სოფია ჰედვიგ დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია ჰედვიგ დანიელი
წოდებები
დანიისა და ნორვეგიის პრინცესა
დაიბადა 28 აგვისტო, 1677
კოპენჰაგენი, დანია
გარდაიცვალა 13 მარტი, 1735, (57 წლის)
კოპენჰაგენი, დანია
დაკრძალულია როსკილეს კათედრალი, დანია
როსკილეს კათედრალი, დანია
საგვარეულო ოლდენბურგები
მამა კრისტიან V, დანიისა და ნორვეგიის მეფე
დედა შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელი
რელიგია ლუთერანობა

სოფია ჰედვიგ დანიელი (დან. Sophie Hedevig af Danmark; დ. 28 აგვისტო, 1677, კოპენჰაგენი, დანია — გ. 13 მარტი, 1735, კოპენჰაგენი, დანია) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის პრინცესა. მეფე კრისტიან V-ისა და დედოფალ შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელის ასული. ფრედერიკ IV-ის უმცროსი და.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფია ჰედვიგი დაიბადა 1677 წლის 28 აგვისტოს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან V-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა ამალია ფონ ჰესენ-კასელის მეოთხე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. იგი ადრეული ასაკიდანვე იქცა დინასტიური ქორწინებისათვის გამოსაყენებელ მთავარ ობიექტად სამეფო კარზე, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ იგი მეფის ერთადერთი და უფროსი ასული იყო. ჯერ კიდევ ბავშვობაში იგი თავის მამიდაშვილზე, საქსონიის კურფიურსტ იოჰან გეორგ IV-ზე დაინიშნა. ნიშნობა 1689 წელს შედგა, ქორწინება კი ორი წლის შემდეგ უნდა შემდგარიყო, თუმცა 1691 წელს კურფიურსტმა დაარღვია მამამისის დროს დადებული შეთანხმება და უარი თქვა ქორწინებაზე.

პირველი ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ, ძალიან მალე დაიწყო ახალი საქორწინო მოლაპარაკებები. 1692 წელს საღვთო რომის იმპერატორმა ლეოპოლდ I-მა წამოჭრა სოფია ჰედვიგის თავის უფროს ვაჟზე, ერცჰერცოგ იოზეფზე დაქორწინების იდეა. მოლაპარაკებები 1694-1697 წლებში მიმდინარეობდა და საბოლოოდ სოფია ჰედვიგის გამო ჩაიშალა, რომელმაც უარი განაცხადა კათოლიციზმის მიღებაზე, რაც ქორწინების აუცილებელი პირობა იყო.

გერმანელებისა და ავსტრიელების შემდეგ დადგა შვედების ჯერიც და 1697 წლიდანვე კრისტიან V-მ შვედეთის მეფესთან წამოიწყო მოლაპარაკებები. იგი სოფია ჰედვიგის მეფე კარლ XII-სთვის მითხოვებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ეს მოლაპარაკებებიც ჩაიშალა და ვერ შედგა დანია-შვედეთის ალიანსი, ამასთან კარლი, ისევე როგორც სოფია ჰედვიგი, დაუქორწინებელი დარჩა.

ამის შემდეგ სოფია ჰედვიგის საქორწინო მოლაპარაკებები აღარ წამოწყებულა, რადგან 1699 წელს მეფე კრისტიანი გარდაიცვალა, მის ძმას, მეფე ფრედერიკ IV-ს კი დიდად არ ადარდებდა მისი გათხოვების საკითხი. ამის გამო ოფიციალურად იგი მთელი ცხოვრება გაუთხოვარი იყო, თუმცა დადიოდა ჭორები, რომ პრინცესა სოფია ჰედვიგი საიდუმლოდ დაქორწინდა დიდგვაროვან კარლ ადოლფ ფონ პლესენზე (1678-1758).

სოფია ჰედვიგის ძმა, მეფე ფრედერიკი ცოლის ერთგული კაცი არასოდეს ყოფილა, რის გამოც მისი მმართველობისას დანიის სამეფო კარი „ფრანგულ ბორდელს“ დაემსგავსა. ამგვარი სიტუაციის გამო სოფია ჰედვიგმა დედასთან ერთად სამუდამოდ დატოვა სამეფო კარი და შარლოტენბორგის სასახლეში დასახლდა. სულ მალე მეფე ფრედერიკს თავისი დის სეფექალი, ელიზაბეთ ელენა ფონ ვიერეგი შეუყვარდა, რომლის გამოც გადააბიჯა ქრისტიანულ ტრადიციებს და იგი მეორე ცოლად დაისვა. სულ მალე ფრედერიკმა რიგით მესამე ცოლად დაისვა კიდევ ერთი დიდგვაროვანი ანა სოფია რევენტლოვის სახით.

მიუხედავად ყველაფრისა სოფია ჰედვიგი ცდილობდა მეფე-ძმასთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, თუმცა და-ძმას შორის საბოლოო განხეთხილება 1721 წელს, ფრედერიკის მესამე ქორწინების გამო ჩამოვარდა. ამასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად დედასთან და დასთან ერთად სამეფო კარი დატოვა სოფიას უმცროსმა ძმამ, პრინცმა კარლმაც. მას შემდეგ, რაც 1714 წელს დედა-დედოფალი შარლოტა ამალია გარდაიცვალა, მისი მამულები მემკვიდრეობით სოფია ჰედვიგმა მიიღო. აქ მცხოვრები გლეხებისათვის პრინცესამ დააარსა არაერთი სკოლა, სადაც ძირითადად რელიგიურ განათლებას იღებდნენ, თუმცა ამ სკოლებმა გლეხებს დაწყებითი განათლების უფასოდ მიღების საშუალება მისცა.

1729 წელს უმცროსი ძმის, პრინცი კარლის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონებაც სოფია ჰედვიგს დარჩა. მან მემკვიდრეობით მრავალი სასახლე (მათ შორის შარლოტენბორგი) და დიდძალი ვალები მიიღო, რომელთა დაფარვაც ძმისწულის, მეფე კრისტიან VI-ის დახმარებით მოახერხა, რომელსაც მამიდასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მეფე ფრედერიკ IV 1730 წელს აღესრულა, რის გამოც ტახტი მისმა ვაჟმა კრისტიანმა დაიკავა.

ცნობილია, რომ სოფია ჰედვიგი დაინტერესებული იყო პორტრეტული მხატვრობით, მუსიკით, ხელნაკეთობებით და ა.შ. იგი ასევე აგროვებდა სხვადასხვა ენაზე დაწერილ ფსალმუნებსა და წიგნებს. მისი კოლექცია დღეისათვის როზენბორგის სასახლეში ინახება. 1735 წელს დააარსა ვემეფოტფეს მონასტერი გაუთხოვარი დიდგვაროვანი ქალბატონებისათვის. ამ ამბიდან მალევე, 1735 წლის 13 მარტს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა შარლოტენბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Arveprinsesse - Sophie Hedevig, 1677-1735". Dansk biografisk Lexikon. Retrieved November 1, 2019.
  • Norrhem, Svante (2007). Kvinnor vid maktens sida : 1632-1772. Lund: Nordic Academic Press. Libris 10428618. ISBN 978-91-89116-91-7
  • "Sophie Hedevig". kongernessamling.dk. Retrieved November 1, 2019.
  • Walter Boss. "Carl Adolph v. Plessen". Dansk Biografisk Leksikon, Gyldendal. Retrieved November 1, 2019.
  • "Vemmetofte Kloster". vemmetofte.dk. Retrieved November 1, 2019.