ტროპიკული ტყეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამაზონის სანაპიროებზე გაბატონებული წვიმის ტყეები

ტროპიკული ტყეები — გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში ჩ. გ. 25° და ს. გ. 25°-ს შორის. მცენარეთა სახეობებით ძალზე მდიდარი მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები (წვიმის ტყეები) ვითარდება წლის განმავლობაში ნალექებისა (2000-7000 მმ) და ტემპერატურის (23 °C-32 °C) თანაბარზომიერი განაწილების პირობებში; აქ ფართოდ არის გავრცელებული ლიანები და ეპიფიტები.

ნახევრად მარადმწვანე ტროპიკული ტყეები, რომლებშიც ხშირად მკვეთრადაა გამოხატული ფოთოლცვენა და შეფოთვლა, გავრცელებულია ვესტინდოეთში, ცენტრალურ ამერიკაში (კ. ტრინიდადი, კოსტა-რიკა), დასავლეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი).

აზიის ტროპიკებში ამგვარ ტყეებს მუსონურს უწოდებენ. მათთვის დამახასიათებელია ფოთოლმცვივანი ხემცენარეები: ხეშეშნაყოფიანი ქსილია (Xylia xylocarpa), შიშველყვავილიანი ტეტრამელესი (Tetrameles nudiflora), შორეას ხე (Shorea robusta). ნათელი ფოთოლმცვივანი ტყეები ვითარდება ინდოჩინეთის ტროპიკებში, იქ, სადაც აშკარადაა გამოხატული მშრალი სეზონი. აქ გვხვდება კოჟროვანი დიპტეროკარპუსი (Dipterocarpus tuberculatus), სიამის პენტაკმე (Pentacme siamensis) და სხვა. აქვე, უფრო ღარიბ ნიადაგზებზე, შეიძლება შევხვდეთ ფიჭვნარევსაც, რომლებიც შედგება ფიჭვის სპეციფიკური სახეობებისაგან: კარიბული ფიჭვი (Pinus caribaea), ტროპიკული ფიჭვი (Pinus tropicalis) და სხვა. მთის ტროპიკული ტყეები ვითარდება დაახლოებით ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ჩვეულებრივ, მარადმწვანეა, დამახასიათებელია ხისმაგვარი გვიმრები, გვხვდება წიწვოვნებიც (აგითისის, დაკრიდიუმის და სხვა გვარების ზოგიერთი სახეობა). დიდ სიმაღლეზე (ზღვის დონე 2000 მ) გვხვდება დაფნისებრთა, წიფლისებრთა და მანანისებრთა ოჯახების წარმომადგენლები, გავრცელებულია ეპიფიტური ხავსები.

კავკასიის ტერიტორიაზე ტროპიკული მცენარეულობა გაბატონებული იყო ეოცენურ ეპოქაში. მისმა ნაშთებმა მოაღწია შუა პლიოცენურ ეპოქამდე. ამ დროისათვის კოლხეთში ჩამოყალიბდა ძალზე მდიდარი ტყის მცენარეულობა, რომელიც ჯერ კიდევ შეიცავდა მარადმწვანე ტროპიკული ტყეების კომპონენტებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]