უშიშროება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უშიშროება — პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცულობის მდგომარეობა პოტენციური და რეალურად არსებული საფრთხეებისა და მუქარების ან ასეთი საფრთხეებისა მუქარების არ არსებობა.[1]

ტერმინის წარმოშობა[რედაქტირება]

ტერმინი „უშიშროება“ ნაწარმოებია ძველი ქართული სიტყვისგან უშიშობა (უშიშება), რომელიც ძველი ქართული ენის ლექსიკონში განმარტებულია, როგორც „უშიშრობა“ [2] ამ ტერმინს იყენებს ძველი ქართული საისტორიო წყაროები: „ქართლის ცხოვრება“, ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, „მატიანე ქართლისაჲ“, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე „[[ცხორე[ბა გიორგი] მეფისა]]“, ჯუანშერი „ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა...“, „ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი“, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, ჟამთააღმწერელი, ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და სხვ. [3] ტერმინ „უშიშობა“–ს საფუძვლად უდევს სიტყვა „შიში“. ტერმინ „შიში“–სა და მისგან წარმოებული ტერმინების მნიშვნელობა ახსნილია ლექსიკონებში შემდეგნაირად:

1. სულხან–საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“: 1) შიში, სიში – ხოლო შიშიცა განიყოფების ექვსად. ერთ–ერთი ახსნილია ასე: უღონოება – შიში განვრდომილებისა, რამეთუ შეგვეშინის რაჲ, ჴვებულ ყოფასა უღონოებითა; 2) საშიშარი – შიშის ადგილი; 3) საშიში – შიშის საქმე (საქნელი).[4]

2. ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“: 1) შიში – ზარი, ტუქსვა, ძრწოლა, თრთოლა; 2) შიშვა – შინება; 3) შიშნეული – მოშიშე; 4) შინება – შეშინება, მშიშრება, დამედგრება, განკრთომა, დახსნა; 5) უშიში – უშიშარი, კრძალული. [5]

3. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: შიში – მოსალოდნელი (ან თავსდატეხილი) საფრთხის განცდით; 1) გამოწვეული ცუდი, შემაწუხებელი გრძნობა; 2) შიშობს – ა) შიში აქვს რისამე (ეშინია). ბ) შეწუხებულია რაიმეს ცუდის მოლოდინით (ეშინია); 3) უშიშარი (უშიშრისა) – ა) ვისაც არაფრის არ ეშინია (გულადი, გაბედული, მამაცი). ბ) ასეთი ადამიანის შესაფერისი (უშიშარი გულის პატრონი). გ) სადაც საშიში არაფერია (უშიშარი ადგილი); 4) უშიშრობა – უშიშრის თვისება (გულადობა, მამაცობა). [6]

ტერმინის მნიშვნელობა[რედაქტირება]

ჩვენი წინაპრები ტრადიციულად ტერმინ "უშიშროებას" (უშიშოებაჲ) იყენებდნენ მხოლოდ სოციო–პოლიტიკურ კონტექსტში (სახელმწიფოს, ქვეყნის, საზოგადოების, ხელისუფლების, ადამიანის და სხვ. უშიშროება) იმავე სოციო–პოლიტიკურ კონტექსტშია ახსნილი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ტერმინი "უშიშროება": „მდგომარეობა, როდესაც რისამე საფრთხე არ არსებობს, რაიმე საშიშროება, საფრთხე არ ემუქრება ვისმე, რასმე“ და მაგალითებად მოტანილია, ვთქვათ, "სახელმწიფო უშიშროების დაცვა", "გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო" და სხვ. [7]

ტერმინის გამოყენება[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ტერმინ „უშიშროების“ ხმარების ისტორიული ტრადიაცია და ქართული ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ დადგენილია შინაარსობრივად მისი გამოყენების კონტექსტი, მავანი გავლენიანი პირების ვოლუნტარისტული თვითნებობის შედეგად, დაახლოებით 2004 წლიდან, ადგილი აქვს მისი ტერმინ უსაფრთხოებით ანუ შინაარსობრივად მისგან განსხვავებული ტერმინით ჩანაცვლების მცდელობას. უშიშროების და უსაფრთხოების ტერმინების შინაარსობრივი სხვაობის თვალსაჩინოების ორი მაგალითი: 1) ტერმინები სასურსათო უშიშროებასასურსათო უსაფრთხოება და 2) ინფორმაციული უშიშროებაინფორმაციული უსაფრთხოება.

1) სასურსათო უშიშროებაში იგულისხმება სახელმწიფოში სურსათის ამოწურვის საფრთხე, რომელმაც პერსპექტივაში შეიძლება შიმშილი და სხვა თანმდევი პრობლემები გამოიწვიოს. შესაბამისად, სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა, ამ თვალსაზრისით გულისხმობს, ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, ისეთი წინმსწრები ღონისძიებების გატარებას, რომელიც პოტენციურ მსხვერპლს ანუ ქვეყნის მოსახლეობას თავიდან ააცილებს მოსალოდნელ საშიშროებას.

სასურსათო უსაფრთხოებაში მოიაზრება სურსათი (მაგალითად, საფრთხის წყარო - გაფუჭებული კონსერვი და სხვ.), რომელმაც შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს.

2) ინფორმაციულ უშიშროება გულისხმობს ინფორმაციულ სფეროში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცულობის მდგომარეობას, რასაც განსაზღვრავს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბალანსირებული ინტერესების ერთობლიობა.

ინფორმაციულ უსაფრთხოებაში კი მოიაზრება, ავტომატიზებული სისტემების რესურსების, ინფორმაციული სისტემების, ავტომატიზებული სისტემების, მონაცემთა ბაზების და სხვ. დაცვა. კიდევ უფრო მარტივად - კომპიუტერში პროგრამების ვირუსებისაგან დაცვა და სხვ.

უშიშროების სახეები და ტერმინის გამოყენების სფერო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ინფორმაციული უშიშროების უზრუნველყოფის რამდენიმე ასპექტი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკად. ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი "საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა", მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2010. გვ. 122-123
  • კუპრაშვილი ჰ. „ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები“. თბილისი. 2011 წლის 20-22 მაისი
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა. საგამომც. სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2012წ. ISBN 978-9941-20-073-1
  • პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ირინა იმერლიშვილს ღია წერილით მიმართავს

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ბოლო პერიოდში ეს ტერმინი ჩაანაცვლა განსხვავებული შინაარსის მქონე ტერმინმა უსაფრთხოება), მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოება, რაც არასწორია, უნდა იყოს ეროვნული უშიშროება
  2. აბულაძე ილია. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, 1973.
  3. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I, გამომც. „სახელგამი“, თბ., 1955, ტ. II, გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1959.
  4. ორბელიანი სულხან–საბა. ლექსიკონი ქართული. ტომი მეორე, გამომც. „მერანი“, 1993.
  5. აბულაძე ილია. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, 1973.
  6. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთავ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი. გამომც. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბ., 1986.
  7. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთავ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი. გამომც. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბ., 1986, გვ. 436.