ალექსანდრა დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრა დანიელი
Alexandra af Danmark
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრიტანეთის დომინიონების დედოფალი
ინდოეთის იმპერატრიცა
კორონაცია: 9 აგვისტო, 1902
მმართ. დასაწყისი: 22 იანვარი, 1901
მმართ. დასასრული: 6 მაისი, 1910
წინამორბედი: ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
მემკვიდრე: მარია ტეკელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 დეკემბერი, 1844
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
გარდ. თარიღი: 20 ნოემბერი, 1925, (80 წლის)
გარდ. ადგილი: ნორფოლკი, დიდი ბრიტანეთი
მეუღლე: ედუარდ VII, დიდი ბრიტანეთის მეფე
(ქ. 1863 - გარდ. 1910)
შვილები: ალბერტი, კლარენსის ჰერცოგი
ჯორჯ V, დიდი ბრიტანეთის მეფე
ლუიზა, ფაიფის ჰერცოგინია
ვიქტორია
მაუდი, ნორვეგიის დედოფალი
სრული სახელი: ალექსანდრა კაროლინა მარია შარლოტა ლუიზა იულია
დინასტია: გლუქსბურგები
მამა: კრისტიან IX, დანიის მეფე
დედა: ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი
რელიგია: პროტესტანტობა

ალექსანდრა დანიელი (დან. Alexandra af Danmark, ინგლ. Alexandra of Denmark; დ. 1 დეკემბერი, 1844, კოპენჰაგენი, დანია — გ. 20 ნოემბერი, 1925, ნორფოლკი, დიდი ბრიტანეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრიტანეთის დომინიონების დედოფალი და ინდოეთის იმპერატრიცა 1901-1910 წლებში როგორც ედუარდ VII-ის მეუღლე.

1852 წელს მამამისმა, მეფე კრისტიან IX თავისი უნაყოფო ბიძაშვილის, დანიის მეფე ფრედერიკ VII-ის მემკვიდრე გახდა, რითაც ალექსანდრა ევროპელი მონარქებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სარძლოდ იქცა. თექვსმეტი წლის ასაკში იგი დანიშნეს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას უფროს ვაჟზე, უელსის პრინც ედუარდზე. თვრამეტ თვეში, 1863 წელს შედგა ალექსანდრასა და ედუარდის ქორწინება. იმავე წელს ალექსანდრას მამა დანიის მეფე გახდა, ხოლო მისი ძმა, გეორგიოს I საბერძნეთის მეფედ აირჩიეს. იგი 1863-1901 წლების განმავლობაში უელსის პრინცესა იყო და აღსანიშნავია, რომ პრინცესებს შორის ყველაზე ხანგრძლივად ატარებდა იგი ამ წოდებას. ბრიტანელებში იგი ერთობ პოპულარული იყო. ასევე მის სახელს მიეწერება ბრიტანეთში კაბების ახალი მოდის დამკვიდრება. იგი ასევე წარმატების ახორციელებდა თავის დანიშნულებას და ბრიტანეთის პოლიტიკაში ყოველთვის ფიგურირებდა დანიისა და საბერძნეთის ინტერესები.

1901 წელს დედოფალი ვიქტორია გარდაიცვალა, რის გამოც ტახტს ედუარდ VII იკავებს და ალექსანდრაც დედოფალი გახდა. 1910 წელს ალექსანდრა დაქვრივდა და ტახტი მისმა ვაჟმა, ჯორჯ V-მ დაიკავა. ცნობილია, რომ მას ძალიან აწუხებდა პირველ მსოფლიო ომში თავისი ვაჟისა და მულიშვილის, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის დაპირისპირება, რომელმაც გაანადგურა ორასწლიანი ბრიტანულ-პრუსიული ალიანსი. ასევე ალექსანდრამ შეიფარა რევოლუციის შემდეგ დევნილი თავისი და, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა და სხვა რუსი დიდებულები. ამას გარდა, იგი, როგორც დედოფალი, აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა (მარცხნივ) და მისი უმცროსი და, პრინცესა დაგმარი 1856 წელს

ალექსანდრა დაიბადა 1844 წლის 1 დეკემბერს ყვითელ სასახლეში, კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სამეფო სასახლის კომპლექსის პირდაპირ. იგი მაშინვე მონათლეს და დაარქვეს ალექსანდრა კაროლინა მარია შარლოტა ლუიზა იულია. იგი იყო შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდენბურგ-გლუქსბურგის მთავარ კრისტიანისა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მიუხედავად სამეფო სისხლისა, მათი ოჯახი ჩვეულებრივად ცხოვრობდა და არ მონაწილეობდა სამეფო კარის ცერემონიებში. მამამისის წლიურ შემოსავალს 800,000 დანიური კრონა წარმოადგენდა, რაც საკმარისი იყო მდიდრულად ცხოვრებისათვის. მეტიც, კრისტიანი და ლუიზა თავად ჰანს კრისტიან ანდერსენს ქირაობდნენ ხოლმე, რათა მათი ბავშვებისთვის ზღაპრები წაეკითხა.

პრინცესა ალექსანდრა გათხოვებამდე

1848 წელს გარდაიცვალა დანიის მეფე კრისტიან VIII, რის შემდეგაც ტახტი მისმა ერთადერთმა ვაჟმა — ფრედერიკ VII-მ დაიკავა. ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ფრედერიკი კვლავ უშვილო იყო. მართალია დანიაში არა, თუმცა მის დაქვემდებარებულ ჰოლშტაინში სალიკური სამართალი მოქმედებდა, რომელიც კრძალავდა ტახტზე ქალის ან ქალის მემკვიდრის ასვლას. ამის გამო ფრედერიკს ეშინოდა, რომ თუ მემკვიდრედ თავის ნათესავ გლუქსბურგებს გამოაცხადებდა პრუსიელები ამას გამოიყენებდნენ და ჰოლშტაინს წაართმევდნენ. 1852 წლის ლონდონის კონფერენციაზე ალექსანდრას დედ-მამა ოფიციალურად გამოცხადდა დანიის ტახტის მემკვიდრედ. მართალია პრინც კრისტიანს არ ჰქონდა მემკვიდრული კავშირი, თუმცა ალექსანდრას დედა დედის მხრიდან მთლიანად დანიის სამეფო ოჯახის შთამომავალი იყო.

მემკვიდრეებად გამოცხადების შემდეგ მამამისმა მიიღო დანიის პრინცის წოდება და ოჯახთან ერთად გადავიდა ბერნსტორფის სასახლეში. მათი სტატუსისა და შემოსავლის ზრდასთან ერთად გლუქსბურგების ოჯახი უფრო დაუახლოვდა სამეფო კარს, სადაც ისინი ხშირად ხვდებოდნენ მეფის საყვარელ ლუიზა რასმუსენს, რომელიც მის მორგანატიკულ მეუღლედაც მიიჩნეოდა. სამეფო კარზე ალექსანდრა საძინებელ ოთახს თავის უმცროს დასთან, პრინცესა დაგმართან[1], რის გამოც დები ყოველთვის განსაკუთრებულად ახლოს იყვნენ. ალექსანდრა და დაგმარი ერთმანეთს ტანსაცმელებსა და საწერ მაგიდასაც უზიარებდნენ. გარდა ამისა ისინი ერთად დადიოდნენ ცურვის გაკვეთილებზე, სადაც მათ შვედი პიონერი ქალი, ნენსი ედბერგი ამეცადინებდათ. ამრიგად, ალექსანდრამ თავისი ბავშვობისა და ყმაწვილქალობის პერიოდი ბერნსტორფში გაატარა. ვინაიდან იგი თავიდანვე მოიაზრებოდა ბრიტანეთში გათხოვების კანდიდატად, ალექსანდრა ადრევე სწავლობდა ინგლისურს და მიჰყვებოდა ანგლიკანური ეკლესიის წესებს.

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრას ჩასვლა დიდ ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია და მისი ქმარი, პრინცი ალბერტი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ საცოლეს თავიანთი უფროსი ვაჟის, უელსის პრინც ედუარდისათვის. თავდაპირველად მათ თავიანთი უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ვიქტორია დააქორწინეს პრუსიის ტახტის მემკვიდრეზე, რის შემდეგაც დადგა ედუარდის ჯერიც. აღსანიშნავია, რომ თავიდან მათ სულაც არ შეურჩევიათ ალექსანდრა, რადგან ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მთლიანად ორიენტირებული იყო გერმანელებთან ალიანსის გამყარებაზე.

1861 წლის 24 ოქტომბერს ალექსანდრა და ედუარდი ერთმანეთს პრინცესა ვიქტორიამ შეახვედრა ქალაქ შპაიერში, სადაც მათ ერთმანეთი დიდად მოეწონათ და ურთიერთობა დაიწყეს. უკვე 1862 წლის 9 სექტემბერს პრინცმა ედუარდმა ალექსანდრას ხელი სთხოვა თავისი ბიძის, ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის რეზიდენციაში, ლეიკენის სამეფო სასახლეში.

ალექსანდრა და ედუარდი თავიანთი ქორწილის დღეს

რამდენიმე თვეში ედუარდი ბრიტანეთში, ხოლო ალექსანდრა დანიაში ჩავიდა. წყვილმა მშობლებს დანიშვნის შესახებ განუცხადეს, რის შემდეგაც პრინცესა ალექსანდრა 1863 წლის 7 მარტს სამეფო იახტა „ვიქტორია და ალბერტი II“-ით ჩავიდა გრეივსენდში, დიდ ბრიტანეთში. ცნობილია, რომ სპეციალურად მისი ჩასვლისათვის სირ არტურ სალივანმა სიმღერა დაწერდა, რომლის ტექსტიც ასე ჟღერდა:

ვიკიციტატა
„ზღვათა მეფის ასული ზღვის გაღმიდან,

ალექსანდრა!

საქსონი და ნორმანი და დანიელი ვართ ჩვენ,

მაგრამ ჩვენ ყველანი დანიელებს ვეგებებით,

ალექსანდრა!“

1863 წლის 10 მარტს წყვილი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ტომას ლონგლეიმ დააქორწინა უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში. ქორწილის ადგილს საზოგადოების მხრიდან ფართო კრიტიკა მოჰყვა, რადგან ცერემონია ლონდონს გარეთ შედგა და ხალხის დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა მასზე დასწრება. ამასთან, ადგილი იმდენად პატარა იყო, რომ დაპატიჟებული სტუმრებიდან ბევრმა ვერ მოახერხა ჩასვლა, რამაც არისტოკრატებს იმედი გაუცრუა. ასევე იმედგაცრუებულნი იყვნენ დანიელები, რადგან ქორწილზე დასწრება მხოლოდ ალექსანდრას უახლოესმა მხლებლებმა მოახერხეს. ამასთან ერთად დიდი ბრიტანეთის სამეფო კარი ჯერ კიდევ გლოვობდა პრინცი ალბერტის გარდაცვალებას, რის გამოც სამეფო კარის ქალბატონებს ეკრძალებოდათ ნაცრისფერის გარდა სხვა ფერის სამოსის ტარება, რის გამოც ერთობ რუხი ცერემონია იყო[2]. წყვილი თაფლობის თვეში ოსბორნში გაემგზავრა, უაითის კუნძულზე.

ალექსანდრა 1862-63 წლებში

იმავე წლის დამლევს გარდაიცვალა ფრედერიკ VII, რის შემდეგაც დანიის მეფე ალექსანდრას მამა, კრისტიან IX გახდა. ასევე 1863 წელს საბერძნეთის მეფედ ალექსანდრას უმცროსი ძმა, გეორგიოს I აირჩიეს, რასაც 1864 წელს ალექსანდრას მიერ პირველი ვაჟის, პრინცი ალბერტის გაჩენა მოჰყვა. ამავდროულად მისი საყვარელი და, პრინცესა დაგმარი დაინიშნა რუსეთის ცარევიჩ ალექსანდრე ალექსანდროვიჩზე, რის შემდეგაც იგი მარია ფიოდოროვნა გახდა. მიუხედავად ამ წარმატებებისა, როგორც ამას მეფე ფრედერიკი ვარაუდობდა, კრისტიანის ტახტზე ასვლამ ცოლის მემკვიდრეობის ხარჯზე ჰოლშტაინის კონფლიქტი გამოიწვია, რის გამოც პრუსიელებმა სასწრაფოდ დაიკავეს ეს რეგიონი. დედოფალი ვიქტორია მხარს პრუსიას უჭერდა, სადაც მისი უფროსი და საყვარელი ასული იყო გათხოვილი, თუმცა ედუარდი და ალექსანდრა აქტიურად გამოდიოდნენ დანიის ინტერესების დასაცავად, რამაც სამეფო ოჯახში ახალი კონფლიქტი გააჩინა. პრუსიელთა მიერ ძველი დანიური მიწების დაპყრობამ ალექსანდრას გერმანელები შეაძულა და ცნობილია, რომ იგი ამ მენტალობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა.

იმავდროულად, პრინცესა ალექსანდრამ დედამთილის მოლოდინები გაამართლა და არაერთი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. 1864 წელს, პრინცი ალბერტის შემდეგ, მან 1865 წელს პრინცი ჯორჯი გააჩინა, რასაც 1867 წელს პრინცესა ლუიზას, 1868 წელს პრინცესა ვიქტორიას, ხოლო უკვე 1869 წელს პრინცესა მაუდის დაბადება მოჰყვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მისი ყველა შვილი ნაადრევად დაიბადა. როგორც შემდგომში გაირკვა, დედოფალთან დაძაბული ურთიერთობის მქონე ალექსანდრა შეგნებულად ასახელებდა ბავშვების ჩასახვის მცდარ თარიღებს, რათა ვიქტორია მშობიარობებს ვერ დასწრებოდა. 1867 წელს მშობიარობის შემდეგ დაწყებულმა ხანგრძლივმა რევმატულმა ცხელებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლეს.

ბრიტანულ საზოგადოებაში დანიელი პრინცესა დიდი სიმპათიით სარგებლობდა, როგორც „ღირსეული, მომხიბვლელი, მოსიყვარულე და სასიამოვნო პიროვნება“. იგი ჩართული იყო მრავალ სოციალურ აქტივობაში, მათ შორის ცეკვასა და ყინულზე სრიალში, ამასთან ალექსანდრას ჯირითიც უყვარდა. მას ძალიან მოსწონდა ნადირობაც, რაზეც დედოფალმა ვიქტორიამ მოუწოდა, რომ არ იყო ქალბატონისათვის შესაფერისი საქმე და თავის დანებება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

უელსის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა დანიელი 1864 წელს

პრინცი ედუარდი და პრინცესა ალექსანდრა 1868 წლის აპრილში ირლანდიას ესტუმრნენ. ამ დროს მას ახალი გადატანილი ჰქონდა მშობიარობის შემდგომი გართულებები და უკვე მეოთხე ბავშვზე იყო ორსულად. ირლანდიიდან დაბრუნებისთანავე წყვილი ევროპაში გაემგზავრა, სადაც ექვსთვიანი ტურნე გაატარეს 1868-69 წლებში, რა დროსაც ეწვივნენ ჯერ ავსტრიას, შემდეგ კი ეგვიპტეშიც ჩავიდნენ, უკანა გზაზე კი საბერძნეთში ალექსანდრამ თავის ძმას, გეორგიოსს შეუარა. საბერძნეთის შემდეგ წყვილმა სტამბოლის ნახვა მოისურვა, რის გამოც ისინი თურქეთში ჩავიდნენ, რა დროსაც ისინი სულთანმა აბდულაზიზმა დიდი პატივით მიიღო. ალექსანდრამ დაათვალიერა სულთნის ჰარამხანაც და იგი გახდა ევროპის ისტორიაში პირველი ქალი მონარქი, რომელმაც სულთანთან ერთად ისადილა.

დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულმა უელსის პრინცმა და პრინცესამ თავიანთ ახალ რეზიდენციად სენდრინგჰემის სასახლე აქციეს. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ მათი ქორწინება მრავალ ასპექტში ბედნიერი იყო. აქვე არსებობს მოსაზრებაც, რომ ქალების მოყვარული ედუარდი ცოლს არ უთმობდა იმდენ ყურადღებას, რამდენსაც იგი ითხოვდა, რაც იმითაც დასტურდება, რომ 1871 წელს, როდესაც ალექსანდრას ტიფოიდური ცხელება დაემართა[3], პრინცი მის მოსანახულებლად არ მისულა. თუმცაღა მის ამ საქციელს იმ გამართლებას უძებნიან, რომ იგი ტახტის მემკვიდრე იყო და არსებობდა დაავადების გადადების რისკი. ამასთან, მათ ახლო ურთიერთობას მოწმობდა ალექსანდრას ხშირი ორსულობებიც, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, უელსის პრინცი საჯარო კრიტიკის მსხვერპლი გახდა, რადგან მან ავადმყოფი მეუღლე მიატოვა. ამასთან, მთელი ქორწინების განმავლობაში ედუარდი სრულიად ღიად განაგრძობდა ურთიერთობას სხვა ქალებთან. მისი მრავალი საყვარლიდან აღსანიშნავნი არიან ლილი ლენგტრი, დეიზი გრევილი, აგნეს კეიზერი და ალისა კეპელი. თავად ალექსანდრამ იცოდა თავისი ქმრის ყველა რომანისა და ურთიერთობის შესახებ, თუმცა დედის რჩევისამებრ მათ ყოველთვის აიგნორებდა. ამასთან, იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ქმრის ერთგული მეუღლე იყო.

უელსის პრინცესა 1881 წელს

ასაკის მატებასთან ერთად ალექსანდრას გენეტიკური მემკვიდრეობით გადაცემულმა მზარდმა სიყრუემაც იჩინა თავი, რის გამოც საბოლოოდ იგი ხალხში დიდად აღარ გადიოდა და დროს სასახლეში, შვილებთან და შინაურ ცხოველებთან ატარებდა. მისი მეექვსე და საბოლოო ორსულობა 1871 წლის ივლისში ვაჟის გაჩენით დასრულდა, თუმცა ბავშვი მეორე დღესვე გარდაიცვალა. უელსის პრინცესამ ამ ამბის მიჩქმალვა მოისურვა, თუმცა დედოფალმა ვიქტორიამ სამეფო კარზე გლოვა გამოაცხადა, რასაც ბრიტანული პრესის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა და ჩვილის გარდაცვალებას მათ „უვარგისი აბორტი“ უწოდეს. მიუხედავად ამისა, ჩვილი ყველა წესის დაცვით, უინძორში დაკრძალეს, სამეფო ოჯახის სხვა წევრების გვერდით.

1875-76 წლებში, რვა თვის განმავლობაში პრინცი ედუარდი ინდოეთში იმყოფებოდა სამოგზაუროდ, თუმცა ალექსანდრა ლონდონში დარჩა. ინდოეთში ყოფნისას უელსის პრინცმა მოახერხა დიდ სკანდალში გახვეულიყო, რამაც ცუდად იმოქმედა პრინცესაზეც. ამის გამო 1877 წელს ალექსანდრა კვლავ საბერძნეთში, თავის ძმასთან გაემგზავრა, სადაც მან სასიამოვნო დრო გაატარა, რადგან მას ერთობ მოსწონდა ბერძნული კლიმატი და სამეფო კარი. რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში ალექსანდრა აშკარად გამოდიოდა რუსეთის მხარეს, სადაც მისი საყვარელი და იყო გათხოვილი. ამავდროულად მისმა უფროსმა ვაჟებმა სამხედრო განათლების მიღება დაიწყეს, რის გამოც სამი წლით დაშორდნენ დედას. ცნობილია, რომ ალექსანდრა ვაჟებს ცრემლებით გამოემშვიდობა და შემდგომი პერიოდი მისთვის ძალიან რთული იყო. 1881 წელს ალექსანდრა და ედუარდი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრნენ, რისი მიზეზიც იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობა გახდა. უელსის პრინცი და პრინცესა ბრიტანეთის წარმომადგენლები იყვნენ რუსეთში, სადაც ახალი იმპერატორის, ალექსანდრე III-ის ტახტზე ასვლას ზეიმობდნენ, რითაც ალექსანდრას და, მარია ფიოდოროვნა რუსეთის ახალი იმპერატრიცა გახდა. რეალურად ალექსანდრა ცდილობდა დახმარებოდა თავის დას პეტერბურგში კომფორტულად მოწყობაში, რადგან მარია ფიოდოროვნას რუსეთში სამშობლოდან არავინ ჰყავდა, დის ყოლა კი ამხნევებდა.

ალექსანდრა 1889 წელს

პრინცესა ალექსანდრა მრავალ საზოგადოებრივ საქმეს აკეთებდა. დედოფალი ვიქტორია ამაზე ამბობდა:

ვიკიციტატა
„იგი ძალიან მეხმარება დამღლელი და დაძაბული მოვალეობების შესრულებაში. ის ჩემ ნაცვლად ხსნის ბაზრებს, ესწრება კონცერტებს, სტუმრობს საავადმყოფოებს... იგი არამედ არ ჩივის ამაზე, არამედ ცდილობს დაამტკიცოს, რომ სიამოვნებს სხვისთვის ტვირთის შემსუბუქება. მის გარეშე ნამდვილად რთული იქნებოდა.“

იგი მართლაც რეგულარულად სტუმრობდა ლონდონის საავადმყოფოებს. „სპილო კაცად“ წოდებული ჯოზეფ მერიკი ერთ-ერთია იმ პაციენტებს შორის, რომელთაც ალექსანდრა პირადად შეხვდა. ჩვეულებრივ, საზოგადოებაში გასვლისას ხალხი პრინცესას აღტაცებით ხვდებოდა, თუმცა 1885 წელს ირლანდიაში ვიზიტისას მას მტრულად დახვდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ იგი ირლანდიელი ნაციონალისტების მთავარ ქალაქს ეწვია, სადაც ცხადია ცუდად შეხვდნენ ბრიტანეთის მომავალ დედოფალს. ამ ვიზიტისას მას და მის ქმარს კეტებითა და ალესილი შავი დროშებით შეიარაღებული 2,000 ირლანდიელი დაესხა თავს, თუმცა გადარჩნენ. იმავე ვიზიტის ფარგლებში იგი დუბლინში ტრინტის კოლეჯის მუსიკალურ დოქტორანტებს ეწვია.

1892 წელს მისი უფროსი ვაჟის, კლარინსის ჰერცოგ ალბერტის გარდაცვალება ალექსანდრასთვის მძიმე დარტყმა იყო. პრინცესის ბრძანებით ალბერტის ოთახი და ნივთები ხელშეუხებლად ინახებოდა ზუსტად ისე, როგორც მან დატოვა. ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრამ განაცხადა:

ვიკიციტატა
„მე დავმარხე ჩემი ანგელოზი და მასთან ერთად ჩემი ბედნიერებაც“

ალექსანდრასა და ალბერტის წერილებიდან ირკვევა, რომ დედა-შვილს ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. ამ ამბიდან მალევე, 1894 წელს გარდაიცვალა მისი სიძე, იმპერატორი ალექსანდრე III-ც, რის შემდეგაც რუსეთის იმპერატორი მისი დისწული, ნიკოლოზ II გახდა. აღსანიშნავია, რომ ამის გამო ალექსანდრა ქმართან ერთად კიდევ ერთხელ ჩავიდა პეტერბურგში დაქვრივებული დის გასამხნევებლად. ცნობილია ისიც, რომ ამ პერიოდში ალექსანდრას დასთან ერთად ერთ ოთახში ეძინა, მასთან ერთად ჭამდა და მარტო არასდროს ტოვებდა. ასე გაგრძელდა ალექსანდრეს დაკრძალვიდან შემდეგი ორი კვირა.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფის მეუღლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ალექსანდრა 1905 წელს

1901 წელს დედამთილის, დედოფალი ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII ხდება, რითაც ალექსანდრა დანიელი მსოფლიოს უდიდესი იმპერიის დედოფალი გახდა. ამ ამბიდან სულ ორ თვეში მისმა ვაჟმა, უკვე უელსის პრინცმა ჯორჯმა თავის ცოლთან, პრინცესა მარია ტეკელთან ერთად დატოვა სამეფო კარი და სამოგზაუროდ წავიდა, თავისი შვილები კი ალექსანდრას და ედუარდს დაუტოვა. მისი დაბრუნებისას უესტმინსტერი უკვე ახალი მეფე-დედოფლის საკურთხევლად იყო მომზადებული. კორონაცია 1902 წლის ივნისსში უნდა შემდგარიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე მეფეს აპენდიციტი გაურთულდა. კორონაცია გადაიდო, თუმცა ალექსანდრა ყველა სამხედრო აღლუმს მის ნაცვლად ესწრებოდა სახალხო პანიკის და კრიტიკის თავიდან ასაცილებლად. საბოლოოდ ედუარდს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი გამოჯანმრთელებისთანავე, 1902 წლის 9 აგვისტოს უესტმინსტერის სააბატოში ალექსანდრა დანიელი და ედუარდ VII დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე-დედოფლად აკურთხეს. ცერემონიალს კენტერბერისა და იორკის არქიეპისკოპოსები უძღვებოდნენ.

მიუხედავად დედოფლად გახდომისა, ალექსანდრას მოვალეობები დიდად არ შეცვლილა, რადგან იგი ჯერ კიდევ პრინცესობის დროს ასრულებდა თავისი დედამთილის ნაცვლად მრავალ წოდებრივ-წარმომადგენლობით მოვალეობას. ცნობილია, რომ მან თავისი ერთგული მსახური, შარლოტა ნოლისი დიდად დაასაჩუქრა წლების განმავლობაში ერთგული სამსახურისათვის. როდესაც 1903 წლის 10 დეკემბერს დედოფლის პალატებს ცეცხლი გაუჩნდა და მძინარე ალექსანდრა კინაღამ კვამლმა გაგუდა, იგი სწორედ შარლოტამ გადაარჩინა სიკვდილს. მეფის ბიძაშვილმა, მეკლენბურგ-შტრელიცის დიდმა ჰერცოგინია ავგუსტა კემბრიჯელმა განაცხადა კიდეც, რომ ალექსანდრას გადარჩენისათვის ყველა „შარლოტას უნდა უმადლოდეს“.

1905-1906 წლებში მისი ვაჟი და რძალი ინდოეთში გაემგზავრნენ სამოგზაუროდ, რა დროსაც მათ შვილებს კვლავ ალექსანდრა უვლიდა. იმავე, 1906 წლის იანვარში ალექსანდრას მამა, დანიის მეფე კრისტიან IX გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფე ალექსანდრას ძმა, ფრედერიკ VIII გახდა. ოჯახთან და დანიასთან კავშირების შესანარჩუნებლად ალექსანდრამ და მისმა დამ, რუსეთში მცხოვრებმა მარია ფიოდოროვნამ ერთობლივი ხარჯებით იყიდეს ვილა კოპენჰაგენის გარე უბანში.

დედოფალი ალექსანდრა (მარჯვნივ) და მისი და, რუსეთის იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნა.

დედოფალმა ალექსანდრამ თავიდანვე უარი თქვა ბრიფინგულ საბუთებზე წვდომაზე, რაც უზრუნველყოფდა მის დიპლომატიურ საკითხებში ჩაურევლობას და გამორიცხავდა მის მონაწილეობას უცხოურ მოგზაურობებში. მას არ უყვარდა და საერთოდ არ ენდობოდა გერმანელებს და ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მათ, რაც ხელს უშლიდა ბრიტანეთ-გერმანიის ალიანსის გაგრძელებას. მაგალითად, ჯერ კიდევ 1890 წელს ალექსანდრამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა გერმანიისთვის კუნძულ ჰელიგოლანდის გაცვლაზე ზანზიბარის კოლონიაში, ვინაიდან მისი აზრით ეს კუნძული ერთობ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო, რაც გერმანელებს ინდოეთზე მარტივად თავდასხმის საშუალებას მისცემდა. აქედან დაიწყო გერმანიის აგრესია ბრიტანეთთან მიმართებაში, რომელიც წლების განმავლობაში მწვავდებოდა ალექსანდრას გავლენით. მისი ბრძანებით ბრიტანელმა სამხედრობმა ჩუმად გაამაგრეს კუნძული, რის გამოც გერმანელებმა თავდასხმისას ვერ მოახერხეს მისი აღება. ამით მისი მოლოდინები გამართლდა, რის გამოც დედოფალმა პრემიერ-მინისტრის მხრიდან შექება დაიმსახურა. ამის პარალელურად გერმანიაში აშკარად გმობდნენ ალექსანდრასა და მისი დას, მარია ფიოდოროვნას, რომლებიც ბრიტანეთსა და რუსეთში ანტიგერმანულ პოლიტიკას ატარებდნენ. დედოფალმა ალექსანდრამ სრულიად ღიად შეურაცხყო თავისი მულის, ვიქტორიას ვაჟი, გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II და მას „შინაგანად ჩვენი მტერი“ უწოდა.

1910 წელს ალექსანდრა გახდა ბრიტანეთის ისტორიაში პირველი დედოფალი, რომელიც პარლამენტში თემთა პალატის დეპატებს დაესწრო. ამ ამბიდან მალევე იგი მესამედ გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მას სიხარულით დახვდა მისი ძმა, მეფე გეორგიოსი. საბერძნეთში ჩასვლიდან რამდენიმე კვირაში დედოფალმა მიიღო შეტყობინება, რომ მეფე ედუარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა. ალექსანდრა სასწრაფოდ დაბრუნდა ლონდონში, მეორე დღეს, 1910 წლის 6 მაისს კი ედუარდ VII გარდაიცვალა. ცნობილია, რომ უკანასკნელ საათებში დედოფალი თავად ზრუნავდა მეფეზე. მას მისი ჟანგბადის ცილინდრი თავად ეჭირა და სუნთქვაში ეხმარებოდა. მეუღლის გარდაცვალებამ იგი აგონიაში ჩააგდო და დიდ ხანს ვერ ხვდებოდა რა მოხდა. მოგვიანებით მან დატოვა სამეფო სასახლე, რადგან ედუარდს აგონებდა და მალბოროს სახლში გადავიდა. ამის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, ჯორჯ V-მ დაიკავა.

მეფის დედა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედა-დედოფალი ალექსანდრა 1923 წელს

ედუარდის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრა დედა-დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ 1911 წელს იგი არ დასწრებია თავისი ვაჟის კორონაციას, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ უკვე კურთხეული დედოფალი სხვა მეფის ან დედოფლის კურთხევას არ უნდა დასწრებოდა. ამის შემდეგ მან თავისი ცხოვრება საქველმოქმედო საქმიანობას მიუძღვნა. მის უმთავრეს ღონისძიებას წარმოადგენდა შშმ პირების მიერ შექმნილი ხელოვნური ვარდების გაყიდვა და შემოსული თანხებით საავადმყოფოების დაფინანსება. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დედოფალი ალექსანდრა მიემხრო თავის ვაჟს და აქტიურად მონაწილეობდა ანტიგერმანული ბანერების გაკეთებაში, რომელთა ძირითადი მესიჯი მარტივი იყო: „დავაღწიოთ თავი ამ საძულველ გერმანელებს“. 1916 წლის 17 სექტემბერს გერმანელების მიერ ცეპელინით განხორციელებული საჰაერო თავდასხმა ალექსანდრასაც შეეხო, თუმცა იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. სულ მალე უარესიც მოხდა და რუსეთში განხორციელებული რევოლუციის გზით ჩამოაგდეს მისი დისწული ნიკოლოზ II. არისტოკრატიის უმეტესობამ რუსეთი დატოვა. რუსი დიდებულების შეფარებაზე აქტიურად მუშაობდნენ ალექსანდრა და მისი ძმისწული, დანიის მეფე კრისტიან X. მომდევნო წელს ნიკოლოზ II მის ცოლთან და შვილებთან ერთად ბოლშევიკებმა დახვრიტეს. მარია ფიოდოროვნა არ იჯერებდა ოჯახის წევრების დახოცვის ამბავს, რის გამოც ბოლომდე რუსეთში რჩებოდა და მათ მოძებნას ცდილობდა, თუმცა ალექსანდრამ მოახერხა დაზე გავლენის მოხდენა და მისი სამშვიდობოს, ლონდონში ჩაყვანა. 1919 წელს მარია ფიოდოროვნა თავის ქალიშვილებთან ერთად ჩავიდა ლონდონში, სადაც გარკვეული დროით ალექსანდრასთან ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ დანიაში დაბრუნდა.

ცნობილია, რომ ღრმა ასაკშიც კი დედოფალი ალექსანდრა ცდილობდა ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას. ამის გამო იგი ყოველთვის მძიმე მაკიაჟს იკეთებდა, რათა ნაოჭები და ძარღვები დაეფარა. ამის გამო სამეფო ქრონიკების მიხედვით მისი სახე „მინანქარივით“ იყო. ჯანმრთელობის შერყევის გამო ბოლო წლებში იგი საზღვარგარეთ აღარ წასულა. 1920 წელს ცალ თვალში სისხლძარღვი გაუსკდა, რის გამოც ნაწილობრივ დაბრმავდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მისი მეხსიერება და მეტყველებაც გაუარესდა. იგი გარდაიცვალა 1925 წლის 20 ნოემბერს სანდრინგჰემის სასახლეში, ნორფოლკში, 80 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. იგი 28 ნოემბერს დაკრძალეს უინძორის სასახლის წმინდა ჯეიმზის სახელობის სამლოცველოში, ედუარდ VII-ის გვერდით.

ტიტულები და ჰერალდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები და წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1 დეკემბერი, 1844 - 31 ივლისი, 1853: მისი უმაღლესობა პრინცესა ალექსანდრა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდენბურგ-გლუქსბურგელი;
  • 31 ივლისი, 1853 - 21 დეკემბერი, 1858: მისი უმაღლესობა დანიის პრინცესა ალექსანდრა;
  • 21 დეკემბერი, 1858 - 10 მარტი, 1863: მისი სამეფო უმაღლესობა დანიის პრინცესა ალექსანდრა;
  • 10 მარტი, 1863 - 22 იანვარი, 1901: მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცესა;
  • 22 იანვარი, 1901 - 6 მაისი, 1910: მისი უდიდებულესობა დედოფალი;
  • 6 მაისი, 1910 - 20 ნოემბერი, 1925: მისი უდიდებულესობა დედოფალი ალექსანდრა;

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1901 წელს ალექსანდრა 1488 წლის შემდეგ პირველი ქალი გახდა, რომელიც გარტერის ლედი გახდა. ამას გარდა, იგი ფლობდა ვიქტორიასა და ალბერტის პირველი კლასის სამეფო ორდენს. იგი ასევე იყო ინდოეთის გვირგვინისა და წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის ორდენთა კავალერი. 1918 წლის 1 იანვარს ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერიც გახდა.

რაც შეეხება სხვა, უცხოურ ჯილდოებს, 1863 წლის 23 ივნისს პორტუგალიის მეფისაგან მიიღო წმინდა დედოფალ ისაბელ არაგონელის სახელობის ორდენი, რასაც 1865 წლის 25 მაისს რუსეთის იმპერატორისაგან წმინდა ეკატერინეს, ხოლო 1872 წლის 11 თებერვალს ესპანეთის მეფისაგან დედოფალ მარია ლუიზას სახელობის ორდენის გადაცემა მოჰყვა. 1902 წელს, მისი კორონაციის აღსანიშნავად იაპონიის იმპერატორმა მუცუჰიტომ ალექსანდრა წმინდა გვირგვინის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. ამასთან, სპარსეთის შაჰისაგან გადაეცა მზის, ხოლო ოსმალეთის სულთნისგან ქველმოქმედის ორდენი.

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალ ალექსანდრას სამეფო გერბი, რომელის პერსონალურად მისთვის შეიქმნა ქორწინების შემდეგ


შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ალბერტი 8 იანვარი, 1864,

უინძორი, დიდი

ბრიტანეთი

14 იანვარი, 1892

ნორფოლკი, დიდი

ბრიტანეთი

(28 წლის)

კლარინსისა და ევონდეილის ჰერცოგი. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით სწორედ ის იყო

ცნობილი სერიული მკვლელი, მეტსახელად ჯეკ მფატრავი. იგი დანიშნული იყო თავის

ბიძაშვილ მარია ტეკელზე, თუმცა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, გრიპის ეპიდემიისას

გარდაიცვალა, უშვილოდ.

ჯორჯ V 3 ივნისი, 1865,

ლონდონი, დიდი

ბრიტანეთი

20 იანვარი, 1936,

ნორფოლკი, დიდი

ბრიტანეთი

(70 წლის)

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე, ინდოეთის იმპერატორი 1910-1936 წლებში.

1917 წელს დააარსა უინძრების დინასტია. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია

ტეკელი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, მათ შორის მომავალი ორი მეფე: ედუარდ VIII

და ჯორჯ VI.

ლუიზა 20 თებერვალი, 1867,

ლონდონი, დიდი

ბრიტანეთი

4 იანვარი, 1931,

ლონდონი, დიდი

ბრიტანეთი

(63 წლის)

დიდი ბრიტანეთის სამეფო პრინცესა. 1889 წელს ცოლად გაჰყვა ფაიფის ჰერცოგ

ალექსანდრე დაფს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი და დაქვრივდა 1912 წელს,

თუმცა მეორედ აღარ გათხოვილა.

ვიქტორია 6 ივლისი, 1868,

ლონდონი, დიდი

ბრიტანეთი

3 დეკემბერი, 1935,

ლონდონი, დიდი

ბრიტანეთი

(67 წლის)

სახელი დაარქვეს ბებიის, დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად. მისი მრავალი

საქმროდან ყველაზე ცნობილია პორტუგალიის მეფე კარლუშ I, თუმცა მასთან, ისევე

როგორც ყველა სხვასთან, მოლაპარაკებები ჩაიშალა და იგი გარდაიცვალა გაუთხოვარი და

უშვილო.

მაუდი 26 ნოემბერი, 1869,

ლონდონი, დიდი

ბრიტანეთი

20 ნოემბერი, 1938,

ლონდონი, დიდი

ბრიტანეთი

(68 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-ს, რომელთანაც შეეძინა

ერთი ვაჟი, მომავალი მეფე ულაფ V. მისი შვილიშვილია ნორვეგიის ამჟამინდელი მეფე

ჰარალდ V, ხოლო შვილთაშვილია კრონპრინცი ჰოკონი.

მაუდის შემდეგ ალექსანდრამ 1871 წლის 6 აპრილს კიდევ გააჩინა ერთი ვაჟი, პრინცი ალექსანდრე, რომელიც მეორე დღეს, 7 აპრილს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მას ბავშვები აღარ გაუჩენია.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Battiscombe, Georgina (1969). Queen Alexandra (London: Constable) ISBN 0-09-456560-0
  • Bentley-Cranch, Dana (1992). Edward VII: Image of an Era 1841–1910 (London: Her Majesty's Stationery Office) ISBN 0-11-290508-0
  • Duff, David (1980). Alexandra: Princess and Queen (London: Collins) ISBN 0-00-216667-4
  • Ensor, R. C. K. (1936). England 1870–1914 (Oxford University Press)
  • Hough, Richard (1992). Edward & Alexandra: Their Private And Public Lives (London: Hodder & Stoddart) ISBN 0-340-55825-3
  • Priestley, J. B. (1970). The Edwardians (London: Heinemann) ISBN 0-434-60332-5
  • Windsor, The Duke of (1951). A King's Story: The Memoirs of H.R.H. The Duke of Windsor K.G. (London: Cassell and Co.)
  • Louda, Jiří; Maclagan, Michael (1999). Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe. London: Little, Brown. p. 51. ISBN 1-85605-469-1.
  • Pinches, John Harvey; Pinches, Rosemary (1974). The Royal Heraldry of England, Heraldry Today. (Slough, Buckinghamshire: Hollen Street Press). ISBN 0-900455-25-X. p. 260.
  • Afsaneh Najmabadi (2005), Women with mustaches and men without beards: Gender and sexual anxieties of Iranian modernity (PDF), University of California Press, p. 265, ISBN 0-520-24262-9
  • 16.
  • The London Gazette (Supplement). 12 February 1901. p. 1139.
  • Kelly's Handbook to the Titled, Landed and Official Classes for 1918 (London: Kelly's Directories) p. 24.
  • Vickers, Hugo (1994). Royal Orders. Boxtree. p. 166. ISBN 1852835109.
  • Bragança, Jose Vicente de (2014). "Agraciamentos Portugueses Aos Príncipes da Casa Saxe-Coburgo-Gota" [Portuguese Honours awarded to Princes of the House of Saxe-Coburg and Gotha]. Pro Phalaris (in Portuguese). 9–10: 12–13. Retrieved 28 November 2019.
  • Maclagan, Michael; Louda, Jiří (1999). Lines of Succession (London: Little, Brown). ISBN 1-85605-469-1. p. 49.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იგი შემდეგში სრულიად რუსეთის იმპერატრიცა გახდა მარია ფიოდოროვნას სახელით
  2. პრინცი ალბერტი 1862 წელს გარდაიცვალა, რის გამოც არა მხოლოდ ალექსანდრას, არამედ მისი მულის, პრინცესა ალისას ქორწილიც ასეთივე იყო.
  3. ამავე დაავადებით გარდაიცვალა ედუარდის მამაც, პრინცი ალბერტი