სსრ კავშირის საბჭოების I ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სსრკ მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების I ყრილობა (რუს. I Всесоюзный съезд Советов рабочих, крестьянских и красноармейских депутатов) — სსრ კავშრის საბჭოების რიგით პირველი ყრილობა, შედგა 1922 წლის 30 დეკემბერს მოსკოვში. ესწრებოდა 2215 დელეგატი (რსფსრ — 1727, უკრაინის სსრ — 364, ამიერკავკასიის სფსრ — 91, ბელორუსიის სსრ — 33. სოციალური შემადგენლობა: მუშა 44,4%, გლეხი 26,8%, ინტელიგენტი და მოსამსახურე 28,8%; პარტიული შემადგენლობა: რკპ (ბ) წევრი და კანდიდატი 94,1%, სხვა პარტიებიდან 0,2%, უპარტიო 5,7%).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი: სსრკ-ის შექმნის შესახებ დეკლარაციის განხილვა (ი. სტალინი); სსრკ-ის ცაკის არჩევნები.

პირველი მრავალენოვანი საბჭოთა სახელმწიფოს — სსრ კავშირის შექმნა გამოწვეული იყო ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებით, განპირობებული იყო რევოლუციის მონაპოვრის დაცვისა და საზოგადოების სოციალისტური გარდაქმნით. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ჩამოყალიბებული პოლიტიკურ-სამხედრო, სამეურნეო და დიპლომატიური კავშირი გამყარდა სახელმწიფოებრივი გაერთიანებით. სსრკ-ის შექმნას სათავეში ედგა კომუნისტური პარტია. ვ. ლენინმა შეიმუშავა ერთიანი საკავშირო სახელმწიფოს გეგმა, რომლის წინაპირობა იყო თანასწორუფლებიანი მოკავშირე რესპუბლიკების ნებაყოფლობითი გაერთიანება. მხარი დაუჭირა რა ლენინურ ინიციატივას, რკპ (ბ) ცკ-ის პლენუმმა 1922 წლის 6 ოქტომბერს ცნო რსფსრ, უკრაინის, ბელორუსიის სსრ და ამიერკავკასიის სფსრ „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირად“ გაერთიანების აუცილებლობას. სსრკ კონსტიტუციური საფუძვლების შესამუშავებლად შეიქმნა კომისია რესპუბლიკების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 1922 წლის ოქტომბერ-დეკემბერში რესპუბლიკების ცკ-ების პლენუმებმა მოიწონეს საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანების ლენინური იდეა. სრულიად უკრაინის VII, სრულიად ბელორუსიის IV, ამიერკავკასიის საბჭოების I და სრულიად რუსეთის X ყრილობებმა მოიწონეს გაერთიანება და სრულუფლებიანი დელეგაციები მიავლინეს სრულიად საკავშირო საბჭოების I ყრილობაზე. ყრილობამ ერთხმად დაამტკიცა ხელშეკრულება და დეკლარაცია სსრკ-ის შექმნის სესახებ. დედაქალაქად გამოცხადდა მოსკოვი.

ცაკის შემადგენლობაში აირჩიეს 371 წევრი და 138 კანდიდატი ყველა რესპუბლიკიდან. მას დაევალა სსრკ საბჭოების II ყრილობისათვის მოემზადებინა ხელშეკრულებისა და დეკლარაციის საბოლოო ტექსტი. 30 დეკემბერს ცაკის I სესიაზე აირჩიეს ცაკის პრეზიდიუმი 19 წევრისა და 13 კანდიდატის შემადგენლობით. ცაკის თავჯდომარეებად აირჩიეს მ. კალინინი (რსფსრ), გ. პეტროვსკი (უკრაინის სსრ), ნ. ნარიმანოვი (ამიერკავკასიის სფსრ), ა. ჩევრიაკოვი (ბელორუსიის სსრ), ცაკის მდივნად — ა. ენუქიძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]