ტეილორის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტეილორის მუზეუმი
ნიდერლ. Teylers Museum
52°22′50″ ჩ. გ. 4°38′25″ ა. გ. / 52.3805611° ჩ. გ. 4.6402806° ა. გ. / 52.3805611; 4.6402806
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
მდებარეობა ჰაარლემი[1]
ოფიციალური საიტი http://www.teylersmuseum.nl
Map

ტეილორის მუზეუმი ― ხელოვნების, ბუნების ისტორიისა და სამეცნიერო მუზეუმი ჰაარლემში, ნიდერლანდებში. 1778 წელს მუზეუმი დაარსდა, როგორც თანამედროვე ხელოვნებისა და მეცნიერების ცენტრი.[2] მუზეუმის ისტორიული ცენტრია ნეოკლასიკური ტეილორის ოვალური ოთახი (174), რომელიც პიტერ ტეილორ ვან დერ ჰიულსტის (1702–1778) სახლის უკან აშენდა და Fundatiehuis-საც უწოდებენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენდერტ ვირვანტის პროექტი ოვალური ოთახისთვის
ტეილორის მუზეუმის რუკა
ტეილორის ნახატების I გალერეა (1838)
ტეილორის ნამარხი ნაშთების II ოთახი (1885)
ტეილორის მუზეუმის ბიბლიოთეკა (1885)

პიტერ ტეილორი შოტლანდიური წარმოშობის ბანკირი და ქსოვილით მოვაჭრე იყო, რომელმაც ქონება რელიგიის, ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებას მიუძღვნა. იგი მენონიტი იყო და შოტლანდიურ განმანათლებლობას მისდევდა. ტეილორის სურვილით, მისი კოლექცია და ქონების ნაწილი ფონდის შესაქმნელად შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ტეილორის ფონდი ორ საზოგადოებად გაიყო: ტეილორის პირველ თეოლოგიურ საზოგადოებად (Teylers Eerste of Godgeleerd Genootschap), რომელიც რელიგიის შესწავლას ისახავდა მიზნად და ტეილორის მეორე საზოგადოებად (Teylers Tweede Genootschap), რომელიც ფიზიკით, პოეზიით, ისტორიით, მხატვრობითა და ნუმიზმატიკით იყო დაინტერესებული.

ტეილორის ფონდის პირველმა დირექტორებმა სასწავლო და საგანმანათლებლო ცენტრის დაარსება გადაწყვიტეს. მათ შესაბამისი არტეფაქტების, წიგნების, სამეცნიერო ინსტრუმენტების, ნახატების, განამარხებული ნაშთებისა და მინერალების შეგროვება დაიწყეს. კონცეფცია განმანათლებლობის რევოლუციური იდეალიდან მომდინარეობდა, რომლის მიხედვითაც ხალხს მსოფლიოს შეცნობა და აღმოჩენა დამოუკიდებლად, ეკლესიის ან სახელმწიფოს დაძალების გარეშეც შეეძლო. დამფუძნებლების აზრით, კლასიკური ანტიკური ხანის მუზეუმი „ხელოვნებისა და მეცნიერების მუზების ტაძარი“ უნდა ყოფილი, რომელიც სწავლულთა შეხვედრის ადგილიც იქნებოდა და სხვადასხვა კოლექციასაც შეინახავდა.

ოვალური ოთახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1779 წელს ლენდერტ ვირვანტ უმცროსმა ტეილორის რეზიდენციის უკან „ხელოვნებისა და წიგნების ოთახის“ დიზაინზე მუშაობა დაიწყო.[3] ნეოკლასიკურ ოთახს მალევე ეწოდა ოვალური ოთახი და კვლევისა და სწავლისთვის გამოიყენებოდა. მასში წიგნები, ნახატები და ნაბეჭდი პროდუქცია იყო გამოფენილი და სამეცნიერო ექსპერიმენტები ტარდებოდა. ოვალური ოთახი 1784 წელს გახსნა მუზეუმის პირველმა დირექტორმა, მარტინ ვან მარუმმა.

ოვალური ოთახის ცენტრში XVIII საუკუნის მინერალოგიური კოლექციაა და სამეცნიერო ინსტრუმენტებია გამოფენილი. ზედა გალერეში, რომელიც ისეა დაპროექტებული, რომ რაც შეიძლება მეტი სინათლე მოხვდეს, წიგნების 12 კარადაა, სადაც ძირითადად პერიოდული გამოცემები და ენციკლოპედიებია დაცული.

გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკუნეები მანძილზე მუზეუმი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. XIX საუკუნეში მუზეუმს ორი სამხატვრო გალერეა დაემატა: 1838 წელს ტეილორის პირველი სამხატვრო გალერეა (Teylers Eerste Schilderijenzaal) და 1892 წელს ― ტეილორის მეორე სამხატვრო გალერეა (Teylers Tweede Schilderijenzaal). 1878 წელს, მუზეუმის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, ვენელმა არქიტექტორმა, კრისტიან ულრიხმა ახალი შესასვლელი დააპროექტა,[4] რომელიც 1885 წელს გაიხსნა. შესასვლელის უკან ინსტრუმენტების ოთახი და ნამარხი ნაშთების პირველი ოთახი, მის უკან კი ნამარხი ნაშთების მეორე ოთახი მდებარეობს, რომლებიც ჰაარლემელმა არქიტექტორმა, ა. ვან დერ სტერმა დააპროექტა. ამავე პერიოდში გაფართოვდა ბიბლიოთეკა, რომელსაც 150 ადგილიანი აუდიტორია დაემატა. 1996 წელს მუზეუმს ახალი ფრთა დაემატა. 2002 წელს მუზეუმს სამუზეუმო მაღაზია და მულტიმედიის ოთახი დაემატა.

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეილორის მუზეუმში ნამარხი ნაშთები, მინერალები, სამეცნიერო ინსტრუმენტები, მედლები, მონეტები და ნახატებია დაცული. მუზეუმის კოლექცია შეიცავს რემბრანდტისა და ადრიან ვან ოსტადეს გრაფიკულ ნამუშევრებს, მიქელანჯელოს, რაფაელის, კლოდ ლორენისა და სხვათა ნამუშევრებს.

მუზეუმის პირველი დირექტორის, მარტინ ვან მარუმის გარდაცვალების შემდეგ, ტეილორის მუზეუმის ფიზიკის კაბინეტის კურატორად ნობელის პრემიის ლაურეატი და თეორიული ფიზიკოსი, ჰენდრიკ ლორენცი დაინიშნა, რომელსაც ეს თანამდებობდა გარდაცვალებამდე ეკავა. მისი ხელმძღვანელობით, ტეილორის მუზეუმში სამეცნიერო კვლევები ისეთ სფეროებში მიმდინარეობდა, როგორებიცაა: ოპტიკა, ელექტრომაგნეტიზმი, რადიოტალღები და ატომური ფიზიკა. 1928 წელს ლორენცი ადრიან ფოკერმა შეცვალა.

2007 წელს მუზეუმში ჯონ ჯეიმზ ოდიუბონის ნამუშევრები გამოფინეს.[5]

მუზეუმის მთელი არქივი ხელუხლებლადაა შემონახული. არქივი 1778 წლიდან მოყოლებული ყველა შენაძენის, გაფართოებისა და ხელფასის, 1789 წლიდან მოყოლებული წიგნების მნახველთა სრულ სიასა და მუზეუმის დაარსებიდან მუზეუმის საბჭოს ყველა შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ინახავს.[6]

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ნიდერლანდების კონსერვაციის დეპარტამენტმა ტეილორის მუზეუმი ნიდერლანდების კულტურული მემკვიდრეობის 100 საუკეთესო ძეგლის სიაში შეიტანა. 2011 წლის 12 დეკემბერს ნიდერლანდების კაბინეტმა ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუზეუმი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიისთვის წარადგინა.[7] 2013 წელს მთავრობამ განაცხადი უკან გამოიხმო.[8]

ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი კვირაში ექვსი დღის მანძილზე ღიაა. სამუშაო საათებია: სამშაბათიდან-შაბათამდე 10:00-17:00, ხოლო კვირას - 12:00-17:00. მუზეუმის დირექტორი მარჯან შარლო, ხოლო კონსერვატორი ტერი ვან დრუტენია.[9]

2019 წელს მუზეუმს 137 000 დამთვალიერებელი ეწვია.

ტეილორის მუზეუმი მუზეუმთა ასოციაციის (Museumvereniging) წევრია.[10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M. Scharloo (ed.), Teylers Museum: A Journey in Time (Haarlem 2010).
  • R. J. Forbes (ed.), Martinus van Marum. Life and Work, 6 vols (Haarlem 1969-1976).
  • A. G. MacGregor, Curiosity and Enlightenment: Collectors and Collections from the Sixteenth to the Nineteenth Century (London 2007).
  • Teyler 1778-1978. Studies en bijdragen over Teylers Stichting naar aanleiding van het tweede eeuwfeest (Haarlem / Antwerpen 1978) (ნიდ.).
  • W. W. Mijnhardt, Tot Heil van ’t Menschdom. Culturele genootschappen in Nederland 1750-1815 (Amsterdam 1988) (ნიდ.).
  • B. Sliggers (red.), De idealen van Pieter Teyler. Een erfenis uit de Verlichting (Haarlem 2006) (ნიდ.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Teylers Museum, მუზეუმის ოფიციალური საიტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 archINFORM — 1994.
  2. Teylers Museum, UNESCO World Heritage Centre website
  3. Leendert Viervant's architectural drawings for the Oval Room დაარქივებული 2013-12-24 საიტზე Wayback Machine. Teylers Museum website
  4. Deugd boven geweld — Een geschiedenis van Haarlem 1245–1995. Historisch Werkgroep Haarlem en Gemeentearchief, 1995. 
  5. Teylers 2007 exhibition website. Vogelsxxl.nl (2007-11-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-15. ციტირების თარიღი: 2011-12-24
  6. Teylers Museum website on the Archive of Teylers Stichting
  7. Cabinet nominates Teylers Museum for World Heritage list დაარქივებული 2013-11-12 საიტზე Wayback Machine. Press summary on Dutch government website
  8. Decision adopted by the World Heritage Committee at its 37th session (Phnom Penh, 2013), UNESCO, 2013. Retrieved on 20 July 2014.
  9. Staf en medewerkers. Teylers Museum. Retrieved 24 January 2012.
  10. Teylers Museum დაარქივებული 2014-07-29 საიტზე Wayback Machine. , Museumvereniging. Retrieved on 20 July 2014.