებით ათასი ადამიანი), 1984-1988 წლებში — 682-ე მოტომსროლელი დივიზია (დაახლოებით ათას ხუთასზე მეტი ადამიანი). ცხრა ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩატარდა აჰმად შაჰ მასუდის ფორმირებების წინააღმდეგ. მე-40 არმიის მეთაური 1985-1986 წლებში, გენარალი როდიონოვი იხსენებს:

ვიკიციტატა
„ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო ფანჯშირის ხეობაში. ეს ხეობა თითქოს ავღანეთს ორ ნაწილად ყოფს და ქვეყნის დასავლეთ საზღვრებიდან თითქმის ჩინეთამდეა გადაჭიმული. ცნობილი აჰმად შაჰ მასუდი მეთაურობდა დუშმანებს... შემდეგ, 80-იან წლებში, მან წარმატებით მოიგერია ჩვენი ერთზე მეტი შეტევა.“

წინააღმდეგობა გაგრძელდა საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ — ჯერ ნაჯიბულას მთავრობის, შემდეგ კი — თალიბანის წინააღმდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]