უსაფრთხოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამარფთხილებელი ნიშანი

უსაფრთხოება — უბედური შემთხვევების, ავარიებისა და კატასტროფების არასასურველი შედეგებისგან ადამიანის, გარემოს, სამრეწველო ობიექტებისა და მატერიალური ფასეულობების დაცული მდგომარეობა (ბოლო პერიოდში ამ ტერმინმა ჩაანაცვლა განსხვავებული შინაარსის მქონე ტერმინი უშიშროება), მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოება, რაც არასწორია, უნდა იყოს ეროვნული უშიშროება.

ტერმინის წარმოშობის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ენაში სიტყვა „უსაფრთხოება“ საერთოდ არ არსებობდა და პირველად საბჭოთა პერიოდში, როგორც ტექნიკური ტერმინი ხელოვნურად იქნა შემოტანილი. შესაბამისად, არ არის შეტანილი ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონში“, ასევე - ნიკო ჩუბინაშვილის „ქართულ ლექსიკონში“, დავით ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსულ ლექსიკონში“, მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე გამოსულ არც ერთ ლექსიკონში. ამ ტერმინის მანამდე არარსებული ფუძე სიტყვაც „უსაფრთხო“ პირველად გაჟღერდა მხოლოდ 1925 წელს გამოცემულ ბროშურაში „რუსულ-ქართული საგზაო ტექნიკური ლექსიკონი“ (უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო დენთი). სიტყვა „უსაფრთხოება“ კი, როგორც წმინდა ტექნიკური ტერმინი, ქართულ ლექსიკონებში პირველად გამოჩნდა 1957 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნში „ტექნიკური ტერმინოლოგია, რუსულ-ქართული ნაწილი“, ვ. ბერიძის, რ. დვალის და რ. ღამბაშიძის რედაქციით და მოცემულია მართებულად და გასაგებად მის გამოყენების სამი სახელმძღვანელო განმარტება: მოძრაობის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, სამუშაოთა უსაფრთხოება.

ქართულ ენაში ტერმინი „უსაფრთხოება“ ხმარებაში ხელოვნურად დანერგეს იმ დროს, როდესაც დაიწყო ქართული ენის შევსება თარგმნილი ტექნიკური ტერმინებით, რისი ნაკლებობაც მაშინ აშკარა იყო. მაგალითად, ამ მიზნით გადმოაქართულეს რუსული ტერმინი „Техника безопасности“ – „ტეხნიკა ბეზოპასნოსტი“. „ბეზოპასნოსტის“ შესატყვისად მოიგონეს ტერმინი „უსაფრთხოება“ და თარგმანში მიიღეს „უსაფრთხოების ტექნიკა“ (იგივეა, რაც დღეს აღიარებული safety engineering - მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვისაკენ მიმართული ტექნიკური და საორგანიზაციო ღონისძიებათა სისტემა). ამ ახალგამოგონებულ სიტყვას იყენებდნენ ძირითადად ტექნიკურ დაზიანებებთან დაკავშირებულ კონტექსტში: ტექნიკური უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და ა.შ. მაგ., საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 1932 წელს ჩამოყალიბებულ კათედრას ეწოდა „უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის კათედრა“.

ტერმინების - „უსაფრთხოებისა“და „უშიშროების“ ანალიზი მოწმობს, რომ ტერმინის - „უშიშროება“ - შინაარსი და მისი გამოყენების სფეროები (ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით: ჰუმანიტარული მეცნიერებები - კოდი 02; სოციალური მეცნიერებები - კოდი 03 და სხვ.) არსობრივადაა განსხვავებული ტერმინ „უსაფრთხოების“ შინაარსისა და გამოყენების სფეროებისაგან (ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით: ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები - კოდი 06; ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა - კოდი 07; ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა - კოდი 09; მომსახურებები - კოდი 10 და სხვ.). ამასთან, ცალ-ცალკე თითოეული მათგანის შინაარსი და გამოყენების სფეროები იმდენად ფართო და მრავალფეროვანია, რომ მათი ხელოვნურად გაერთიანება ერთი რომელიმე ტერმინის სახელწოდებაში, არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც იწვევს საქმიანობის სპეციფიკის აღრევას და სხვა გაუგებრობებს. [1]

ტერმინ „უსაფრთხოებას” საფუძვლად უნდა დადებოდა ტერმინი „საფრთხე“, რომელიც ლექსიკონში განმარტებულია, როგორც საშიში, სახიფათო რამე, ხიფათი, საშიშროება. [2]

თავის მხრივ საფრთხე უნდა მომდინარეობდეს ძველი ქართული ტერმინიდან საბრჴე (საფრჴე), რომელიც ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის“ მიხედვით არის „მახე“, ხაფანგი, „საცთური“ ანუ ამ განმარტების მიხედვით საფრჴე თავისი შინაარსით არის საფრთხის შემცველი, სახიფათო.[3] სულხან–საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულის“ მიხედვით საბრჴე არის მახე–ჴუნდი. მახე ზოგადი სახელი არს ყოველთა მახეთა. (შემდეგ განმარტებულია თითოეულ მახეთგანი: საბრჴე, ისხერტი, ირეჭი, საიფეჴიო, ილინჭა, აკანათი, პოტიკო, ფაცერკოდი, გაწარი, გულყო, დასაკავი, სარეგვავი და სხვ.). სულხან–საბა ასევე განმარტავს ტერმინებს საფრთხილო – გასაკრძალავი და საფრთხოლი – დასაფრთხობელი, საფრთხული რამე.[4]

ტერმინის მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველი ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას რედაქტორობით გამოსული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით „უსაფრთხოება“ („უსაფრთხოობა“) იგივეა, რაც „უსაშიშროება“, ამ უკანასკნელის საფუძველია – „უსაშიშრო“ ანუ რაც საშიში არ არის და უხიფათოა, ვთქვათ, უსაშიშრო მდგომარეობა, მოძრაობა, სამართებელი... აქედან გამომდინარე, „უსაშიშროება“ განიხილება, როგორც „უსაშიშროს“ თვისება, მაგ., საშიშროებისგან დაცვის უზრუნველყოფა, ვთქვათ, ტექნიკური უსაშიშროება და ა. შ.[5].

ქართველი ენათმეცნიერების მიერ ტერმინი უსაფრთხოება, მოიხსენიება უშიშროებისაგან შინაარსობრივად განსხვავებულ კონტექსტში, როცა იგულისხმება საფრთხის წყარო, საწარმოო, ტექნოგენური და ბუნებრივ-ეკოლოგიური წარმოშობის მოვლენები და პროცესები: ტექნიკური უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, უსაფრთხოების ღვედები, ავტომატიზებული სისტემების რესურსების უსაფრთხოება, ფრენის უსაფრთხოება, ვირუსული უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება და სხვ.

ინგლისურ ენაშიც ტერმინი Safety იხმარება, "წარმოებაში ტექნიკური უსაფრთხოების" (Industrial safety), "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების" (Road safety), "უსაფრთხოების ღვედების" (Safety belts), "ტექნიკური უსაფრთხოების წესების" (Safety code regulations) გამოსახატავად. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დოკუმენტებში, მაგალითად, ტერმინი Security უშიშროების კონტექსტშია ნახმარი (ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების სახელწოდებაც მოწმობს: Political Affairs and Security Policy Division, Emerging Security Challenges Division, Science for Peace and Security, Cooperation and Regional Security Division და სხვ.), ხოლო ტერმინი Safety, იმავე ნატოს დოკუმენტებში ყუმბარების აფეთქებასთან და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების კონტექსტში. (ნატოში არის სტრუქტურული ერთეულებიც: The CNAD Ammunition Safety Group (AC/326 და Munitions Safety Information Analysis Center (MSIAC).

უშიშროების და უსაფრთხოების ტერმინების შინაარსობრივი სხვაობის თვალსაჩინოებისთვის, შეიძლება სხვა მაგალითის გახსენება

ა) სასურსათო უსაფრთხოებაში მოიაზრება სურსათი (მაგალითად, საფრთხის წყარო - გაფუჭებული კონსერვი და სხვ.), რომელმაც შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს, ხოლო სასურსათო უშიშროებაში", ძალიან მარტივად იგულისხმება სახელმწიფოში სურსათის ამოწურვის საფრთხე, რომელმაც პერსპექტივაში შეიძლება შიმშილი და სხვა თანმდევი პრობლემები გამოიწვიოს. შესაბამისად, სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა, ამ თვალსაზრისით გულისხმობს, ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, ისეთი წინმსწრები ღონისძიებების გატარებას, რომელიც პოტენციურ მსხვერპლს თავიდან ააცილებს მოსალოდნელ საშიშროებას.

ბ) ისევე როგორც საქართველოს ინფორმაციულ უშიშროებაში მოიაზრება ინფორმაციულ სფეროში მისი ეროვნული ინტერესების დაცულობის მდგომარეობა, რასაც განსაზღვრავს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბალანსირებული ინტერესების ერთობლიობა. ხოლო ინფორმაციულ უსაფრთხოებაში კი მოიაზრება, ავტომატიზებული სისტემების რესურსების, ინფორმაციული სისტემების, ავტომატიზებული სისტემების, მონაცემთა ბაზების და სხვ. დაცვა. კიდევ უფრო მარტივად - კომპიუტერში პროგრამების ვირუსებისაგან დაცვა და სხვ.

ტერმინის გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე პირობებში, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, ტერმინი უსაფრთხოება ასოცირდება შრომის დაცვასთან. ამასთან შრომის დაცვის გამოყენებული ტერმინი შრომის უსაფთხოების შინაარსი შემადგენელია თანამედროვე საერთაშორისო კომპანიებში ხმარებული, უფრო ფართო შინაარსის მქონე ტერმინისა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება (Health & Safety (H&S)), რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ–ეკონომიკურ, საორგანიზაციო–ტექნიკურ, სანიტარულ–ჰიგიენურ, სამკურნალო–პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო, ტექნიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებას და სხვა სახის ღონისძიებებს.

მაგალითად, ამ კონტექსტში ადამიანის უსაფრთხოება – ადამიანის ისეთი მდგომარეობა, როდესაც შიდა და გარე ფაქტორების მოქმედება არ იწვევს სიკვდილს, გონების, ფსიქიკის და მთლიანად ადამიანის ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირების გაუარესებას, და ხელს არ უშლის გარკვეული სასურველი მიზნების მიღწევას.

უსაფრთხოების სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენების სხვა ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუპრაშვილი ჰ. 2022. საქართველოს ეროვნული უშიშროება. მონოგრაფია, მთ. რედ. ი. გაბისონია. რედ.: ჯ. გაბელია, ჯ. გახოკიძე, ა. გეგეშიძე, ა. გვენეტაძე, ი. კვესელავა, თ. კიკნაძე, თ. ლომინაძე, ნ. ოდიშელიძე, ა. სიჭინავა, გ. სოფაძე, ი. ქართველიშვილი, ნ. ჩიტაძე, მ. ჯიქია. თბილისი: უნივერსალი, 703 გვ. ISBN 978-9941-33-339-2.
  • ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება?! თბილისი. უნივერსალი. 2014. ISBN 978-9941-22-407-2.
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროება: პრობლემური სიტუაცია და კრიტერიუმები. პოლიტოლოგია. სახელმძღვანელო. თსუ, – თბილისი, 2004, გვ. 328-351
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების ცნების შინაარსი, პრობლემური სიტუაციის დახასიათება. ჟურნ. “საისტორიო ვერტიკალები”. #6, 2004. გვ. 51-60
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროება თუ ეროვნული უსაფრთხოება? გაზ. “რეზონანსი”. # 132. 2004 წლის 19 მაისი.
  • კუპრაშვილი ჰ. იყო ორი, გახდა ერთი! გაზ. ”სამხედრო – 24 საათი”. # 20, 2004 წლის 11-17 ოქტომბერი.
  • კუპრაშვილი ჰ. ენის გენოციდი?! გაზ. “ხვალინდელი დღე”. # 200. 2004 წლის 19 ოქტომბერი.
  • კუპრაშვილი ჰ. რა დააშავა ტერმინმა ?. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”. # 250, 2004 წლის 28 ოქტომბერი.
  • ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროება (security) თუ ეროვნული უსაფრთხოება (safety)?
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება? (ქართულ ენაში ტერმინ ეროვნული უშიშროების გამოყენების შესახებ). საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია: ორი წლის გამოცდილება. თბილისი, 2007 წლის 11 –12 ივლისი
  • კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ინფორმაციული უშიშროების უზრუნველყოფის რამდენიმე ასპექტი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკად. ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი "საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა", მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2010. გვ. 122-123
  • კუპრაშვილი ჰ. „ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები“. თბილისი. 2011 წლის 20-22 მაისი
  • კუპრაშვილი ჰ. „ტერმინები უშიშროება (security) თუ უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“. ჟურნ. „პარალელი“,#2, 2011, გვ. 154-157
  • კუპრაშვილი ჰ. ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების ზოგიერთი ასპექტი. ინტერნეტჟურნ. „მკვლევარი“.10.04.2012
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა. საგამომც. სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2012წ. ISBN 978-9941-20-073-1
  • პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ირინა იმერლიშვილს ღია წერილით მიმართავს

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუპრაშვილი, ჰ. 2022. საქართველოს ეროვნული უშიშროება. მონოგრაფია, მთ. რედ. ი. გაბისონია. რედ.: ჯ. გაბელია, ჯ. გახოკიძე, ა. გეგეშიძე, ა. გვენეტაძე, ი. კვესელავა, თ. კიკნაძე, თ. ლომინაძე, ნ. ოდიშელიძე, ა. სიჭინავა, გ. სოფაძე, ი. ქართველიშვილი, ნ. ჩიტაძე, მ. ჯიქია. თბილისი: უნივერსალი, ISBN 978-9941-33-339-2. გვ. 92-121.
  2. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთავ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი. გამომც. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბ., 1986, გვ. 398
  3. აბულაძე ილია. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 436–437.
  4. ორბელიანი სულხან–საბა. ლექსიკონი ქართული. ტომი მეორე, გამომც. „მერანი“, 1993, გვ. 21.
  5. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთავ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი. გამომც. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბ., 1986, გვ. 432-33