სონეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სონეტი (იტალ. sonneto), მყარი სალექსო ფორმა. შეიცავს 14 ტაეპს და ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ორი ოთხტაეპედია (კატრენი), მეორეში კი – ორი სამტაეპედი (ტერცეტი), ძირითადად სონეტის სამი სახეობაა გავრცელებული: 1) "იტალიური" – კატრენების რითმული სქემა: abab abab ან abba abba, ტერცეტების სქემა: cdc dcd ან cde cde; 2) "ფრანგული" – კატრენების სქემა: abba abba, ტერცეტების სქემა: ccd eed ან ccd ede; 3) "ინგლისური" (შექსპირული) abab cdcd efef gg. მაგრამ ვიდრე ამ "მყარ" კომპოზიციურ ნიშნებს შეიძენდა, იწერებოდა 16–,17– ან 20–ტაეპოვანი სონეტებიც. სონეტის სამშობლოდ იტალიაა მიჩნეული, XVI საუკუნიდან მოყოლებული კი შეიძლება ვილაპარაკოთ სონეტზე, როგორც დასავლურ ევროპულ საერთო პოეტურ მოვლენაზე.

წარმოშობა და გავრცელება[რედაქტირება]

სონეტი (იტალიურად – sonneto – «პატარა სიმღერა») დასაბამს კუნძულ სიცილიიდან იღებს, ის პირველად XIII საუკუნეში მოღვაწე პოეტის, ჯაკომო ლენტინის შემოქმედებაში გამოჩნდა. სონეტის სრულყოფა ერთი საუკუნის შემდგომ ტოსკანაში გაგრძელდა, თავდაპირველად გვიდო კავალკანტის ლექსებში დაღვინდა და საბოლოოდ სონეტის, როგორც პოეტური მოვლენის ზეობის ხანა ფრანჩესკო პეტრარკას ქმნილებების სახით გაეცნო და შეიძლება ითქვას შეერია იმ საერთო დინებას, რასაც რენესანსის ეპოქა ჰქვია. ფრანჩესკო პეტრარკას სონეტების უმრავლესობა მიძღვნილია, მისი სატრფოს, ლაურასადმი, სადაც იგი მის გარდაცვლილ გულის მესადუმლეს ხოტბითა და დიდებით ამკობს. პეტრარკას სონეტების კრებულმა წიგნის სახით დღის სინათლე 1470 წელს იხილა და შემდგომში მოედო მთელ დასავლეთ ევროპას. გამოძახილმაც არ დაახანა, პეტრარკას სონეტებს მიმდევრები მთელი ევროპის მასშტაბით გამოუჩნდნენ: ლუიშ დი კამოენსი პორტუგალიაში, გონგორა ესპანეთში, უაიეტი და შექსპირი ინგლისში და ა.შ. საფრანგეთში სონეტი ფრანსუა I–ისა და ანრი II–ის დროს გამოჩნდა 1530–1540–იან წლებში პოეტების – მაროს, ლუიზა ლაბეს და სენ–გალეს – ძალისხმევის შედეგად. 1549–1550 წლებში კი ჟოაშენ დიუ ბელემ სონეტების პირველი კრებული გამოაქვეყნა საფრანგეთში.

ჟოაშენ დიუ ბელეს კრებულში და ასევე "პლეადის" წარმომადგენელი სხვა პოეტების შემოქმედებაში სონეტის თემატიკა სცილდება მარადიული და ზეციური სასიყვარულო ლირიკის ჩარჩოებს და საბოლოოდ პიერ რონსარის შემოქმედებაში, შეიძლება ითქვას, რომ სონეტი საფრანგეთში ხელმეორედ დაიბადა.

XVII საუკუნეში სონეტი ძირითადად სალონურ სალაღობო საშუალებას წარმოადგენდა, უფრო მასიური მოვლენა გახდა და თავისი პირვანდელი მიმზიდველობა დროებით დაკარგა. ამ დროის შემოქმედნი დიდი მგზნებარებით კამათობდნენ სონეტის არსისა და რაობის შესახებ, საქმე იქამდეც კი მივიდა რომ ბუალომ 1694 წელს დაწერილ შრომაში "პოეტური ხელოვნება" ("l’Art Poétique") სონეტის ფორმა მკაცრად დააკანონა, რამაც სონეტის დროებითი კვდომა გამოიწვია. რომანტიზმის ეპოქამდე სონეტი, მხოლოდ სალონებში განაგრძნობდა არსებობას, როგორც ელიტის თავშესაქცევი საშუალება და, როგორც ყოველ მასბორივად ქცეულ "გასართობს" ემართება ხოლმე, ამ დროს დაწერილი სონეტებიც ვერ ბრწყინავენ მხატვრული ღირებულებებითა თუ კონცეპტუალური სიახლეებით.

სანამ სონეტისათვის საფრანგეთში უძრაობის ხანა იდგა, ინგლისში ამ სალექსო ფორმამ ახალი სიდიადით გაიბრწყინა, 1609 წელს უილიამ შექსპირის სონეტების გამოქვეყნების შემდეგ. ამ სონეტების კრებულის წყალობით შექსპირი დღემდე ინგლისელთა უდიდეს პოეტად არის შერაცხილი და კულტურული მნიშვნელობით მსოფლიო პოეზიის საგანძურშია შესული. შექსპირის სონეტები რენესანსული მსოფლხმედველობის ახლებურ ხედვას გამოხატავს. მსოფლმხედველობით–ფილოსოფიურ პლანში ეს არის დროის ფართო, სიმბოლური, ხოლო მაღალმხატვრულ–ესთეტიკურ პლანში კი – მასთან დაკავშირებული წუთისოფლის სიმოკლისა და მარადისობის, სილამაზის ფარდობითობისა და მარადიული მნიშვნელობის, ვერაგობისა და სიყვარულის მარადიული ურთიერთჭიდილის გააზრება.

რომანტიზმმა სონეტს ახლად შთაბერა სული და ერთობლივად ევროპის სხვადასხვა კუთხეში ახლებური ჟღერადობა შესძინა კიტსის, უორდსუორთის, მიუსეს და სხვ. ლირიკაში. სონეტის ფორმალურმა შარმმა პარნასელი პოეტებიც არ დატოვა გულგრილი, თუმცა სონეტის ოქროს ხანა საფრანგეთში, პოეტურ ასპარეზზე შარლ ბოდლერის და "ფრანგული პოეზიის წმინდა სამებად" შერაცხული ტრიადის: ვერლენის, რემბოს და მალარმეს გამოჩენას უკავშირდება.

ევროპულ პოეზიაში სონეტი XX საუკუნეშიც ერთ–ერთი გავრცელებული სალექსო ფორმაა, რაინერ მარია რილკემ 1923 წელს ორფეოსისადმი მიძღვნილი, გარსია ლორკამ კი შავბნელი სიყვარულისადმი მიძღვნილი სონეტების კრებულები გამოაქვეყნეს. შარლ ბოდლერი ამბობდა, რომ სონეტში ყველაზე განმაცვიფრებელი "პითაგორული სილამაზეა", სადაც რიცხვთა ქორალის ჩარჩოებში მოქცეული პოეტი ამქვეყნიურობისა თუ იმქვეყნიურობისადმი მიძღვნილ ჰიმნებს ქმნის.

საქართველოში სონეტის ფორმას აქტიურად მიმართავდნენ ცისფერყანწელები, მათ შორის აღსანიშნავია ვალერიან გაფრინდაშვილის და პაოლო იაშვილის მიერ შექმნილი სონეტები.